ბენტი ულიესთვის

AutoSharing Option
დარენ ბენტი დღეს „სტოკ სიტის“ რბევას აპირებს - „ასტონ ვილას“ თავდამსხმელს სურს მწვრთნელ ჟერარ ულიეს საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ გუნდი პრემიერლიგაში, უსაფრთხო პოზიციაზე დახვდეს. გეხსომებათ, რომ 27 წლის ბენტი ულიემ იანვარში, „სანდერლენდისგან“, 24 მილიონ ფუნტად იყიდა. საერთო აზრით მწვრთნელისა და შეგირდის თანამშრომლობამ გაამართლა. იმაში, რომ „ვილა“ სახიფათო ზონას აცდა, დიდი წვლილი სწორედ დარენ ბენტს მიუძღვის, მაგრამ ფეხბურთელი გრძნობს, რომ საქმე ჯერ მოთავებული არ არის.

„ჩვენი ბიჭები მწვრთნელს სწრაფად გამოჯანმრთელებას უსურვებენ. პირადად ჩემს მიმართ ულიე საუცხოოდ არის განწყობილი. ის ყველა ღონეს ხმარობს,
რომ მე უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელად ჩამოვყალიბდე. მინდა, ჟერარი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს საქმეს და ჩვენთან მუშაობა განაგრძოს, მაგრამ ცხადია, მუშაობაზე მნიშვნელოვანი ჯანმრთელობაა და ამიტომ უპირველეს ყოვლისა კარგად ყოფნას ვუსურვებ.

„ასტონ ვილას“ ახლა ხელსაყრელი პერიოდი უდგას, გუნდი აღმავლობის გზაზეა. თუ ჩვენ მოვახერხებთ და კიდევ ერთ თამაშს მოვიგებთ, მწვრთნელს სანერვიულო ნაკლებად ექნება“.


კენის ცხელი ზაფხული
კენი დალგლიში ამბობს, მომავალი ზაფხული „ლივერპულისთვის“ გადამწყვეტი მნიშვნელობისა იქნებაო. მერსისაიდელთა თავკაცი კლუბის მეპატრონეებს აფრთხილებს: ის, რომ „წითლებს“ რამდენიმე ნიჭიერი ახალგაზრდა ეზრდებათ სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ ჯიბეზე ხელი არ გაიკრან და ახალი ფეხბურთელები არ იყიდონ.

დალგლიშის „ლივერპულის“ თავკაცად დაბრუნებამ „ენფილდ როუდს“ იმედი ჩაუსახა. მანამდე გუნდი ცუდად გამოდიოდა, გასავარდნთა ზონასთანაც ტრიალებდა, დღეს კი ევროშეჯიბრებაზე გამსვლელი ადგილისთვის იბრძვის. თვალშისაცემი იყო, რომ „წითლებს“ მცველები დაუშავდათ, რამაც ახალგაზრდა ლივერპულელებს, 18 წლის ჯონ ფლენაგანს, 17 წლის ჯეკ რობინსონს და 20 წლის მარტინ კელის დიდ ასპარეზზე გამოსვლის საშუალება მისცა. თუმცა, „კოპის მეფე კევინმა“ კარგად იცის, რომ ეს საკმარისი არ არის და გუნდს სხვადასხვა რგოლში გაძლიერება სჭირდება:

„რაც უფრო სწორად ვაწარმოებთ ბიზნესს, მით უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს გუნდი. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ახალი მოთამაშეები უნდა ვიყიდოთ და ძველები გავუშვათ. ყველანაირ რესურსს გამოყენება სჭირდება. ამიტომაც, ეს ზაფხული ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. რასაკვირველია, ჩვენ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, რომელთაც ზრდის საშუალება აქვთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფული დავინანოთ და ახალი ფეხბურთელები არ ვიყიდოთ“.

როგორც ირკვევა, დალგლიშს და მის ფრანგ მარჯვენა ხელს, „ლივერპულის“ საფეხბურთო საქმეთა დირექტორ დამიენ კომოლის უკვე ჩამოწერილი აქვთ სასურველ მოთამაშეთა სია. ამ სიაში შედიან ეშლი იანგი, სტიუარტ დაუნინგი, ჩარლი ადამი და გერი კეჰილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული