„არსენალის“ ოდინდელი ვარსკვლავისა და „სანის“ მესვეტის, იან რაიტის აზრით არსენ ვენგერი სწორად მოიქცა ჩრდილოლონდონელთა წარუმატებლობაში თავი რომ დაადანაშაულა.
„ოღონდ, სანამ ვინმე არასწორად დაასკვნიდეს დავასწრებ და ვიტყვი, რომ მე ვენგერის თანამდებობიდან გაშვებას სულაც არ ვითხოვ“ — დაწერა „მეთოფეთა“ ლეგენდარულმა ფორვარდმა, თუმცა, იქვე დასძინა, რომ „არსენალი“ სერიოზული პრობლემების წინაშე დგას და ფრანგი მწვრთნელი ვალდებული სასწრაფოდ გადადგას ქმედითი ნაბიჯები.
„არსენისგან ასეთი რამის განცხადება ნამდვილად გმირობა იყო, თუმცა პასუხისმგებლობა ფეხბურთელებსაც ეკისრებათ. მწვრთნელი მათ ენდო და მოტყუებული დარჩა.
რა უნდა გაკეთდეს საიმისოდ, რომ მომავალ სეზონშიც
ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მე სწორად ჩამოვთვალე ფეხბურთელები, რომელთა შეძენაც „არსენალისთვის“ უპრიანი იქნება. ეს უნდა იყოს ხალხი, რომელიც მოედანზე გავა, ვაჟკაცურად იბრძოლებს და შედეგს მიაღწევს. დღეს კი ჩვენს წინაშეა გუნდი, რომელიც თუ იგებს მშვენიერი სანახავია, მაგრამ საკმარისია ფეხი დაუცდეს, რომ სხვა ისტორიის მოწმენი ვხდებით.
ადრე ჩვენ გვყავდა მაღალი კლასის, მაგრამ უტეხი სულის, მებრძოლი ფეხბურთელები: რეი პარლოუ, პატრიკ ვიეირა, ემანუელ პეტი და სხვა. დღეს კი რა ხდება? არსენი ფაქტობრივად არ ყიდულობს გამოცდილ მოთამაშეებს, რომელთაც მოედანზე და გასახდელში სიტყვა ეთქმით. ჩემი ფეხბურთელობის წლებში, „არსენალში“ იყვნენ ბიჭები, რომლებსაც შეეძლოთ მწვრთნელთან მისულიყვნენ და ეთქვათ, რომ ის არასწორად იქცევა. რომ მისი რომელიღაც ნაბიჯი შეცდომა იყო... დღეს, მეეჭვება, ვენგერს გუნდში ასეთი ვინმე ჰყავდეს და იცით რატომ? იმიტომ, რომ „არსენალის“ ახლანდელი ფეხბურთელები მისი მიყვანილი და აღზრდილი ბავშვები არიან. მათ მასწავლებლის გადაწყვეტილებებისთვის ეჭვის თვალით შეხედვა თავში აზრადაც არ მოსდით. ამიტომაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ვინ მივა ზაფხულში ვენგერის ასისტენტად, მას მერე, „ემირეიტ სთედიუმს“ რაც პეტ რაისი დატოვებს. ახალი კაცი მტკიცე ხასიათის პროფესიონალი უნდა იყოს და არა ის, ვინც არსენს ყველაფერში დაეთანხმება. საჭიროა კაცი, რომელიც იტყვის: შენ მართალი არ ხარ“!
შემდეგ რაიტი წერს, რომ „არსენალის“ ფანებისთვის კლუბის ბიუჯეტი იმდენად მნიშვნელოვანი არ არის, რამდენადაც შედეგები. განა ბევრი მათგანი იტყვის, მერე რა, რომ ტიტულებს ვერ ვიგებთ, სამაგიეროდ, კლუბმა ვალებს თავი დააღწიაო? მათ „ემირეიტ სთედიუმზე“ მსოფლიო დონის ვარსკვლავები სჭირდებათ და არა ფულის ეკონომია, რასაც „მეთოფეთა“ პატრონები გამალებით ეწევიან ბოლო წლების განმავლობაში. რაიტს მოჰყავს „მანჩესტერ იუნაიტედის“, „ჩელსის“ და „რეალის“ მაგალითი. ის ამბობს, რომ „იუნაიტედმა“ ამ სეზონში თვალნათლივ გვაჩვენა როგორ უნდა ცუდ ფორმაში ყოფნა და მაინც მოგება. „ჩელსიმ“, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ასპარეზზე ბოლო წლების გასულია, მრავალჯერ დაამტკიცა, რომ გამარჯვებულის მენტალიტეტი და უტეხი სული აქვს, „რეალი“ კი ვალებშია, მაგრამ დიდ გუნდად რჩება...
„ამიტომაც, მე არსენს მილიარდების ხარჯვისკენ არა, მაგრამ რამდენიმე მილიონის გამეტებისკენ მოვუწოდებ“ — დააგვირგვინა რაიტმა.