ის, რაც დალგლიშმა ვენგერს მიაძახა, ქართულად შეიძლება ასე ვთარგმნოთ: „წადი შენი“ - ყველაზე მეტად ეს გამოხატავს ლივერპულელთა გმირის სიტყვებს.
დანარჩენი კი იგივეა, რაც მიმოხილვაში მოგახსენეთ: საფინალო სასტვენის შემდეგ ვენგერი დალგლიშთან მივიდა და ხელები გაშალა, რითაც გამოხატა, რომ მსაჯს 102-ე წუთზე მისი გუნდის კარში პენალტი არ უნდა დაენიშნა. დალგლიშმა ჰკითხა: არ იყო პენალტი? ვენგერმა უპასუხა, რომ არ იყო, რაზეც ლივერპულელი
შეგახსენებთ, „არსენალმა“ ანგარიში მსაჯის მიერ წამატებულ მე-8 წუთზე გახსნა. ყველას ეგონა, რომ ამით ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ თამაში კიდევ სამ წუთს გაგრძელდა და მერსისაიდელთა პენალტით დამთავრდა. ასეთი შედეგის გამო „მეთოფეებს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ გადასწრების და ჩემპიონობის შანსი ერთიორად შეუმცირდათ. ბედის ირონია კი ისაა, რომ მატჩს და კოლეგების კამათს ტრიბუნიდან „იუნაიტედის“ თავკაცი, ალექს ფერგიუსონი ადევნებდა თვალყურს.
პრეს-კონფერენციაზე ვენგერმა თქვა: „ერთადერთი, რაც დალგლიშს ვუთხარი ის იყო, რომ პენალტი არ უნდა დაენიშნათ. შეგიძლიათ ვიდეოჩანაწერი ნახოთ და თავად დარწმუნდებით. „ლივერპულს“ პენალტი მე-11 დამატებულ წუთზე დაარტყმევინეს, მაშინ როდესაც მხოლოდ 8 წუთი ჰქონდათ დამატებული. საიდან მოვიდა ის 3 წუთი? რაც მთავარია, იმ ეპიზოდში წესი არ დარღვეულა. ებუე აშკარად ბურთზე წავიდა და არა ფეხბურთელზე, ლუკასმა კი ტანი ჩაუდგა და წაიქცა.“
დალგლიშმა კი ჟურნალისტებთან ლაპარაკში ასე ბრძანა: „ჯერ ერთი, არ მესმის ასეთი დაძაბული თამაშის შემდეგ მწვრთნელებს შორის შელაპარაკება რატომ არის გასაკვირი ან დაუშვებელი. იმის გამეორება, რაც მოედნის კიდესთან ვენგერს ვუთხარი, არ მინდა. ძალიან არ მინდა ამ ინციდენტზე ლაპარაკმა ჩემი ბიჭების მიღწევა გადაჩრდილოს. მათ მე-8 დამატებულ წუთზე გაშვებულ გოლსაც კი არ წაუხარეს თავი და გაათანაბრეს. რაც შეეხება პენალტს, ჩემი აზრით, ამ შეხვედრაში დანიშნული ორი პენალტიდან ერთი უნდა დანიშნულიყო, მეორე კი არა. იმაზე ფიქრი, კერძოდ რომელი უნდა დანიშნულიყო და რომელი არა, თქვენთვის მომინდია. „არსენალს“ თამაშის ბოლოს პენალტი რომ დაარტყმევინეს ძალიან გულდასაწყვეტი გახლდათ, მაგრამ რას იზამ, როდესაც მსაჯი პენალტს ნიშნავს, მერე რაიმეს გაპროტესტებას აზრი არ აქვს.“
პრემიერლიგაში დღეს და ხვალ მნიშვნელოვანმა შეხვედრებმა მოიყარა თავი. დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ ნიუკასლში მიდის, ხვალ კი „ჩელსი“ „ბირმინგემს“ მასპინძლობს, ხოლო „არსენალი“ ლონდონშივე, ოღონდ „უაით ჰართ ლეინზე“ „ტოტენჰემს“ სტუმრობს. „ტოტენჰემი“, მოგეხსენებათ, მეოთხე ადგილს უმიზნებს. ერთი სიტყვით, თუ ვენგერის გუნდი ამ შეხვედრაში ქულებს დაკარგავს, შეიძლება გადაჭრით ითქვას, რომ ინგლისში ჩემპიონის ვინაობა გარკვეულია. ვენგერმა თქვა:
„შემდეგი თამაში აუცილებლად უნდა მოვიგოთ. „ლივერპულთან“ ფრეს გამო ჩემი ფეხბურთელები ძალიან გულდაწყვეტილები არიან. აქვთ კიდეც მიზეზი. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული მოვიგებთ თუ არა ჩვენს თამაშებს. მართალია უკვე ზედიზედ 15 შეხვედრაში არ წაგვიგია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ბოლო ტურებში მეტი ქულის მოპოვება გვმართებდა.“
მსაჯმა „არსენალისა“ და „ლივერპულის“ თამაშს ამდენი დრო იმიტომ დაამატა, რომ მისი მსვლელობისას მერსისაიდელებს რამდენჯერმე დასჭირდათ მოედანზე ექიმების შეშვება. ერთი შეხედვით, ყველაზე სერიოზულად ვეტერანი მცველი ჯეიმი კარაგერი დაშავდა. ის თანაგუნდელ ჯონ ფლენაგანს შეეჯახა თავით. სამედიცინო პერსონალი კარაგერს კარგა ხანს დასტრიალებდა. ის საკაცეზე დაამაგრეს, კისერი დაუფიქსირეს, ჟანგბადის ბალონით ასუნთქებდნენ... თუმცა კარაგერის ფეხზე დაყენებას სტადიონზე ჩატარებული მკურნალობაც ეყო. საფინალო სასტვენის შემდეგ ვეტერანი უკვე იმდენად ყოჩაღად იყო, რომ მოედანზე დაბრუნდა და თანაგუნდელებთან ერთად იზეიმა ბოლოწამს გატანილი პენალტი.
მატჩის შემდეგ 33 წლის ვეტერანმა თქვა: „არაფერი მახსოვს. როდესაც გონს მოვეგე თავს უკვე შესანიშნავად ვგრძნობდი. ასეთი რამეები ფეხბურთში ხდება, ჩვენ თავებით შევეჯახეთ ერთმანეთს. მათ პენალტს გასახდელში ვუყურე. ვლოცულობდი, ნეტავ გათანაბრება მოვახერხოთ-მეთქი. ბოლო ორ შეხვედრაში 4 ქულის მოპოვება დიდებული იქნებოდა. ბოლოს ჩვენ გავიტანეთ და მოედანზე გავვარდი, ბიჭებთან ერთად ზეიმი მინდოდა.“
.