დროგბას სალაპარაკო აქვს

AutoSharing Option
დიდიე დროგბა „ჩელსის“ ხელმძღვანელებს თავის მომავალზე შემდეგ კვირაში დაელაპარაკება. შეხვედრა 33 წლის ფორვარდის წარმომადგენლებსა და „ლურჯების“ აღმასრულებელ შეფ რონ გურლის შორის უკვე დათქმულია. მოსალოდნელია, რომ კოტ დ’ივუარელის აგენტები ულტიმატუმს წააყენებენ: ძირითად შემადგენლობაში რეგულარულად თამაში ან ტრანსფერი.

მოგეხსენებათ, იანვრის შემდეგ, ანუ მას მერე, რაც „ჩელსიმ“ „ლივერპულისგან“ 50 მილიონ ფუნტად ფერნანდო ტორესი იყიდა, კარლო ანჩელოტი დროგბას იშვიათად ათამაშებს. მართლაც ძნელია, მეპატრონეს ფეხბურთელში ამხელა თანხა გადაახდევინო, შემდეგ კი ის სათადარიგოთა სკამზე დასვა. მერედა, ბოლო დროს ლაპარაკია, რომ ზაფხულში თავად ანჩელოტის გაუშვებენ და, შესაბამისად,
დროგბას სიტუაციაში უფრო მკაფიოდ გარკვევა სჭირდება.

თან, აფრიკელ თავდამსხმელს დრო სჭირდება: „ჩელსისთან“ მას, კონტრაქტის თანახმად, კიდევ ერთი წელიწადი აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ახალი გუნდია მოსაძებნი, ძიება რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოს. საქმე ის არის, რომ დროგბას სჭირდება კლუბი, რომელიც „ჩელსის“ მსგავსად კვირაში 120 ათას ფუნტს გადაუხდის. ჯერჯერობით, ამაზე მხოლოდ თურქული „ფენერბაჰჩეა“ თანახმა.


მილიტოს ლონდონში უხმობენ
არგენტინელ თავდამსხმელ დიეგო მილიტოს „არსენალი“ და „ტოტენჰემი“ ეპატიჟებიან. 31 წლის ვარსკვლავი, მოგეხსენებათ, დღეს „ინტერის“ წევრია. მან „ნერაძურის“ შემადგენლობაში 53 შეხვედრაში 27 გოლი გაიტანა, რაც კარგი შედეგია. მილიტო ასევე კარგად თამაშობდა წინა გუნდებში, „რასინგში“, „სარაგოსასა“ და „ჯენოაში“.

დღეს, როდესაც „ინტერი“ ძველებურად ვეღარ თამაშობს, არგენტინელს პრემიერლიგაში მოუნდა გადაბარგება და მის მისაღებად ჩრდილოლონდონელმა კონკურენტებმა გააჩაღეს ბრძოლა.

რომელს აირჩევს ფორვარდი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ადრეა: ჯერ უნდა გამოჩნდეს შეძლებს „ტოტენჰემი“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილის მოპოვებას თუ ვერა. „არსენალის“ ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა კი ეჭვს ამთავითვე არ იწვევს.

შეგახსენებთ, რომ დიეგო მილიტომ ჩემპიონთა ლიგის 2009 წლის ფინალში, მიუნხენის „ბაიერნს“ ორი გოლი გაუტანა.

ახალი თავდამსხმელი კი „დეზებსაც“ სჭირდებათ და „მეთოფეებსაც“: „ტოტენჰემი“ ზაფხულში რომან პავლიუჩენკოს უპირებს გაყიდვას, ხოლო „არსენალი“ ცდილობს რობინ ვან პერსის ღირსეული მეწყვილე გამოუძებნოს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული