ტორესიც კი გაიტანსო...

AutoSharing Option
ექვსი კვირა გავიდა მას მერე, რაც „არსენალმა“ მიმდინარე სეზონში ერთბაშად ოთხი ჯილდოს მოგებაზე ლაპარაკი შეწყვიტა. ხვალ, არსენ ვენგერს ბიჭები ბლექპულში მიჰყავს და კარგად იცის, რომ თუ ისევ დაუცდება ფეხი, დიდი შანსია ისევე, როგორც წინა ხუთი წლის განმავლობაში, ამჯერადაც ტიტულის გარეშე დარჩეს.

აქ, იმაზე აღარ არის ლაპარაკი, რომ „ქარლინგის თასის“ ფინალში გასულმა „ბირმინგემთან“ წაგება მოახერხა. აღარც ჩემპიონთა ლიგიდან და ფეხბურთის ასოციაციის თასიდან გამოვარდნას ჩივის ჩრდილო ლონდონელთა გულშემატკივარი. დღეს ეს ხალხი პრემიერლიგის ცხრილს ჩასცქერის და ხედავს, რომ მართალია „მანჩესტერ იუნაიტედზე“ ერთი თამაშით
ნაკლები აქვს ჩატარებული, მას შვიდი ქულით ჩამორჩება. თან, კალენდარსაც ხომ აქვს მნიშვნელობა? „იუნაიტედი“ დღეს „ფულჰემს“ მასპინძლობს, ლონდონელებს კი არ ჰყავთ ის გუნდი სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებს კვანტს რომ გამოსდებენ.

რასაკვირველია, ფეხბურთში, მით უმეტეს პრემიერლიგაში, ყველაფერი ხდება - მითუფრო, რომ „იუნაიტედს“ ბოლო წლებში, „კრეივენ კოტეჯზე“ მართლაც ჰქონდა პრობლემები, მაგრამ ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგაში „ჩელსის“ 1:0 დამარცხებით გახარებული მანჩესტერელები თავს მოდუნების უფლებას არ მისცემენ. თან, „კრეივენ კოტეჯისგან“ განსხვავებით „ოლდ ტრეფორდზე“ სულ „იუნაიტედი“ იმარჯვებს. ერთი ეგ არის, ფერგიუსონს შემადგენლობის გადახალისება მოუწევს, თორემ რამდენიმე დღეში ისევ „ჩელსისთან“ აქვს საპასუხო შეხვედრა.

ამრიგად, თუ დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ მოიგებს, 69 ქულა გაუხდება და 24 საათის განმავლობაში „მეთოფეთა“ გულშემატკივარს კიდევ უფრო არ ესიამოვნება ცხრილში ჩახედვა - იქ, უკვე ათქულიანი განსხვავება ეწერება.

ამ ტურის ყველაზე ხმაურიანი შეხვედრა ორშაბათ საღამოს გაიმართება: „ლივერპული“ „მანჩესტერ სიტის“ უმასპინძლებს. ორშაბათ საღამომდე ჯერ დიდი დროა, მანამდე ბევრი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ერთი ფაქტია: მერსისაიდელებს ბევრი წამყვანი ფეხბურთელი ჰყავთ დაშავებული, ისტლენდელები კი დიდ გულზე არიან: ხომ არ დაგავიწყდათ გასულ კვირას „სანდერლენდს“ ხუთი უპასუხო გოლი რომ გაუტანეს?

„სიტის“ ერთი ქულითა და ერთი თამაშით ჩამორჩება „ჩელსი“, რომელიც დღეს „უიგანს“ მასპინძლობს (ამ გუნდების ბოლო ორი შეხვედრა ლონდონელთა გამარჯვებით, 8:0 და 6:0 დასრულდა), „ტოტენჰემმა“ კი ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში მონაწილეობისთვის გაუარესებული მდგომარეობა უნდა გამოასწოროს, რისთვისა, უპირველეს ყოვლისა, დღეს, შინ, „სტოკ სიტის“ უნდა აჯობოს. „ჩელსისა“ და „უიგანის“ შეხვედრის წინ ცინიკოსები ხალისობენ, ამ შეხვედრაში გოლი შეიძლება თვით ფერნანდო ტორესმაც კი გაიტანოსო.

დავუბრუნდეთ „არსენალს“. „მეთოფეებს“ ობიექტურად მათზე სუსტი „სანდერლენდისთვის“, „ვესტ ბრომვიჩისა“ და „ბლექბერნისთვის“ რომ მოეგოთ, დღეს „იუნაიტედზე“ მხოლოდ ერთი ქულით იქნებოდნენ უკან და კიდევ ერთი თამაში თადარიგში ექნებოდათ, მაგრამ, მათ ჩამოთვლილ გუნდებთან ფრედ ითამაშეს და თავი ისეთ დღეში ჩაიგდეს, რომ 1 მაისს, ლიდერს, უშუალო დაპირისპირებაში რომც აჯობონ, თუ ის სხვა შეხვედრებს მოიგებს, მაინც ჩემპიონი გახდება.

„არსენალმა“ „ბლექპულს“ სეზონის დასაწყისში 6:0 მოუგო, მაგრამ ამჯერად სხვა ვითარებაა: წინა ტურში ვენგერის გუნდმა შინ „ბლექბერნს“ ვერ გაუტანა გოლი, არადა „ბლექბერნი“ ის გუნდია, რომელსაც სტუმრად ყველაზე მეტი გოლი აქვს გაშვებული.

„მეთოფეთა“ თავკაცმა თქვა: „ძნელია ახსნა რატომ მოხდა ასე, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მოედანზე ძალაგამოცლილები დავლასლასებდით, შეტევაში კი სიმწვავე გვაკლდა. ვუყურებდი ჩემი ფეხბურთელების თამაშს და საგონებელში ვიყავი. ვფიქრობ, ყველაფერი მენტალური პრობლემებიდან მოდის. სუსტად იმიტომ ვთამაშობდით, რომ ბრძოლის ჟინი არ გვქონდა. იმისათვის, რომ გოლი გაიტანო, მეტი მოწადინებაა საჭირო. ახლა, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა მოვიწადინოთ და იმაზე უკეთესი ფეხბურთი ვაჩვენოთ, ვიდრე „ბლექბერნთან“ შეხვედრაში ვაჩვენეთ.“


დღეს
ვულვერჰემპტონი-ევერტონი 15:45
ტრავმა: დოილი, ედუარდსი, ზუბარი, დევისი - საა, არტეტა, ბარკლი, ფელაინი

ბლექბერნი-ბირმინგემი 18:00
დისკვალიფიკაცია: ნზონზი, გულონი (ბლექ)
ტრავმა: ჯონსი, გრელა, ენდრიუსი - მაკფადენი, დანი

ბოლტონი-ვესტ ჰემი 18:00
ტრავმა: რიკეტსი, ნაითი, მ. დევისი, ჰოლდენი. ო’ბრეინი, სემუელი, გარდნერი - ედგარი, სტანისლასი, დაიერი, კოლისონი, კურუჟი

ჩელსი-უიგანი 18:00
დისკვალიფიკაცია: პაპოე (ჩელ)
ტრავმა: ალექსი (ჩელ)

მანჩესტერ იუნაიტედი-ფულჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: რუნი, მორისონი, პოგბა, ბრეიდი, ბლეკეტი, ევანსი (მანჩ)
ტრავმა: რაფაელი, ო’ში, ფლეტჩერი, ჰარგრივზი - კამარა, სენდეროსი

სანდერლენდი - ვესტ ბრომვიჩი 18:00
ტრავმა: მეილერი, ზენდენი - დორანსი, იბანიესი

ტოტენჰემი - სტოკი 18:00
ტრავმა: ვუდგეიტი, კინგი, ჰადლსტოუნი, ქაბული, პიენაარი, ჰატონი - ფაიე, ჰიგინბოტემი, სიდიბე


ხვალ
ბლექპული-არსენალი 16:30
ტრავმა: გილკსი, ბეშემი, კლარკი - დენილსონი, ჯურუ, შჩესნი, ფაბიანსკი, ვერმაელენი, ფლიმპონგი

ასტონ ვილა-ნიუკასლი 19:00
დისკვალიფიკაცია: დივაინი - ნოლანი, პირჩი, ტიოტე
ტრავმა: სანჩესი, აირლენდი, გოსლინგი, სმიტი, ბენ არფა (ყველა ნიუკასლი)


ზეგ
ლივერპული-მანჩესტერ სიტი
დისკვალიფიკაცია: კოდი (ლივერ)
ტრავმა: აგერი, ჯონსონი, კელი, ჯერარდი, აურელიო, შილვი - ბოატენგი, რიჩარდსი, გივენი


1. მანჩესტერი 31 19 9 3 68-32 66
2. არსენალი 30 17 8 5 59-29 59
3. სიტი 31 16 8 7 50-27 56
4. ჩელსი 30 16 7 7 54-25 55
5. ტოტენჰემი 30 13 11 6 41-34 50
6. ლივერპული 31 13 6 12 42-38 45
7. ევერტონი 31 9 14 8 42-41 41
8. ბოლტონი 31 10 10 11 43-43 40
9. ნიუკასლი 31 10 9 12 48-46 39
10. სტოკი 31 11 5 15 37-39 38
11. ფულჰემი 31 8 14 9 36-33 38
12. სანდერლენდი 31 9 11 11 33-41 38
13. ვესტ ბრომვიჩი 31 9 9 13 43-57 36
14. ბლექბერნი 31 9 7 15 39-51 34
15. ბირმინგემი 30 7 13 10 30-42 34
16. ასტონ ვილა 31 8 10 13 39-53 34
17. ბლექპული 31 9 6 16 45-63 33
18. ვესტ ჰემი 31 7 11 13 38-53 32
19. ვულვზი 31 9 5 17 36-53 32
20. უიგანი 31 6 13 12 29-51 31

ბომბარდირები: 20 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 19 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 13 - ბენტი (ასტონ ვილა); 12 - ნოლანი (ნიუკასლი); 11 - ვან პერსი (არსენალი), ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ქეროლი (ნიუკასლი); 10 - რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), დროგბა (ჩელსი), ელმანდერი (ბოლტონი), დემპსი (ფულჰემი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 9 - ადამი (ბლექპული), ტ. კეჰილი (ევერტონი), ასამოა (სანდერლენდი), მალუდა (ჩელსი), ნასრი (არსენალი), ნანი (მანჩესტერ იუნაიტედი), ტორესი (ლივერპული/ჩელსი), კემპბელი (ბლექპული).






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული