უემბლიდან უემბლისკენ

AutoSharing Option

მანჩესტერ სიტი-მანჩესტერ იუნაიტედი
დისკვალიფიკაცია: - რუნი, ბლეკეტი, მორისონი, ევანსი (იუნ)
ტრავმა: ტევესი, ბოატენგი, რიჩარდსი, გივენი (სიტი)
ბოლტონი-სტოკი
ტრავმა: კ. დევისი, ჰოლდენი, შ. დევისი, რიკეტსი - ფაიე, ჰიგინბოტემი, კარეუ, სიდიბე


„ეს ჩვენი სიტია“ - წერია მანჩესტერის ისტლენდში, დიდ პლაკატზე, იქ სადაც „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმი“ მდებარეობს. და ვინაიდან სიტი ინგლისურად ქალაქს ნიშნავს, გამოდის, რომ „მანჩესტერ სიტის“ გულშემატკივარს მთელი ქალაქის ბატონ-პატრონობაზე აქვს პრეტენზია, არადა იქ... თვით „მანჩესტერ იუნაიტედი“ ბინადრობს.

დღეს, საქართველოს დროით 20 საათსა და 15 წუთზე, მანჩესტერული გუნდები ერთმანეთს ხვდებიან. ეს
იქნება ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალური მატჩი, რომელიც ლონდონში, „უემბლიზე“ გაიმართება - ასეთი წესი აქვთ ინგლისელებს, ნახევარფინალების მერე, ქვეყნის მთავარ არენაზე თამაშობენ.

ისტლენდელებს ლონდონში თამაშთან დაკავშირებითაც აქვთ თავიანთი ხუმრობა - გინდა ლონდონში გვითამაშია და გინდა შინ, „იუნაიტედის“ ფანები ხომ დედაქალაქში არასდროს ყოფილან და „უემბლის“ ვერ მიაგნებენო. თუმცა, ეს ის ხუმრობაა, რომელშიც სიმართლის მარცვალი არ არის. ჯერ ერთი მანჩესტერიდან ლონდონში მიმავალ ავტობუსებსა და მატარებლებზე ბილეთის შოვნა გუშინვე გამორიცხული იყო და ამ ზღვა ხალხს შორის სულ მცირე, ნახევარი წითელი მაისურით მიეშურებოდა დედაქალაქისკენ.

გარდა ამისა, „იუნაიტედის“ ფანები ლონდონში ნამყოფები არიან - „უემბლის“ რეკონსტრუქცია 2007 წელს დასრულდა, რის მერეც ისინი, იქ, უკვე ცხრაჯერ(!) იყვნენ. აი, რაც შეეხება „სიტის“, მისი საქმე ცოტა სხვანაირადაა. „უემბლის“ გზა თუ ვინმეს დაავიწყდა ეს „სიტის“ ხალხია, რომელიც ბოლოს 1999 წელს, მეორე ლიგის პლეი-ოფის ფინალში იყო ქვეყნის მთავარ სტადიონზე. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება: 1999 წელს! ოთხი დღით ადრე „იუნაიტედმა“ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. და ეს, ჯერ კიდევ, რეკონსტრუქციამდელი, ძველი უემბლი იყო.

თუმცა დღეს „მანჩესტერ სიტი“ უკვე სხვა გუნდია. ახლა, „სიტისა“ და „იუნაიტედს“ შორის განსხვავება ისეთივე პატარაა, როგორიც 1980-იან წლებში იყო. ისტლენდელები არაბეთიდან მოდენილმა მილიონებმა შეცვალა და მართალია პრემიერლიგის ჩემპიონობამდე ჯერ შორს არიან, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალს იმედის თვალით შეჰყურებენ. ბოლო წლებში მანჩესტერული დერბი, მართალია, ისევ „იუნაიტედის“ სასარგებლოდ მთავრდება, მაგრამ „სიტი“ იოლად დასამარცხებელი გუნდი აღარ არის. ამიტომაც ელოდებიან, რომ დღეს, „უემბლის“ მისადგომებთან, ბილეთის ფასი პირველად გადააჭარბებს 100 ფუნტს - 115 ფუნტი იქნება.

დღევანდელ შეხვედრას ერთი უცნაურობა სჭირს, ფეხბურთელი, რომელსაც გუნდის თილისმა შეიძლება ვუწოდოთ არც ერთს ჰყავს და არც მეორეს - „იუნაიტედს“ დისკვალიფიცირებული უეინ რუნი აკლია, ხოლო „სიტის“ კარლოს ტევესი. სავარაუდოდ, მწვრთნელები, სერ ალექს ფერგიუსონი და რობერტო მანჩინი დიმიტარ ბერბატოვსა და მარიო ბალოტელის ათამაშებენ.

მანჩინიმ „სიტის“ ფეხბურთელებს ერთსულოვნებისკენ მოუწოდა. იტალიელი მწვრთნელის აზრით მანჩესტერულ დერბიში მხოლოდ ასე შეიძლება გამარჯვება. ერთსულოვნებაზე კი იმიტომ დაიწყეს ლაპარაკი, რომ ბოლო ხანს ჟურნალისტებმა ისტლენდელთა რიგებში ბევრი უკმაყოფილო ფეხბურთელი დათვალეს. გასულ ორშაბათს ჯეიმს მილნერმა გამოხატა უკმაყოფილება, როდესაც მანჩინიმ ის „ლივერპულთან“ შეხვედრაში შეცვალა.

„ახლა ერთმამეთთან პრეტენზიების ქონა დიდი სისულელე იქნება, რადგან ფეხბურთელებს, ჩემი არ იყოს, ტიტულის მოპოვების დიდი შანსი აქვთ. „სიტის“ მოთამაშეებისთვის ეს პირველი ჯილდო იქნება. კარიერის განმავლობაში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოდი და ვფიქრობ, ისინიც ასე უნდა იყვნენ. დარწმუნებული ვარ, თუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბარიერს დავძლევთ და ფინალში გავალთ, თასს მოვიპოვებთ. თასის მოპოვება კი გუნდის მენტალიტეტის შეცვლას ნიშნავს. „მანჩესტერ სიტი“ მთელ მსოფლიოში ანგარიშგასაწევი ძალა გახდება“.

ჟურნალისტებმა აზრი რუნისაც ჰკითხეს. დისკვალიფიცირებულმა ვარსკვლავმა თქვა: „მეც იმავეს გეტყვით, რასაც ნებისმიერი ფეხბურთელი გეტყოდათ: ტრიბუნაზე ჯდომის დროს გაცილებით მეტს ვნერვიულობ, ვიდრე თამაშის დროს. ნებისმიერი მატჩის გამოტოვება გულდასაწყვეტია, ასეთი დიდი დაპირისპირებისა კი განსაკუთრებით. რაც შეეხება შანსებს, ვფიქრობ, ის ჩვენ მეტი გვაქვს და ბიჭები ყველა ღონეს იხმარენ, რათა ფინალსი გავიდნენ“.

მანჩესტერულმა დერბიმ სულ ჩაყლაპა მეორე ნახევარფინალური შეხვედრა „ბოლტონსა“ და „სტოკს“ შორის, რომელიც „უემბლიზევე“, ხვალ, საქართველოს დროით 19 საათზე გაიმართება. დიდი შანსია, ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვება ამ გუნდებისთვის მომავალ სეზონში ევროლიგაზე გასვლას ნიშნავდეს, რაც უთუოდ დიდი მიღწევა იქნება. რასაკვირველია, გამარჯვებულისთვის ბუნდოვნად თასის კონტურებიც გამოიკვეთება. რა იცი, რა ხდება...

მკითხველის კომენტარები / 2 /
"მანკუნიანური" დერბი.
რა შეიძლება ითქვას, ამ დაპირისპირებაში იუნაიტეტს უპირატესობა კი აქვს, მაგრამ სიტი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი , სეზონზე განხორციელებული ტრანსპერების მიუხედავად სიტი ნამდვილად ვერ იქცა იმ გუნდად რომელსაც ელოდნენ. მანცჰესტერს აქვს შანსი ინგლისში მოიგოს ყველა ტიტული
giorgi shukakidze
12:15 16-04-2011
0
"მანკუნიანური" დერბი.
რა შეიძლება ითქვას, ამ დაპირისპირებაში იუნაიტეტს უპირატესობა კი აქვს, მაგრამ სიტი ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი , სეზონზე განხორციელებული ტრანსპერების მიუხედავად სიტი ნამდვილად ვერ იქცა იმ გუნდად რომელსაც ელოდნენ. მანცჰესტერს აქვს შანსი ინგლისში მოიგოს ყველა ტიტული
giorgi shukakidze
12:15 16-04-2011
0

სიახლეები პოპულარული