ჰიდინკის არა და მოუ ფერგის მეგობარი

AutoSharing Option


გუს ჰიდინკმა განაცხადა, რომ მისი „ჩელსიში“ დაბრუნება გამორიცხულია. ინგლისურმა პრესამ შეიტყო, რომ ლონდონელთა მეპატრონე რომან აბრამოვიჩს ახლანდელი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის ჰიდინკით შეცვლა სურს, მაგრამ 64 წლის ჰოლანდიელმა თქვა, თურქეთის ნაკრების თავკაცი ვარ და საქმის შუა გზაში მიტოვება არ მჩვევიაო. შეგახსენებთ: ჰიდინკი, „ჩელსის“, 2009 წელს, სამი თვით ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ფეხბურთის ასოციაციის თასი მოიპოვა. მაშინ ჰოლანდიელი, იმავდროულად, რუსეთის ნაკრებსაც ხელმძღვანელობდა. ამჯერად მან თქვა, რომ ერთდროულად ორ საქმეს ვეღარ გააკეთებს.

„რომან აბრამოვიჩმა კარგად იცის, რომ გუსს კონტრაქტი ცხოვრებაში არ გაუწყვეტია
— თქვა მწვრთნელის აგენტმა კეს ვან ნიუნჰიუზენმა — ის თურქეთის ნაკრებს უდგას სათავეში და ისე ჩანს, რომ გუნდი პლეი-ოფში მოხვდება“.
ანჩელოტის „ჩელსისთან“ კონტრაქტი 2012 წლის გაზაფხულამდე აქვს, მაგრამ მომავალი სეზონიდან მის სახელს უკვე „რომას“ უკავშირებენ. „ჩელსის“ ნახევარმცველმა ფრენკ ლემპარდმა თქვა:

„ჩვენ ვალდებული ვართ თავი ხელში ავიყვანოთ, მაქსიმალური პროფესიონალიზმი გამოვამჟღავნოთ და სეზონი რაც შეიძლება კარგად
ჩავამთავროთ. ჩვენ ფანების, კლუბისა და საკუთარი თავის ვალი გვაქვს. სანამ პრემიერლიგის ტიტულის მოპოვების თეორიული შანსი არსებობს, ბრძოლას არ შევწყვეტთ. პროგრამა მინიმუმი კი მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობაა“.
„ჩელსის“ კიდევ ერთი ყოფილი თავკაცი, ამ გუნდის ფეხზე დამყენებელი ჟოზე მოურინიო კი აცხადებს, რომ ის „მანჩესტერ იუნაიტედის“ მომავალი მწვრთნელი იქნება. „განსაკუთრებულის“ თამამი და შოკისმომგვრელი განცხადებების ამბავი ყველას კარგად მოეხსენება. ამჯერად მან თქვა, რომ „იუნაიტედს“ მომავალი სეზონის დამთავრების შემდეგ ჩაიბარებს. არადა, მოგეხსენებათ, ამ გუნდს დიდი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ხელმძღვანელობს და მას პენსიაში გასვლის სურვილი ჯერ არ გამოუთქვამს. შეგახსენებთ, რომ მოურინიო ამჟამად „რეალის“ მწვრთნელია, თუმცა მეგობრებისთვის უთქვამს, რომ 2012 წლის ზაფხულისთვის მადრიდიდან, ალბათ წავა.

ერთი ხნის წინ 69 წლის ფერგიუსონმა თქვა: „ჟოზე ჩემი დიდი მაგობარია. ჩვენ მისი მომავლის შესახებ ბევრჯერ ვილაპარაკეთ და რამდენადაც ვხვდები მას გული ინგლისისკენ მოუწევს. რაც შეეხება „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელის თანამდებობას, მიჭირს ზუსტად რაიმეს თქმა. აქ, ყველაფერი ჩემს ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული“.

შეგახსენებთ, რომ მოურინიოს ხელში „პორტუმ“ და „ინტერმა“ ჩემპიონთა თასი მოიგეს. კიდევ, 48 წლის პორტუგალიელმა ეს ორი კლუბი და „ჩელსი“ თავიანთი ქვეყნების ჩემპიონობამდე და სხვა ჯილდოებამდეც მიიყვანა.
„რეალში“ მოურინიოს წარმატება ჯერჯერობით ის გახლავთ, რომ გუნდი 2003 წლის შემდეგ პირველად გაიყვანა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სადაც „ბარსელონას“ ხვდება.

მოურინიოს ჰკითხეს, „მანჩესტერ სიტიში“ რობერტო მანჩინის შეცვლაზე რა აზრის იყო. პორტუგალიელმა უპასუხა: „ეს გამორიცხულია“.
თავად მანჩინიმ კი დასძინა: „ისევე, როგორც მე არ გავხდები „რეალის“ თავკაცი“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული