სესკ ფაბრეგასი: ეს ის "არსენალი" აღარაა

AutoSharing Option
სესკ ფაბრეგასი ამბობს, რომ „არსენალში“ wow ფეხბურთელები აღარ თამაშობენ. ინგლისური შეძახილი, wow, ბოლო დროს საქართველოშიც ესმით - ის აღტაცებას გამოხატავს. ხოლო, ესპანელმა ვარსკვლავმა კარგად იცის, არის თუ არა დღეს მის გუნდში ვინმე აღტაცების ღირსი.

ფაბრეგასი „არსენალმა“ 2004 წელს იყიდა, ეს კი ის დროა, როდესაც „მეთოფეთა“ გუნდში ბრწყინავდნენ დენის ბერგკამპი, ტიერი ანრი და ძმანი მათნი. ჩრდილოლონდონელთა დღევანდელი კაპიტანი ამბობს:

„რად უნდა ლაპარაკი, რომ ის „არსენალი“, რომელიც ისტორიას „დაუმარცხებელთა“ სახელით შემორჩა, საუკეთესო იყო. მე ასეთ გუნდში სხვა დროს არ მითამაშია. ხანდახან ხვდებოდი,
რომ ცუდად თამაშობდი, მაგრამ ამით არაფერი ფუჭდებოდა. თანაგუნდელები გეხმარებოდნენ. იმ ფეხბურთელების გვერდით შენც უფრო მაღალი დონისა ჩანდი.

დღეს კი „არსენალში“ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა და ხალხი ჩემსკენ იყურება. როდესაც ცუდად ვთამაშობ, პასუხისმგებლობა მთლიანად მეკისრება. იმდროინდელი გუნდიდან მხოლოდ მე და რობინ ვან პერსი შემოვრჩით. ამიტომაც ითხოვენ ჩვენგან რაღაც განსაკუთრებულს.

მე და ვან პერსი კერპების გვერდით და მათი დაკვირვებით გავიზარდეთ. ჩვენ საუკეთესოებისგან ვსწავლობდით. მოდი, ნუ დაგვავიწყდება, რომ მხოლოდ 23 წლისა ვარ. ჩემი კარიერა ძალიან ადრე დაიწყო და იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკვე 27 -28 წლის ვარ. არადა, ჯერ კიდევ ძალიან დიდი გზა მაქვს წინ.“

მოგეხსენებათ, ფაბრეგასი „ბარსელონას“ სკოლის აღზრდილია და მის მშობლიურ კლუბს შარშან ზაფხულში ნახევარმცველის დაბრუნება უნდოდა. სავარაუდოდ, კატალონიელები მიმდინარე სეზონის დამთავრების შემდეგაც მიმართავენ „არსენალს“ მისი ყიდვის წინადადებით. და როგორი იქნება „მეთოფეთა“ კაპიტნის პოზიცია? ერთი რამ აშკარაა, რომ მას არსენ ვენგერის სატრანსფერო პოლიტიკა არ მოსწონს.

„ფეხბურთელის კარიერაში დგება მომენტი, როდესაც მან უნდა უპასუხოს კითხვას, არის თუ არა ის ტიტულების მომხვეჭთა შორის. 2007 წლის მერე ვუმეორებ საკუთარ თავს, რომ მართალია ტიტულებს ვერ ვიგებთ, მგრამ კარგ ფეხბურთს ვთამაშობთ. არადა, გადის დრო და ვხვდები, რომ ასე აღარ შეიძლება. აშკარაა, გუნდს ბოლო ნაბიჯის გადადგმა უჭირს, რაც ქმედითი ნაბიჯის გადაგმას მოითხოვს. უნდა გადაწყვიტო ბოლოს და ბოლოს, მოგება გინდა თუ ახალი თაობის აღზრდა.“






.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული