დავაჩხავლოთ კატები!

AutoSharing Option

ალან პერდიუ ამბობს, „ნიუკასლ იუნაიტედი“ დარჩენილ ექვს შეხვედრას ისე უნდა მიუდგეს, თითქოს ომში მიდისო. „კაჭკაჭებს“ ძალიან სერიოზული ამოცანა ჰქონიათ გადასაწყვეტი — საძულველ „სანდერლენდზე“ მაღალი ადგილი უნდა დაიკავოს. დღეს „ნიუკასლი“ მე-9 ადგილზეა, „სანდერლენდი“ კი მეცამეტეზე. პერდიუ დარწმუნებულია, რომ „შავ კატებზე“ მაღლა დადგომა ქომაგებს ენდი ქეროლის წასვლით გამოწვეულ ტკივილს დაავიწყებს. ცნობისათვის: ნიუკასლიდან სანდერლენდამდე მანძილი 16 კილომეტრამდეა.
„ჩვენთვის „სანდერლენდზე“ მაღალი ადგილის დაკავება ძალიან მნიშვნელოვანი იქნება — თქვა „კაჭკაჭების“ თავკაცმა — ეს ჩვენს გუნდს სამომავლოდ დიდ ძალებს შთაბერავს. „შავ კატებს“ გასულ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე
აქტიურობის საშუალება ჰქონდათ, ჩვენ კი არა. თან, იანვარში წამყვანი ფეხბურთელი დავკარგეთ და ყოველივე ამის მერე მაინც „სანდერლენდზე“ მაღალ ადგილს თუ დავიკავებთ, ძალიან სახალისო ამბავი იქნება.

როდესაც ქეროლი ჩვენგან „ლივერპულში“ გადავიდა, ყველას ეგონა, რომ უმძიმეს დღეში ჩავვარდებოდით, მაგრამ, როგორც ხედავთ არც ისე ცუდად გვაქვს საქმე. ახლა, მთავარია, დარჩენილ შეხვედრებში მივაღწიოთ საუკეთესო შედეგს“.

ამასთან, მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ „ნიუკასლსა“ და „ლივერპულს“ შორის საუკეთესო ბიზნესპარტნიორობა ჩამოყალიბდა. ქეროლის ამბავი მთელს მსოფლიოს პირზე აკერია და ახლა, მერსისაიდელთა ოდინდელმა ფეხბურთელმა, დღეს ტელეჟურნალისტმა და ლივერპულის უნივერსიტეტის ლექტორმა ფილ ტომპსონმა განაცხადა, რომ ზაფხულში „კაჭკაჭები“ მერსისაიდელებს ესპანელ მცველ ხოზე ენრიკესაც მიჰყიდიან. ტომპსონი ერთ-ერთ ინტერვიუში ირწმუნებოდა, რომ კლუბებს შორის გარიგება უკვე შედგა, უბრალოდ „ნიუკასლი“ ამის გახმაურებას ერიდება. პერდიუმ შორს დაიჭირა:

„გარწმუნებთ, რომ კლუბებს შორის არანაირი გარიგება არ არსებობს. ხოსე ენრიკეს ჩვენთან ხელშეკრულება მომავალ ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მაგრამ საქმის იქამდე მიყვანა არ გვინდა. ჩვენ ვაპირებთ მცველს ახალი კონტრაქტი შევთავაზოთ და ამ მიმართულებით უკვე ვმუშაობთ. „ნიუკასლს“ საუკეთესო ფეხბურთელების გასხვისება არ უნდა, ხოსე კი ერთ-ერთი საუკეთესოთაგანია“.
თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ხოსე ენრიკეს გადაბირების მსურველი კლუბები ევროპაში მრავლად არიან. მარტო „ბაიერნისა“ და „მილანის“ დასახელება რა ღირს, თუმცა, თავად ესპანელი რაიმეს გადაწყვეტას არ ჩქარობს. მას, უპირველეს ყოვლისა აინტერესებს შეინარჩუნებს „ნიუკასლი“ ადგილს პრემიერლიგაში თუ ვერა.

„კაჭკაჭთა“ ხელმძღვანელები იმედოვნებენ, რომ ახალ კონტრაქტს ჯოი ბარტონსაც გაუფორმებენ, თუმცა ხოსე ენრიკესი არ იყოს, ჯერჯერობით მასაც გაჩუმება ურჩევნია. არ არის გამორიცხული ზაფხულში ახალი კლუბის ძებნა კაპიტანმა კევინ ნოლანმაც დაიწყოს.
„ნიუკასლის“ მწვრთნელმა სასიხარულო ამბავიც შეიტყო: შოლა ამეობი არც ისე მძიმედ ყოფილა დაშავებული როგორც ეგონათ. მას მუხლი სტკიოდა, თუმცა სკანირებამ აჩვენა, რომ ფფეხბურთელი მოედანს მალე დაუბრუნდება. სავარაუდოდ, ამეობი, შემდეგ სამშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ ითამაშებს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული