რა უნდა ფიფას? ანუ პოლი და გოლი

AutoSharing Option
პრემიერლიგის ბოლო ტურში ბევრი საინტერესო რამ მოხდა, რომელთა შორის საზოგადოებას თვალში, ყველაზე მეტად მსაჯთა შეცდომები ეცა.

გუშინ, „არსენალისა“ და „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეხვედრაში არდანიშნულ პენალტებზე მოგახსენეთ, დღეს კი, ნება მოგვეცით, ერთი დღით უკან დავბრუნდეთ და „ჩელსა“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ შეხვედრა გავიხსენოთ, რომელიც „ლურჯებმა“ 2:1 მოიგეს, მაგრამ ორივე გოლი წესების დარღვევით გაიტანეს.

მეორე გოლი, რომელიც „სფურზის“ კარში სალონომ კალუმ შეაგდო, ოდნავი, მაგრამ ოფსაიდიდან გავიდა, პირველი დარღვევა კი უფრო საინტერესო იყო: ფრენკ ლემპარდის დარტყმული ბურთი მეკარე გომესმა ხაზს მიღმა ნაწილობრივ გადაგორებული დაიჭირა. წესების
თანახმად კი, გოლი მაშინ ითვლება, როდესაც ბურთი ხაზს მთლიანად გადაკვეთს.

საინტერესოა, რომ ჩათვალა თუ არა მსაჯმა ანდრე მარინერმა ლემპარდის გოლი, სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე მილიონობით ადამიანმა დაწერა, რომ დროა ფეხბურთში ტექნოლოგიები დაინერგოს. ერთი და იმავე ტიპის ამდენი შეცდომის ატანა უკვე შეუძლებელია. გოლი გავიდა თუ არა, ზუსტმა აპარატურამ უნდა გადაწყვიტოს და არა ადამიანმა, რომელიც შესაძლოა თვალმა მოატყუოს. ხაზს ვუსვამთ, სოციალურ ქსელებსა და ფორუმებში, ლემპარდის გოლს გამოხმაურება თამაშის მერე კი არა, რამდენიმე წუთში მოჰყვა. მსაჯი შეცდა, არადა, ეს გახლდათ უდიდესი მნიშვნელობის გადაწყვეტილება, რომლის დახმარებით „ჩელსი“ შეიძლება ჩემპიონიც კი გახდეს.

ამრიგად, ფიფას პრეზიდენტი ზეპ ბლატერი და უეფას თავკაცი მიშელ პლატინი კიდევ ერთხელ დადგნენ სერიოზული გამოცდის წინაშე. ცნობილია, რომ მათ, ფეხბურთში ტექნოლოგიების დანერგვა არ უნდათ და ამას ადამიანური ფაქტორის (მათ რიცხვში შეცდომების) შენარჩუნების სურვილით ხსნიან. მაგრამ, რაც დრო გადის და ერთი და იმავე ტიპის შეცდომათა რაოდენობა იზრდება და ბლატერი და პლატინი სულ უფრო დიდ უმცირესობაში რჩებიან.

„სტემფორდ ბრიჯზე“ თამაშის დასრულების შემდეგ ინგლისურმა ტელეარხებმა უამრავი ადამიანი გამოჰკითხეს. მათ შორის გახლდათ „ლივერპულის“ თავკაცი კენი დალგლიში, რომელსაც ჰკითხეს, ტექნოლოგიების დანერგვის შემთხვევაში ძალიან შეყოვნდება თუ არა მატჩები და დაიკარგება თუ არა თამაშის დინამიკა. დალგლიშმა უპასუხა: „თუ გამარჯვებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, მაშინ გამარჯვებულის გამოსავლენად ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო საშუალებები უნდა გამოვიყენოთ. პირადად მე ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ უნდა ვთქვათ უარი კარის ხაზის ტექნოლოგიებზე“.

ბოლოს და ბოლოს, ტელეკამერები ისედაც ყველაფერს აკონტროლებს ანუ, სხვა სიტყვებით, ტექნოლოგია რა ხანია სტადიონებზეა (აბა, საიდან გაიგო მთელმა მსოფლიომ, რომ ლემპარდის გოლი არ უნდა ჩათვლილიყო) და ასეთ პირობებში იმის დაჩემება, რომ გოლი მაინც და მაინც კაცის თვალმა უნდა შეამჩნიოს, არასერიოზულია. პირიქით, ახლა, უკვე, რაც მეტი კამერა იმუშავებს, მით უკეთესი იქნება.

ერთი სიტყვით, ახლა სიტყვა ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო საბჭოზეა - ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელიც ფეხბურთის წესებში ცვლილებებს ამტკიცებს. და კიდევ, პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ რომ 2007 წელს, ფიფამ, ეგრეთწოდებული „ქორი თვალის“ სისტემა „რედინგის“ ერთ-ერთ თამაშზე დაამონტაჟა და... როგორც კი დაინახა, რომ სისტემამ გაამართლა, ექსპერიმენტი შეწყვიტა.

ახლა კი ფრენკ ლემპარდის გოლს ფიფას ყოფილი არბიტრის, გრემ პოლის თვალით შევხედოთ. აი, რას ამბობს, არბიტრთა საქმის ექსპერტი:

„თუკი თანამსაჯ მაიკ კერინსს დასჯიან, სწორად მოიქცევიან, რადგან, მან არ გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. თავიდან კერინსი სწორად იდგა. სწორედ იქ უნდა მდგარიყო მსაჯის ასისტენტი, რათა თამაშგარე მდგომარეობა შეემჩნია, მაგრამ შემდეგ სურათი შეიცვალა - ლემპარდმა კაარტყა, ბურთი მეკარე გომეშმა დაიჭირა, მერე გაუვარდა, ფეხებს შორის გაუძვრა და მის შესაპყრობად გადახტა. ამ ხნის განმავლობაში კერინსი ვალდებული იყო ბურთის მიმართულებას გაჰყოლოდა, ის კი ადგილზე დარჩა და საბოლოოდ თავი ისეთ პოზიციაში ამოჰყო, საიდანაც ვეღარ დაინახა გავიდა თუ არა გოლი.

წესი ასეთია: ბურთმა კარის ხაზი, ჰაერში ან მიწაზე, მთლიანად უნდა გადაკვეთოს და თუ თანამსაჯი ამას ვერ აფასებს, ესე იგი, არასწორი კუთხით მდგარა. მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც დარწმუნებით ვერავინ ამბობს გადაკვეთა თუ არა ბურთმა კარის ხაზი და აქ, რასაკვირველია, უკვე ტექნოლოგიაა საჭირო. რამდენჯერ უნდა ჩავვარდეთ სასაცილო მდგომარეობაში, როდესაც მსაჯის გარდა მთელმა მსოფლიომ იცის გავიდა თუ არა გოლი?“
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული