63 წლის კროენკს ამერიკულ სპორტულ კლუბებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მან თქვა:
„აღფრთოვანებული ვარ „არსენალში“ ფულისა და ენერგიის დახარჯვის საშუალება რომ მომეცა. მინდა გუნდმა ახალი ჯილდოები მოიპოვოს. იმედი მაქვს, რომ პიტერ ჰილ-ვუდი პატივს დაგვდებს და თავმჯდომარის თანამდებობაზე მუშაობას გააგრძელებს“.
სტენ კროენკი უმდიდრესი ადამიანია, რომელიც „არსენალის“ მეწილე 2008 წლიდან გახლავთ. ახლა მას ჩრდილოლონდონური კლუბის დარჩენილი წილის გამოსყიდვაც უნდა, თუმცა ცნობილია, რომ თავისი ჯიბიდან ფულის დადებას არ აპირებს. მოგეხსენებათ, „არსენალის“ ერთ-ერთი მთავარი აქციონერი, აქციათა 27 პროცენტის მფლობელი არის უზბეკი მილიარდერი ალიშერ უსმანოვი, რუსული „მეტალოინვესტის“ მთავარი ფიგურა. ამბობენ, რომ უსმანოვი ჯერჯერობით ფიქრობს გაყიდოს თუ არა „არსენალის“ წილი.
არსენ ვენგერი: „სტენ კროენკთან რამდენიმე წელიწადია რაც ვთანამშრომლობ და დარწმუნებული ვარ, რომ მას „არსენალის“ გაძლიერება გულით სწადია. კროენკს კარგად ესმის რა ტრადიციისა და ამბიციის კლუბთანაც აქვს საქმე და იცის, რომ ჩვენ ისეთი საფუძვლის ჩაყრა გვჭირდება, რომელიც მომავალში ხანგრძლივ წარმატებებს უზრუნველყოფს“.
„არსენალის“ თავმჯდომარე ჰილ-ვუდი: „დირექტორატის წევრები და მე ვგრძნობთ, რომ უპირველეს ყოვლისა გუნდის სული უნდა დავიცვათ. მინდა სიამოვნებით ავღნიშნო, რომ მართალია მისტერ კროენკი „არსენალში“ შედარებით ახალი კაცია, მაგრამ უკვე დაამტკიცა, რომ „მეთოფეთა“ ისტორიასა და ტრადიციებს პატივს სცემს. „არსენალი“ ხომ სპეციფიური კლუბია. იმედი მაქვს, რომ ის პოზიციას არც მომავალში შეიცვლის“.
კლუბის აღმასრულებელი შეფი აივან გაზიდისი: „არსენს ჩვენთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული. რაც ახლა ხდება აშკარად ეპოქის დასასრული გახლავთ, თუმცა ეს ახალი ეპოქის დასაწყისიც არის. არა მგონია ახალმა მეპატრონემ მოღვაწეობა რადიკალური ცვლილებებით დაიწყოს. მისტერ კროენკი სპორტში ჭიპმოჭრილი ადამიანია“.