საოცარი ბალოტელი!

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ „მანჩესტერ სიტის“ შერეკილ იტალიელ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის უპატივცემულობაში დასდო ბრალი - ბალოტელის ქცევამ, „უემბლიზე“, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალური შეხვედრის დამთავრების შემდეგ კონფლიქტი გამოიწვია.

20 წლის თავდამსხმელმა „იუნაიტედის“ ვეტერანი რიო ფერდინანდი გამოიყვანა წყობიდან. მას ანდერსონიც ეძიძგილავებოდა. მიზეზი: ბალოტელიმ დამარცხებული მეტოქის ფანების გასაღიზიანებლად, მათ ტრიბუნასთან დაიწყო ზეიმი. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ „იუნაიტედს“ 1:0 მოუგო და ფინალში გავიდა, სადაც „სტოკ სიტის“ შეხვდება.

ფერდინანდმა მატჩის მეორე დღეს „ტვიტერში“ დაწერა: „როდესაც გოლს გაიტან და მოწინააღმდეგის გულშემატკივარს ამ დროს მოუგებ ნიშნს, კიდევ გასაგებია, მაგრამ
თამაშის დამთავრების შემდეგ ყველა თავისი გულშემატკივრისკენ უნდა წავიდეს და იქ იზეიმოს.“

გარდა იმისა, რომ „იუნაიტედის“ ფანები გააღიზიანა, ბალოტელიმ პირადად ფერდინანდსაც მოუშალა ნერვები - თვალს უკრავდა. ფერდინანდი იტალიელს საცემად გამოუდგა.

„თუ ჩემი გაბრაზებით ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენე, ბოდიშს ვიხდი. იმ წუთას ემოცია ვერ მოვთოკე - დაწერა ფერდინანდმა, რომელსაც იმ დილით მესამე შვილი, გოგონა შეეძინა - მე და ჩემს მეუღლე რებეკას გოგონა, ტია ფერდინანდი შეგვეძინა. მინდა ექიმებს დიდი მადლობა გადავუხადო, ყველაფერმა ასე კარგად რომ ჩაიარა.“

სასაცილო რამ თქვა „იუნაიტედის“ მეკარე ედვინ ვან დერ სარმა: „მგონი ბალოტელის შეეშალა. მას მოედნის სხვა მხარეს უნდოდა ზეიმი და სხვა მხარეს წავიდა. ან, შეიძლება იტალიაში იქცევიან ასე.“

მოგეხსენებათ, „სიტის“ ფორვარდი დიდი საზრიანობით არ გამოირჩევა - კადრებმა, სადაც ის ვერაფრით მიმხვდარა როგორ გაუყაროს მოსასხამში თავი და ხელები, მთელი ინტერნეტ-სივრცე მოიარა [იხილეთ ვიდეო]. თუმცა, მღელვარების წუთებში ვერც ვან დერ სარი მოიქცა კორექტულად: ოპერატორს ხელი ჰკრა.

ნანი: „ბალოტელი ჩვენს გულშემატკივარს მაისურზე ამოტვიფრულ „სიტის“ ემბლემას აჩვენებდა. ანდერსონიც ამიტომ მივიდა და იქაურობას გამოარიდა. რიოს გაბრაზება კი სრულიად გასაგებია. მისი საქციელი უპატივცემულობის გამოხატვა იყო და მეტი არაფერი. ასე ფეხბურთელი არ უნდა იქცეოდეს.“

ფერდინანდსა და ბალოტელის შორის ჯერ „სიტის“ თავკაცი რობერტო მანჩინი ჩადგა, შემდეგ კი მისი ასისტენტი, ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დევიდ პლატი. ბალოტელის რომ ვეღარ მიწვდა ფერდინანდმა პლატს დაუწყო ყვირილი: „გააკონტროლე შენი ფეხბურთელების საქციელი“.

მოგვიანებით, როდესაც ვნებათაღელვა ჩაცხრა, ფერდინანდი და პლატი სტადიონის უკან, ავტოსადგომზე შეხვდნენ ერთმანეთს, „იუნაიტედის“ მცველმა „სიტის“ მწვრთნელს ბოდიში მოუხადა, თუმცა გაუმეორა, რომ ბალოტელის მკაცრი კონტროლი სჭირდება. საბოლოოდ ყველაფერი მშვიდობით და შერიგებით დასრულდა, თუმცა თუ მსაჯი მაიკ დინი ინციდენტს პატაკში შეიტანს, ფეხბურთის ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტს საქმის გარჩევა და ვინმეს დასჯა მოუწევს.





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული