ძვირი სათადარიგო

AutoSharing Option
„არსენალი“ სესკ ფაბრეგასს ზაფხულში გაყიდის. მართალია, „მეთოფეთა“ მწვრთნელი არსენ ვენგერი ამას სიხარულით ნამდვილად არ გააკეთებს, მაგრამ შარშან მან უკვე დატოვა ფეხბურთელი ლონდონში ძალად და იმავეს ვეღარ გაიმეორებს — ფაბრეგასს მშობლიურ „ბარსელონაში“ უნდა გადასვლა. ჩრდილოლონდონელთა კლუბის თანამშრომლებმა ინგლისურ ტაბლოიდებს დაუდასტურეს, რომ მართალია, 23 წლის ესპანელს კონტრაქტის თანახმად „ემირეიტ სთედიუმზე“ კიდევ ოთხი წელიწადი აქვს გასატარებელი, სინამდვილეში ის აქ ბოლო შეხვედრებს ატარებს. ფაბრეგასი „არსენალში“ კვირაში 120 ათას ფუნტს იღებს.

ბოლო დროს „ბარსელონას“ აღზრდილი ვარსკვლავი არ მალავს, რომ „მეთოფეთა“ გუნდში თამაშზე გული აუცრუვდა. „არსენალს“
2005 წლის მერე ერთ შეჯიბრებაშიც კი არ გაუმარჯვია. ვენგერმაც კარგად იცის, რომ კაპიტნის კიდევ ერთხელ დარწმუნება, თითქოს „ბარსელონაში“ გადასვლას ლონდონში დარჩენა სჯობს, დროის და ძალის ტყუილი ხარჯვა იქნება. შარშან, როდესაც ფრანგმა „ბარსელონას“ 29 მილიონ ფუნტზე (32,6 მილიონი ევრო) უარი უთხრა, ფეხბურთელი ნაწყენი დარჩა, თუმცა მენტორს ვეღარაფერი შეჰკადრა. მაშინ ვენგერმა ფაბრეგასს კიდევ ერთი სეზონით დარჩენა და ყმაწვილი თანაგუნდელების ტიტულემდე მიყვანა სთხოვა. დღეს ის სეზონიც მთავრდება და ვენგერი, ფაბრეგასი და ყმაწვილი თანაგუნდელები კვლავ ტიტულის გარეშე არიან.

„ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ როგორც კი შანსი მიეცემა, ფაბრეგასი „არსენალიდან“ გაიქცევა და თან რაც შეიძლება შორს. ის ჩვენთან რვა წელიწადია თამაშობს და დარწმუნებულია, რომ საკმარისზე მეტი ერთგულება გამოამჟღავნა. ფაქტია, რომ გუნდი სეზონს კვლავ ხელცარიელი ასრულებს და სესკი ეჭვობს, რომ მომავალშიც იგივე გაგრძელდება“ — თქვა კლუბის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.

ერთი სიტყვით, ფაბრეგასს „არსენალი“ ვეღარ დაიტოვებს, მაგრამ ფულს კი იშოვნის — ლონდონელები მის სანაცვლოდ 35 მილიონ ფუნტს (39,5 მილიონ ევროს) ითხოვენ. შეგახსენებთ, რომ ვენგერმა ფაბრეგასი 2003 წელს „ბარსელონას“ აკადემიიდან 500 ათას ფუნტად იყიდა.

როგორც ამბობენ, „ბარსელონა“ არ არის წინააღმდეგი გადაიხადოს ასეთი დიდი თანხა ნახევარმცველში, რომელიც... ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი ვერ იქნება. სწორედ ამასვე ამბობდა ერთი ხნის წინ „ჩელსის“ ფორვარდი ფერნანდო ტორესიც. ის და ფაბრეგასი ესპანეთის ნაკრებში თამაშობენ ერთად. ტორესი მიიჩნევს, რომ ფაბრეგასს „კამპ ნოუზე“ გადასვლა სათადარიგოთა სკამზე ჯდომის მეტს ვერაფერს მოუტანს.
ილია ბაბუნაშვილი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული