პატიოსანი ლოვენკრანდსი და ერნანდესი

AutoSharing Option
ნიუკასლში, „სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე“, „კაჭკაჭებმა“ „მანჩესტერ იუნაიტედთან“ 0:0 ითამაშეს, რაც იმას ნიშნავს, რომ სტუმართა გუნდმა ცხრილში 9 ქულით დაწინაურების შანსი გაუშვა ხელიდან.

მათი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ამტკიცებს, რომ ამ შეხვედრაში მსაჯი შეცდა - „იუნაიტედის“ სასარგებლოდ პენალტი უნდა დაენიშნა, მაგრამ იმავეს ამბობს ნიუკასლელთა თავკაცი ალან პედრიუც, ოღონდ - თავის სასარგებლოდ. მასპინძლები მიიჩნევვენ, რომ მსაჯი ლი პობერტი ვალდებული იყო ანდერსონის მიერ პიტერ ლოვენკრანდსის წაქცევა შეემჩნია. სტუმრები ამტკიცებენ, რომ არბიტრს შეხვედრის მიწურულს, დამატებულ დროში, უნდა დაენიშნა თერთმეტმეტრიანი, როდესაც ჩიჩარიტოს ანუ ხავიერ ერნანდესის
წინააღმდეგ დენი სიმპსონმა დაარღვია თამაშის წესი. სხვათა შორის, ამ ეპიზოდზე „იუნაიტედის“ ხალხს სულ სხვა შეხედულება აქვს. ისინი მაშინვე მიცვივდნენ მექსიკელ თავდამსხმელს და სიმულანტობაში დასდეს ბრალი.

მატჩის შემდეგ ფერგიუსონმა თქვა: „არ მოგვცა პენალტი? ჯანდაბას, ნუ მოგვცა, მაგრამ ერნანდესის გაფრთხილება შეურაცხმყოფელი გახლდათ. ჩანაწერიც ვნახე და ჩანს, რომ კონტაქტი აშკარად იყო. ჩიჩარიტო ის კაცი არ არის, მოედანზე განზრახ რომ წამოგორდება. მათ პენლტზე კი ვერაფერს გეტყვით, რადგან ჯერ არ მინახავს. ვნახავ და მერე მოგახსენებთ ჩემს აზრს. ვფიქრობ, ჯამში, მსაჯმა თამაშს თავი ჩინებულად გაართვა, მაგრამ გაფრთხილებებით გადააჭარბა“.

პერდიუ: „გული გადამიქანდა. „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხომ ბოლოწამს დანიშნული პენალტების მდიდარი ისტორია აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომელ კლუბზე ვლაპარაკობთ და მისი მწვრთნელი რამხელა ფიგურაა, მეგონა მსაჯი პენატლის არ დანიშვნას ვერ გაბედავდა, მაგრამ მსაჯი ყველაფერზე მაღლა დადგა და ამისათვის ტაში ეკუთვნის. დენის ფეხი გაწეული ჰქონდა, მაგრამ ბოლოწამს მოასწრო უკან გამოწევა.

გასახდელში დრო ვიხელთე და პრეს-კონფერენციაზე ამოსვლამდე ორივე საეჭვო ეპიზოდი ვნახე. ვფიქრობ, პიტერის შემთხვევაში პენალტი უნდა დანიშნულიყო. ის იმდებად პატიოსანი ადამიანია, რომ შეხების გარეშე არ დაეცემოდა“.

მატჩის შემდეგ აზრი დენი სომპსონსაც ჰკითხეს. მან უპასუხა: „გულწრფელად რომ გითხრათ, ერნანდესთან კონტაქტი არ მიგრძვნია. შესაძლოა ის თავად მოძრაობდა ძალიან რბილად. ჩანაწერი უნდა ვნახო. მიხარია, რომ მსაჯმა ჩემს სასარგებლოდ გადაწყვიტა“.

ამრიგად, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, რომელსაც მიმდინარე სეზონში ხუთი თამაშიღა დარჩა - მათ შორისაა შეხვედრები „არსენალსა“ (1 მაისს) და „ჩელსისთან“ (8 მაისს) - ძალიან მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა, თუმცა ცხრილში მაინც პირველ ადგილზეა.

„ძნელია იმის თქმა ნიუკასლში ორი ქულა მოვიპოვეთ თუ დავკარგეთ, - განაგრძო ფერგიუსონმა. - ორი მნიშვნელოვანი შეხვედრა წინ გვაქვს და ყველაფერი შემდგომ ტურებში გადაწყდება“.

კითხვაზე, ფრე ნიუკასლში ხომ არ იყო შაბათს, „უემბლიზე“, ფეხბურთის ასოციაციის თასის ნახევარფინალში, „მანჩესტერ სიტისთან“ ბრძოლისა და დაღლის („სიტიმ“ მოიგო 1:0) შედეგი, ფერგიმ უპასუხა:

„ჩვენ, ამ დღეებში, ყველა ღონე ვიხმარეთ, რათა ძალები აღგვედგინა. „უემბლის“ გრუნტი აშკარად დამღლელია, მაგრამ „ნიუკასლის“ ფეხბურთელებიც უნდა შევაქო. ისინი ენერგიით აღსავსენი იყვნენ“.

მოგეხსენებათ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი ამ შეხვედრასაც ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს - მას ხომ ხუთთამაშიანი დისკვალიფიკაცია ჰქონდა მისჯილი. თუმცა დისკვალიფიკაციის „ვადა“ დასრულდა და შაბათს, 23 აპრილს, „ოლდ ტრეფორდზე“, „ევერტონთან“ სერ ალექსი მოედნის კიდესთან ჩვეულ ადგილს დაუბრუნდება. ამასთან დაკავშირებით ფერგიუსონმა იხუმრა:

„მგონი, ჩემს ასისტენტებს ძალიან წყდებათ გული ხუთი თამაში უკვე რომ გავიდა და მე დაბლა ვბრუნდები“.

„იუნაიტედთან“ ფრემ „ნიუკასლს“ კარგი საქმე გაუკეთა. „კაჭკაჭები“ ცხრილში 40 ქულით მეცხრე ადგილზე არიან და გასავარდნ ზონას 7 ქულით აღემატებიან, თუმცა პერდიუ, რომელიც გუნდს სათავეში დეკემბერში, კრის ჰაუტონის გაგდების შემდეგ ჩაუდგა, ფეხბურთელებს დამშვიდებას არ ურჩევს:

„წესით 40 ქულა საკმარისი უნდა იყოს, მაგრამ შაბათს რთული მატჩი გველის, ბლექპულში მივდივართ. ვფიქრობ, იქაც ისეთივე ფეხბურთის თამაში გვმართებს, „იუნაიტედთან“ რომ ვითამაშეთ და ცხრილის 8 უძლიერეს გუნდში უნდა შევიდეთ“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული