სწორედ ამ გოლმა მისცა სერ ალექსს ასე ლაპარაკის საფუძველი: „ახლა მხოლოდ ოთხი თამაში დარჩა და თავს უკვე ჩემპიონებად ვგრძნობთ. ჩვენს ფეხბურთელებს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვთ. როდესაც ვუყურებ, როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ თავიანთი საქმისადმი და რა შემართებით იბრძვიან, ვხვდები, რომ ჩემპიონობის დიდი შანსი გვაქვს“.
ჩიჩარიტოს თავურმა
ფერგიუსონმა განაგრძო: „ძალიან არ მომწონს, როდესაც ხალხი ამბობს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ დასამარცხებელი გვყავს „არსენალი“ და „ჩელსი“. ისეთი ტონით ამბობენ, გეგონება ამას ვერ გავაკეთებთ. მე ფეხბურთელებს ვუთხარი, ლიდერობამ მაინც და მაიც არ გაახაროს. მათ საქმის კეთება ჩვეულებრივად უნდა განაგრძონ“.
არადა, შაბათს, შეხვედრის ბოლო მონაკვეთამდე, ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ ზედიზედ მეორე, უფერული 0:0-ის წინაშე იდგა. ჩიჩარიტომ, „იუნაიტედის“ შემადგენლობაში თავისი მე-19 და პრემიერლიგის მიმდინარე ჩემპიონატში მე-12 გოლის შემდეგ თქვა: „პრემიერლიგაში პირველ სეზონს ვატარებ და პირდაპირ ტიტულის მოპოვება უდიდესი ბედნიერება იქნება“.
„ჩელსიმ“ კი მორიგი თამაში მოიგო და რაც მთავარია, ფერნანდო ტორესმა გოლი გაიტანა. ეს გახლდათ „ლივერპულისგან“ 50 მილიონ ფუნტად ნაყიდი ფორვარდის პირველი გოლი „ლურჯების“ შემადგენლობაში. კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული ესპანელი მას სამი თვე, უფრო ზუსტად 14 მატჩის განმავლობაში, კიდევ უფრო ზუსტად კი 732 სათამაშო წუთს ელოდა. ეს იყო „ჩელსისა“ და „ვესტ ჰემის“ შეხვედრის მეორე გოლი - ინგლისის ჯერ კიდევ ჩემპიონმა 3:0 მოიგო.
მატჩის შემდეგ ტორესმა თქვა: „როდესაც „ჩელსიში“ გადავდიოდი, მეგონა კარიერა სულ სხვანაირად გაგრძელდებოდა, მაგრამ ასე სცოდნია იანვარსა და თებერვალში გუნდის გამოცვლას. თუმცა, გული არ გავიტეხე, მუშაობა განვაგრძე და თანაგუნდელების დიდი დახმარებით დღეს გოლიც გავიტანე. ამიერიდან, ძველებური ზეწოლის ქვეშ აღარ ვიქნები. უკვე შემიძლია ფეხბურთის თამაშით ვისიამოვნო“.
ტორესმა ლურჯი მაისურით გატანილი თავისი პირველი გოლი „ჩელსის“ გულშემატკივრებს მიუძღვნა.
„ფანებმა ჩემს მიმართ უდიდესი მოთმინება გამოიჩინეს. იმედი მაქვს, რომ „ვესტ ჰემის“ კარში გატანილ გოლს ბევრი სხვა მოჰყვება“.
კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ ტორესისთვის ამიერიდან ახალი ცხოვრება იწყება, ხოლო დიდიე დროგბამ, რომელიც ესპანელმა 76-ე წუთზე შეცვალა და რომელიც ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად მის კონკურენტად ითვლება, თქვა, რომ ტორესის გოლი არ უნახავს, რადგან გასახდელში იყო შესული, მაგრამ ისე გაუხარდა, რომ კინაღამ მოედანზე გავარდა და დანარჩენ ფეხბურთელებთან ერთად იხტუნა.
თვალშისაცემი გახლდათ არგენტინელი მაქსი როდრიგესის ჰეთ-თრიკი „ლივერპულისა“ და „ბირმინგემის“ შეხვედრაში. მეოთხე და მეხუთე დირკ კუიტმა და ჯო კოულმა გაიტანეს. მერსისაიდელთა გახარებულმა მწვრთნელმა კენი დალგლიშმა როდრიგესს, რომელიც ბოლო შეხვედრებში სათადარიგოთა სკამზე ჰყავდა, ჭკვიანი ფეხბურთელი უწოდა.
„ტოტენჰემისა“ და „ვესტ ბრომვიჩის“ შეხვედრაში მნიშვნელოვანი ის იყო, რომ საიმონ კოქსის მიერ თამაშის ბოლოს გატანილმა გოლმა ლონდონელებს ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის შანსი შეუმცირა. კიდევ, ჯერმაინ დეფომ პრემიერლიგაში თავისი მე-100 გოლი გაიტანა.
კვირას კი „არსენალმა“ უხეირო შედეგებს კიდევ ერთი მიამატა, ჩემპიონობაზე ფიქრს თავი დაანება და მისმა თავკაცმა არსენ ვენგერმა თქვა, რომ ყველაფერი მისი ბრალია. ეს ამბავი „ბოლტონში“ მოხდა, სადაც მასპინძლებმა „მეთოფეებს“ პირველ ტაიმშიც გაუტანეს და მეორეს ბოლოწამსაც, თუმცა ანგარიშის გაზრდა მანამდე, შესვენების შემდეგვე შეეძლოთ, როდესაც ვოიცეხ შჩესნიმ კევინ დევისს პენალტი (ოღონდ, ტყუილად დანიშნული) აუღო. ვინც ამ შეხვედრის რეპორტაჟი ნახა გაუჩნდებოდა კითხვა: ვის მიუძღვნა ბოლტონელთა მეორე გოლის ავტორმა, მოედანზე ოთხი წუთის შესულმა ტამირ კოენმა გოლი? ვისი გამოსახულება ჰქონდა ქვედა მაისურზე? კოენმა თავისი წარმატება დეკემბერში, მოტოკატასტროფაში დაღუპულ მამას, „ლივერპულის“ ყოფილ ფეხბურთელ ავი კოენს უძღვნა.
ვენგერმა კი თქვა: „თუ ვინმე დამნაშავეა, ეს მე ვარ. მე შევარჩიე შემადგენლობა და მე დავარიგე ფეხბურთელები. ახლა, ჩემპიონობის შანსი ფაქტობრივად აღარ გვაქვს, მაგრამ ბრძოლას მაინც განვაგრძობთ“.
1. მანჩესტერი 34 21 10 3 71-32 73
2. ჩელსი 34 20 7 7 64-27 67
3. არსენალი 34 18 10 6 67-36 64
4. სიტი 32 16 8 8 50-30 56
5. ტოტენჰემი 33 14 13 6 49-41 55
6. ლივერპული 34 15 7 12 51-39 52
7. ევერტონი 34 11 14 9 47-42 47
8. ბოლტონი 33 12 10 11 48-44 46
9. ნიუკასლი 34 10 11 13 49-48 41
10. სანდერლენდი 34 10 11 13 39-49 41
11. ასტონ ვილა 34 10 11 13 43-55 41
12. ვესტ ბრომვიჩი 34 10 10 14 49-64 40
13. ფულჰემი 33 8 15 10 37-36 39
14. სტოკი 33 11 6 16 40-43 39
15. ბირმინგემი 34 8 14 12 34-51 38
16. ბლექბერნი 33 9 8 16 40-54 35
17. ბლექპული 34 9 7 18 48-70 34
18. უიგანი 34 7 13 14 34-57 34
19. ვულვზი 33 9 6 18 37-57 33
20. ვესტ ჰემი 34 7 11 16 39-61 32
ბომბარდირები: 21 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 19 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 15 - ბენტი (ასტონ ვილა), ვან პერსი (არსენალი); 13 - ქეროლი (ლივერპული), მალუდა (ჩელსი), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი); 12 - ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნოლანი (ნიუკასლი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 11 - კემპბელი (ბლექპული), დროგბა (ჩელსი), კუიტი (ლივერპული); 10 - რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ელმანდერი (ბოლტონი), დემპსი (ფულჰემი).