კენის ჩხუბისთავი უნდა

AutoSharing Option
„ლივერპულის“ ახალი თავკაცი, კენი დალგლიში „ნიუკასლ იუნაიტედისგან“ 28 წლის ჩეხუბისთავის, ჯოი ბარტონის ყიდვას აპირებს.

ამბობენ, რომ მერსისაიდული გუნდის შოტლანდიელი ლეგენდა საქმის გაჩარხვას 5 მილიონ ფუნტად აპირებს. „კოპის მეფე კენი“ (კოპი ტრიბუნაა „ენფილდ როუდზე“) ბარტონის თამაშსა და პროგრესს, თურმე, დიდი ხანია აკვირდება და ნახევარმცველი ძალიან მოსწონს, თუმცა, შეუძლებელია არ ესმოდეს, რომ ამ გაუწონასწორებელი კაცის ყიდვამ შეიძლება შარს გადაჰყაროს.

რამდენადაც ტაბლოიდებისთვის გახდა ცნობილი, დალგლიშს ზაფხულში ექვსი ახალი მოთამასის ყიდვა აქვს გადაწყვეტილი. მას სიაც ჩამოუწერია, რომელშიც შედიან: „ბლექბერნის“ ფილ ჯონსი, „ბლექპულის“ ჩარლი ადამი,
„ასტონ ვილას“ ეშლი იანგი და სტიუარტ დაუნინგი და „იფსვიჩის“ კონოტ უიკჰემი. „ლივერპულიდან“ გამოსულ ხმათა თანახმად, დალგლიშს „წითელი“ გუნდისთვის მკაცრად ბრიტანული იერსახის და სულის დაბრუნება სურს, რისთვისაც ბარტონი, თავისი თავდადებული, ენერგიული სტილით, ზედგამოჭრილ კანდიდატურად მიაჩნია.

თან, ბარტონი წარმოშობით მერსისაიდელია, ლივერპულის სიახლოვეს, ჰუიტონში გახლავთ დაბადებული, მაგრამ მოედანზე „წითლებისადმი“ განსაკუთრებული მოწიწებით არასდროს გამოირჩეოდა. გასულ დეკემბერს, „ნიუკასლისა“ და „ლივერპულის“ შეხვედრაში („კაჭკაჭებმა“ მოიგეს 3:1) ის ფერნანდო ტორესს დაეჯახა, მანამდე კი, „ენფილდ როუდზე“ ბოლო ვიზიტის დროს, ჩაბი ალონსოს წინააღმდეგ უხეშობის გამო გააგდეს მოედნიდან.

თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, დალგლიშს მიაჩნია, რომ ბარტონი მის გუნდს ახალ სისხლს შემატებს და მოედნის სიღრმიდან 35 მილიონიან შენაძენ ენდი ქეროლს დაეხმარება - ქეროლი და ბარტონი, იანვრამდე, ერთად თამაშობდნენ „ნიუკასლში“. ბარტონის პასებით ქეროლმა „კაჭკაჭთა“ მაისურით 8 გოლი გაიტანა. ცნობისთვის: ბარტონს „სენტ ჯეიმსი’ზ პარკზე“ კონტრაქტი 2012 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული