ლეგენდამ დაგმო

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტის“ ლეგენდა, კოლინ ბელი თავისიანთაგან პირველია, ვინც ისტლენდელი ქომაგების საქციელი დაგმო. შეგახსენებთ, რომ „სიტის“ ქომაგებმა ორშაბათს, ბლექბერნში, 27 წლის იაია ტურეს დანახვაზე დასცხეს სიმღერა, რომლითაც ფეხბურთელს ვითომ, 16 აპრილს, „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში გოლის გატანა შეუქეს, სინამდვილეში კი მიუნხენის ცნობილ ავიაკატასტროფაზე იშაყირეს. ტურეს გოლით, „სიტიმ“ „უემბლიზე“ „იუნაიტედი“ ფეხბურთის ასოციაციის თასიდან გააგდო.

და აი, ბელმა „სიტის“ ფანებს სთხოვა პატივი სცენ იმ 23 ადამიანის ხსოვნას, რომლებიც 1958 წელს მიუნხენის აეროპორტში დაიღუპნენ. 65 წლის ყოფილმა ვარსკვლავმა ბრძანა:

„ჩვენი გუნდის ნამდვილი ქომაგები ასეთ რამეს
არ იკადრებდნენ. ისინი, ვინც ამას აკეთებენ, „სიტის“ ნამდვილი ფანები არ არიან. ადამიანების სიცოცხლეზე ასე მღერა არ შეიძლება. თან, ეს უკვე კარგა ხანია მეორდება და მე მათ ვთხოვ, გაჩერდნენ. რაც ხდება ძალიან სამწუხაროა, ყოველგვარ ნორმებს სცილდება.

მე თავად ვთამაშობდი „სიტიში“, კარიერის დამთავრების შემდეგ გუნდის ქომაგი ვარ და არ მინდა ჩემი საყვარელი გუნდის სახელი ვინმემ შებღალოს“.

„მანჩესტერ სიტის“ ხელმძღვანელები ასეთი სიმღერების და შეძახილების წინააღმდეგ კარგა ხანია მუშაობენ. ისინი ცდილობენ ხულიგნები გამოავლინონ და თამაშებზე დასწრების უფლება ჩამოართვან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული