ინგლისური გაზეთები წერენ, რომ „ჩელსის“ მილიარდერი მეპატრონე რომან აბრამოვიჩი „ლურჯების“ მწვრთნელის თანამდებობაზე ჰოლანდიელი გუს ჰიდინკის დაბრუნებას ეცდება — კარლო ანჩელოტიმ მას უკვე თავი მოაბეზრა. რასაკვირველია, კლუბის წარმომადგენლები ოფიციალურად ჯერ არაფერს ამბობენ და ანჩელოტიმაც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დამარცხების შემდეგ, კობჰემის ბაზაზე, ჩვეულებრივ ჩაატარა ვარჯიში, მაგრამ ტაბლოიდებმა შეიტყვეს, რომ საკმარისია ჰიდინკს თანხმობა წამოცდეს, რომ საქმე დამთავრებულია. აბრამოვიჩს ანჩელოტის დიდ მწვრთნელობაში სერიოზულად შეპარვია ეჭვი. გამოვიდა ხმები, რომ რუსი ოლიგარქი იტალიელს აღარ მიიჩნევს იმ სპეციალისტად, რომელსაც „ჩელსის“ მომავალს ანდობს.
მოგეხსენებათ, ჰიდინკი „ჩელსის“
სულ სამი თვით ედგა სათავეში და აბრამოვიჩზე შთაბეჭდილება მოახდინა. ეს ამბავი 2009 წელს მოხდა, როდესაც „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „ბარსელონა“ კინაღამ დაამარცხა. ამ სამ თვეში ჰიდინკის ხელმძღვანელობით „ლურჯებმა“ 22 თამაშიდან მხოლოდ ერთი წააგეს. თუ გახსოვთ, მაშინ ჰოლანდიელი რუსეთის ნაკრებსაც წვრთნიდა — ხელფასს იქაც აბრამოვიჩი უხდიდა. დღეს ჰოლანდიელი თურქეთის ეროვნულ გუნდს ხელმძღვანელობს და ამბობს, რომ კონრაქტის დარღვევა არ სჩვევია. კიდევ, ჰიდინკი აცხადებს, რომ 64 წლის ასაკში ნაკრების მწვრთნელად მუშაობა ურჩევნია, მაგრამ აბრამოვიჩი იოლად არ დანებდება. გეხსომებათ, მან ჰიდინკს ჯერ „ჩელსის“ სპორტული დირექტორის, ფრენკ არნესენის თანამდებობა შესთავაზა, ახლა კი, როგორც ჩანს, ანჩელოტის შემცვლელობაც შეაპარა. საინტერესოა, რომ ამ კვირის დასაწყისში ჰიდინკზე ჰოლანდიური პრესაც წერდა. მისთვის მწვრთნელობა „აიაქსსაც“ შეუთავაზებია, მაგრამ მან ამსტერდამელები უარით გაისტუმრა. თუმცა, აბრამოვიჩი სხვაა, მისთვის უარის თქმა ძნელი საქმე გახლავთ. „ჩელსის“ კლუბში მომუშავე ერთმა ინკოგნიტო წყარომ განაცხადა, რომ ჰიდინკის დასავლეთ ლონდონში დაბრუნების ამბავი 80 პროცენტით გადაწყვეტილი საქმეა.
მწვრთნელის შეცვლის გარდა რუსი მილიარდერი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობასაც აპირებს. მისი მთავარი მიზანი ბრაზილიელი ვარსკვლავბიჭუნა ნეიმარია.