ძმაკაცის გოლები

AutoSharing Option

„ლივერპულის“ ვარსკვლავი ენდი ქეროლი თავის ახლო მეგობარ ჯო ჰარტს თურმე ადრევე ეუბნებოდა, მერსისაიდელთა წითელი მაისურით ჩემს პირველ გოლს შენს კარში გავიტანო — მოგეხსენებათ, ჰარტი „მანჩესტერ სიტის“ გოლკიპერია, „ლივერპულმა“ კი „სიტის“ ორშაბათს 3:0 მოუგო. სამიდან ორი გოლი სწორედ ქეროლმა გაიტანა.

„სანი“ გვამცნობს, რომ ქეროლი და ჰარტი ინგლისის ნაკრების ბანაკში დამეგობრდნენ და ორშაბათს“, „ენფილდ როუდზე“ გამართული შეხვედრის წინ, ეგრეთწოდებული მოთელვის დროს ერთმანეთს ეხუმრებოდნენ.

„ჯოს თამაშის წინ ვუთხარი დღეს აუცილებლად გაგიტან, მეთქი — ყვება „ლივერპულში“ 35 მილიონ ფუნტად გადასული ნიუკასლელი — მართალია, ჩემს
ხუმრობაზე ისიც ხუმრობით მპასუხობდა და სიტყვას ბანზე მიგდებდა, მაგრამ მართლა გავიტანე და ძალიან მიხარია ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში სამი ქულა რომ მოვიპოვეთ. ამ გოლების გატანა ძალიან მჭირდებოდა, თუმცა ჰეთ თრიკი უკეთესი იქნებოდა. რასაკვირველია, მთავარია გუნდმა მოიგოს, მაგრამ მე აქ გოლებისთვის მომიყვანეს და ამიტომაც რაც მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.
„ლივერპულს“ მეხუთე ადგილზე გასვლის და ევროლიგაზე მოხვედრის შანსი, მოგეხსენებათ, აქვს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ევროშეჯიბრებაში მონაწილეობის გარეშე, ზაფხულში, „ენფილდზე“ გადასვლა შესაძლოა ბევრმა ვარსკვლავმა არ ინდომოს და ეს გუნდის გაძლიერებას არ წაადგება, მაგრამ ქეროლი სხვანაირად ფიქრობს:
„ჩვენ ძალიან დიდი კლუბი გვყავს და არ მესმის, ფეხბურთელებს აქ გადმოსვლა რატომ არ უნდა უნდოდეთ. ახლა გუნდის შეკრების და თამაშის დალაგების პროცესში ვართ“.

ქეროლის თამაშით ძალიან კმაყოფილი დარჩა „ლივერპულის“ მწვრთნელი, ლეგენდარული კენი დალგლიშიც. მან თქვა, რომ უკვე ხედავს ქეროლისა და ურუგვაელი ლუის სუარესის წყვილად თამაშის დიდ პერსპექტივას. „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში სუარესს, მართალია, გოლი არ გაუტანია, მაგრამ კარგად ითამაშა და ზემოთ ნახსენები მეკარე ჰარტის კარგი თამაში და ცოტა უიღბლობა რომ არა, ერთ ეპიზოდში მიზანთან ახლოსაც იყო. იანვარში 58 მილიონ ფუნტად ნაყიდ წყვილზე „კოპის მეფე კენიმ“ თქვა:
„თანდათანობით ნახავთ, რომ ენდისა და ლუისის პარტნიორობა მეტად და მეტად დაიხვეწება — ამის წინაპირობა აშკარად აშკარად გამოიკვეთა. მე თუ მკითხავთ, სუარესმა „მანჩესტერ სიტისთან“ შეხვედრაში დიდებულად ითამაშა და გოლი რომ ვერ გაიტანა, უიღბლობის ბრალია. მის დარტყმულს „სიტის“ მეკარემ თითი გაჰკრა და ის ძელს მოხვდა. ვფიქრობ, ქეროლისა და სუარესის წყვილში ეჭვი ისედაც არავის ეპარებოდა, მაგრამ ორშაბათს ყველაფერი მეტისმეტად აშკარად გამოჩნდა“.
ის ფეხბურთი, რომელიც „ლივერპულმა“ „მანჩესტერ სიტისთან“ ითამაშა, ჟურნალისტებმა დალგლიშის პოსტზე დანიშვნის შემდეგ საუკეთესოდ მიიჩნიეს. თავად მწვრთნელმა ამაზე ასე თქვა:

„ეს თამაში მართლაც სასიამოვნო საყურებელი იყო. ვერ გეტყვით ის საუკეთესო იყო თუ არა, მაგრამ სასიამოვნო რომ იყო, ფაქტია. არა მგონია, „სიტის“ ისე შებოჭვა, ორშაბათს ჩემმა ბიჭებმა რომ შებოჭეს, მარტივი საქმე იყოს. განსაკუთრებით კარგი იყო მეორე ტაიმი, როდესაც ჩვენ 3:0-ს ვიგებდით და თითქოს, ანგარიშის შენარჩუნება ყველაფერზე მთავარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ კიდევ შევქმენით საგოლე მომენტები“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული