ყოფილი ინგლისელი მსაჯი, „დეილი მეილის“ მიმომხილველი გრემ პოლი ამჯერად „არსენალის“ თავკაც არსენ ვენგერის საკითხით დაინტერესდა. პოლის თქმით ფრანგი სპეციალისტი, ბოლო დროს, მოედნის კიდესთან დატანჯული სახით დგას, მისი გუნდი ქულას ქულაზე კარგავს და, როგორც ჩანს, ვერც ამ სეზონში მოიპოვებს რაიმე ჯილდოს. „არსენალს“ ახალი მეპატრონე ჰყავს, მაგრამ ეს ვენგერს არ ახარებს. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს.
პოლი დარწმუნებულია, რომ კვირას, ვენგერის კონფლიქტი „ლივერპულის“ მწვრთნელ კელი დალგლიშთან და მსაჯ ენდრი მარინერთან ცალკეული ეპიზოდები არ იყო. ეს მისი ბოლოდროინდელი მდგომარეობის გამოხატულება გახლდათ.
„ვენგერს, როგორც
მწვრთნელს უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ხანდახან მასთან ურთიერთობა ძნელია. მას არ უნდა ეჩქარა გასახდელში მსაჯთან მისვლა და კამათი, მარტო იმიტომ, რომ მოეჩვენა, თითქოს ეს უკანასკნელი შეცდა. მან „ლივერპულთან“ ფრე არავის უნდა დააბრალოს ემანუელ ებუეს გარდა. სწორედ ებუე მივარდა თამაშის ბოლოს ლუკასს და წააქცია“ — წერს პოლი, რომელიც დასძენს, რომ ვენგერს ფეხბურთის წინაშე უდიდესი დამსახურება აქვს. მას წვრთნის ახალი მეთოდები აქვს მოგონებული და მისი იდეები სახეობის განვითარებას ძლიარ ადგება. ის, ფიფას ყოფილი არბიტრის აზრით, უდიდესი პედაგოგია, რის დასტურადაც ტიერი ანრის კარიერა მოჰყავს. პოლი დარწმუნებულია, რომ უბრალოდ სწრაფი და უთუოდ ნიჭიერი ბიჭი პრემიერლიგისდ ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს ვარსკვლავად ვენგერის პედაგოგიკის გარეშე ვერ ჩამოყალიბდებოდა. ფრანგის მეთოდების პროდუქტია ინგლისელი მცველი ტონი ადამსიც.