ერთ კვირაში ისეთი თამაშია...

AutoSharing Option
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავკაცი ჰარი რედნაპი „ჩელსისთან“ მარცხს თანამსაჯ მარტინ კეირნსს აბრალებს. პირველ ტაიმში, როდესაც სანდროს გოლით მისი გუნდი 1:0-ს იგებდა, ფრენკ ლემპარდმა საჯარიმო მოედნის მისადგომებიდან დაარტყა. მეკარე გომეშმა ბოლოდროინდელ „ტრადიციას“ არ უღალატა, ბურთი ხელში ვერ შეიმაგრა, ფეხებს შორის გაუძვრა და... მერე დაიჭირა, მაგრამ სად? ხაზს შიგნით? რედნაპს სწორედ ამაში შეეპარა ეჭვი:

„დროა ფეხბურთში ტექნოლოგიები შემოვიღოთ. ჩვენს კარში პირველი გოლი ისე ჩათვალეს, რომ ბურთს ხაზი არ გადაუკვეთავს. მსგავს ეპიზოდებში მსაჯს გადაწყვეტილების მისაღებად ერთი წამი ეძლევა, ასეთ მოკლე დროში კი დედამიწის ზურგზე
ვერავინ შეამჩნევს გავიდა გოლი თუ არა. კეირნსს ერთი შანსი რჩებოდა, ალალბედზე უნდა გამოეცნო ბურთმა ხაზი გადაკვეთა თუ არა. მან ვერ გამოიცნო.

იმავე ლემპარდმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბურთი კარში შეაგდო, მაგრამ გოლი არ ჩაუთვალეს. მერწმუნეთ, სანამ ტექნოლოგიებს არ დავნერგავთ, ასეთი შეცდომები დაუსრულებლად გაგრძელდება. ხომ გახსოვთ, რა წერია წესში? ბურთმა ხაზი მთლიანად უნდა გადაკვეთოს. თუ მსაჯს ოდნავ მაინც ეპარება ეჭვი, გოლი არ უნდა ჩათვალოს, მაგრამ როდესაც მთელი სტადიონი ღრიალს და ზეიმს იწყებს, მსაჯი წინააღმდეგობას ვეღარ უწევს. არადა, ფეხბურთში სწორი გადაწყვეტილებების მიღებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.“

საინტერესოა, რომ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით კოლეგას „ჩელსის“ თავკაცი კარლო ანჩელოტიც დაეთანხმა:

„სამწუხაროდ, მსაჯებს ჩანაწერის ნახვის საშუალება არ აქვთ, ვფიქრობ, ტექნიკა მათ დიდ დახმარებას გაუწევდა. მე ეპიზოდი ჩანაწერში ვნახე და როგორც პატიოსანი ადამიანი ვაღიარებ, რომ მსაჯი შეცდა, მაგრამ ამ ეპიზოდში სწორი გადაწყვეტილების მიღება ძნელი იყო. ჩვენ ვალდებულნი ვართ ობიექტურობა არც მაშინ დავკარგოთ, როდესაც მოვლენები ჩვენს სასარგებლოდ ვითარდება.“

„ჩელსის“ გამარჯვების გოლი ფერნანდო ტორესის მაგივრად შესულმა სალომონ კალუმ 89-ე წუთზე ოდნავი ოფსაიდიდან გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ეს გოლიც ჩათვალა. დასრულდა თუ არა შეხვედრა, კალუ გასახდელში შევარდა - ბოლოწამს მოპოვებული მნიშვნელოვანი გამარჯვება თანაგუნდელებთან ერთად არ უზეიმია. ანჩელოტიმ თქვა:

„ბედნიერი ვარ გამარჯვების გოლი რომ გავიტანეთ, ხოლო კალუმ გამარჯვება იზეიმა თუ არა, არ მაინტერესებს. ეს პრობლემა არც არის. ჩემი საქმე მაღალი დონის პროფესიონალების ხელმძღვანელობაა, ხოლო ის, რომ ზოგიერთ მათგანს სათადარიგოთა სკამზე მოუწევს ჯდომა და ეს არ მოეწონება, ჩვეულებრივი ამბავია. გუნდში 11 ფეხბურთელი თამაშობს, და ამ ადგილებზე დიდი კონკურენციაა.“

საინტერესოა, რომ „სტემფორდ ბრიჯზე შეხვედრას „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ესწრებოდა, მაგრამ მან სტადიონი კალუს გოლამდე დატოვა. ამაზე ანჩელოტიმ იხუმრა:

„ის ცოტა ადრე წავიდა და ჩვენი მეორე გოლის ამბავი არ იცის. არა უშავს, მესიჯს გავუგზავნი და შევატყობინებ.“

შაბათის სხვა შეხვედრებში ასეთი ამბები დატრიალდა: „ბლექბერნმა“ „ბოლტონს“ 1:0 მოუგო. ეს გახლდათ ბლექბერნელთა პირველი მოგება იანვრის შემდეგ, რომლის წყალობითაც მათ პრემიერლიგაში დარჩენის იმედი კიდევ უფრო გაუღვივდათ. მწვრთნელმა სტივენ კინმა მატჩის შემდეგ ასე თქვა:

„ჩვენ უშუალო კონკურენტებთან, „ვესტ ჰემსა“ და „ვულვზთან“ შეხვედრები ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ამ შეხვედრებში ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგრამ, ვფიქრობ 40 ქულითა და გატანილ-გაშვებულთა კარგი ბალანსით პრემიერლიგაში დარჩენა შეიძლება.“

„ბლექპულმა“ „სტოკს“ უმასპინძლა, მაგრამ ვერ მოიგო და გავარდნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად რჩება. მეტიც, შეხვედრის საუკეთესო მომენტი სტუმრებს ჰქონდათ: პირველი ტაიმის დამატებულ წუთებში თავდამსხმელმა კინუაინ ჯონსმა „ბლექპულის“ მეკარე მეტიუ გილკსი მოატყუა, მაგრამ ბურთი კარში ვეღარ შეაგდო.

„ფულჰემმა“ სანდერლენდში დამაჯერებლად გაიმარჯვა, 3:0. საინტერესოა, რომ სტუმრად, 2009 წლის მერე, ეს დასავლეთ ლონდონელთა მხოლოდ მეორე გამარჯვება იყო. არადა, თავიდან თითქოს „სანდერლენდი“ უფრო ყოჩაღობდა, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენა.

როი ჰიჯსონის „ვესტ ბრომვიჩს“ დიდებული დღე ჰქონდა: ვესტ ბრომვიჩელები „ასტონ ვილას“ 26 წლის განმავლობაში ვერ უგებდნენ და აი, ნანატრი დღეც დადგა. თან როგორ - თავიდან ჩამორჩნენ, მერე გაათანაბრეს, მერე, მეორე ყვითლის გამო კაცი გაუგდეს და მაინც შეძლეს გამარჯვების გოლის შეგდება. „ვესტ ბრომვიჩს“ პრემიერლიგიდან გავარდნა აღარ ემუქრება.

„უიგანისა“ და „ევერტონის“ შეხვედრა 1:1 დასრულდა. თავიდან მასპინძლები იგებდნენ, შემდეგ მიკელ არტეტამ მათ კარში პენალტი ვერ გაიტანა, მაგრამ საბოლოოდ სტუმრებმა მაინც გაქვითეს ანგარიში - ლივერპულელთა მარცხენა მცველმა ლეიტონ ბეინესმა ყოფილი გუნდის კარში დანიშნული კიდევ ერთი პენალტი შეაგდო.

კვირას კი ტურის მთავარი შეხვედრა შედგა - „არსენალმა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლა და 1:0 მოუგო. ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ერთ კვირაში, „ოლდ ტრეფორდზე“ დიდი მატჩი გაიმართება, „იუნაიტედი“ კვალში ჩამდგარ „ჩელსის“ უმასპინძლებს და იმ შეხვედრაში გამოჩნდება საჩემპიონო დოღი ბოლო წამამდე გაგრძელდება თუ... თუმცა „მეთოფეთა“ გუშინდელმა გამარჯვებამ თრილერებით სავსე ინგლისის ჩემპიონატს კიდევ ერთი დიდი ინტრიგა რომ შემატა, ფაქტია.

პირდაპირ უნდა ითქვას: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ უღონოდ ითამაშა. „არც არსენალი“ გახლდათ გადასარევ ფორმაში, მაგრამ, როგორც ჩანს ბოლოდროინდელი წარუმატებლობებით შეურაცხყოფილმა ჩრდილოლონდონელებმა მაინც უფრო მეტი მოსთხოვეს თავს. „იუნაიტედის“ გადაღლა (თუ რაიმე არ გვეშლება) კი გასაკვირი არ არის: ჩემპიონთა ლიგაში თამაში „შალკესთან“, მერე „არსენალთან“ პრინციპული დაპირისპირება, რასაც რამდენიმე დღეში გერმანულ გუნდთან საპასუხო მატჩი უნდა მოჰყვეს...

შეხვედრის ერთადერთი გოლი არონ რემსიმ გაიტანა. ეს მისი პირველი შედეგიანი დარტყმა გახლდათ 2010 წლის დეკემბრის შემდეგ. იყო რამდენიმე სადავო ეპიზოდიც, როდესაც ფეხბურთელები პენალტს ითხოვდნენ. მათგან ყველაზე მკაფიო პრიველი ტაიმის მომენტი გახლდათ, როდესაც მანჩესტერელთა მცველმა ნემანია ვიდიჩმა თეო უოლკოტის ჩაწოდებულ ბურთს ხელი გაჰკრა. კანტიკუნტი სახიფათო სიტუაცია ორივე კართან შეიქმნა. ერთი სიტყვით, ამ შეხვედრაში ყველაზე საინტერესო შედეგი იყო, თამაში კი ამ გუნდების მონაწილეობით გაცილებით უკეთესი გვინახავს.

კვირას გაიმართა კიდევ სამი შეხვედრა. „ბირმინგემმა“ „ვულვერჰემპტონს“ უმასპინძლა და 1:1 ითამაშა. გამარჯვების შემთხვევაში „ვულვზი“ გასავარდნ ზონას დატოვებდა, მაგრამ ვერ მოახერხა. არადა, მასპინძელთა გუნდი 29-ე წუთიდან უმცირებაში დარჩა, ორი ყვითლის გამო კრეიგ გარდნერი გააძევეს მოედნიდან.

ფორმაში შესულმა „ლივერპულმა“ „ნიუკასლს“ 3:0 მოუგო. მერსისაიდელთა ეს გამარჯვება იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ მათ მეხუთე ადგილზე გადაინაცვლეს - „ტოტენჰემს“ გაუცვალეს ადგილი. საინტერესოა, რომ „ლივერპულმა“ შინ ჩატარებულ ბოლო სამ შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

ამ მატჩში ყველა სეირს ელოდა: ენდი ქეროლი თავის ყოფილ გუნდს უნდა დაპირისპირებოდა და ეს მოხდა კიდეც, მაგრამ როდესაც ქეროლი მოედანზე შევიდა ანგარიში უკვე 3:0 იყო.

„მანჩესტერ სიტიმ“ აუტსაიდერ „ვესტ ჰემს“ 2:1 აჯობა. ისტლენდელები მე-15 წუთზე უკვე 2:0-ს იგებდნენ, მაგრამ დემბა ბამ ერთი ხნის მერე სხვაობა შეამცირა. რობერტო მანჩინის გუნდს კიდევ ჰქონდა საგოლე მომენტები - მარიო ბალოტელიმ ძელს გაარტყა ბურთი, დავიდ სილვამ კი მეკარესთან პირისპირ შესვლა ვერ გამოიყენა.

და კიდევ ერთი: მომავალ სეზონში, პრემიერლიგაში „ქუინზ პარკ რეინჯერსი“ ითამაშებს. ჩემპიონშიპის ბოლო ტურში, „უოტფორდთან“ სტუმრად 2:0 გამარჯვება საკმარისი აღმოჩნდა, რათა დასავლეთ ლონდონელთა 129 წლის გუნდი მიუწვდომელი გამხდარიყო. „რეინჯერსი“ უმაღლეს ინგლისურ ლიგას თხუთმეტი წელიწადი აკლდა. ამგვარად, აგვისტოდან პრემიერლლიგაში ინგლისის დედაქალაქის ერთ უბანს სამი გუნდი ეყოლება: „ჩელსი“, „ფულჰემი“ და „ქუინზ პარკი“.

მომდევნო ტური
7 მაისი: ასტონ ვილა-უიგანი, ბოლტონი-სანდერლენდი, ევერტონი-მანჩესტერ სიტი, ნიუკასლ იუნაიტედი-ბირმინგემი, ვესტ ჰემი-ბლექბერნი, ტოტენჰენმი-ბლექპული.

8 მაისი: ვულვზი-ვესტ ბრომვიჩი, სტოკი-არსენალი, მანჩესტერ იუნაიტედი-ჩელსი; 9 მაისი: ფულჰემი-ლივერპული.


1. მანჩესტერი 35 21 10 4 71-33 73
2. ჩელსი 35 21 7 7 66-28 70
3. არსენალი 35 19 10 6 68-36 67
4. სიტი 34 18 8 8 53-31 63
5. ლივერპული 35 16 7 12 54-39 55
6. ტოტენჰემი 34 14 13 7 50-43 55
7. ევერტონი 35 11 15 9 48-43 48
8. ბოლტონი 35 12 10 13 48-48 46
9. ფულჰემი 35 10 15 10 43-36 45
10. სტოკი 35 12 7 16 43-43 43
11. ვესტ ბრომვიჩი 35 11 10 14 51-65 43
12. ნიუკასლი 35 10 11 14 49-51 41
13. ასტონ ვილა 35 10 11 14 44-57 41
14. სანდერლენდი 35 10 11 14 39-52 41
15. ბირმინგემი 35 8 15 12 35-52 39
16. ბლექბერნი 35 10 8 17 41-55 38
17. ბლექპული 35 9 8 18 48-70 35
18. უიგანი 35 7 14 14 35-58 35
19. ვულვზი 35 9 7 19 38-61 34
20. ვესტ ჰემი 35 7 11 17 40-63 32

ბომბარდირები: 21 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 19 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 15 - ბენტი (ასტონ ვილა), ვან პერსი (არსენალი); 14 - ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი); 13 - ქეროლი (ლივერპული), მალუდა (ჩელსი); 12 - დემპსი (ფულჰემი), დროგბა (ჩელსი), ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნოლანი (ნიუკასლი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 11 - კემპბელი (ბლექპული), კუიტი (ლივერპული); 10 - რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ელმანდერი (ბოლტონი).

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული