ებუე უშიშარია

AutoSharing Option
„არსენალის“ 27 წლის ვარსკვლავი ემანუელ ებუე თანაგუნდელებს ეხვეწება კვირას, „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ შიშით არ გავიდნენ მოედანზე. ის, რომ „მეთოფეებს“ ჩემპიონობის შანსი აღარ აქვთ, გასულ უქმეებზე, ბოლტონში დამტკიცდა, მაგრამ არსებობს თავმოყვარეობაც.

„არსენალს“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ დამარცხების შემთხვევაში შეუძლია პრემიერლიგის ბოლო ტურებს აზრი შეუნარჩონოს და „ჩელსის“ მისცეს ლიდერის დაწევის შანსი.

„ჩვენ მანჩესტერელებს, რასაკვირველია, პატივისცემით უნდა მოვეპყროთ, მაგრამ შიში ყოვლად დაუშვებელია. მთავარია კვირას ჩვენებურად ვითამაშოთ და თამაშის მერე ვნახავთ ტაბლოზე როგორი ანგარიში იქნება“.

„იუნაიტედი“ ლონდონში, რასაკვირველია, საკუთარ შესაძლებლობებში უკიდურესად დარწმუნებული ჩავა. სერ ალექს ფერგიუსონის
ბიჭებმა ხომ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, „შალკეს“ სტუმრად მოუგეს და აღმავლობას განიცდიან. გარდა ამისა, შეგვიძლია „არსენალისა“ და „იუნაიტედის“ შეხვედრათა სტატისტიკას ჩავხედოთ: ბოლო ექვსი დაპირისპირებიდან ხუთი მანჩესტერელებმა მოიგეს.

თუ ებუეს კვირას ათამაშებენ, მას, სავარაუდოდ, ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ვარსკვლავის, 37 წლის რაიან გიგზის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.

„ის დღესაც ისე თამაშობს, გეგონება, 20 წლისა იყოს“ - შეაქო მეტოქე კოტ დ’ივუარელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული