უილშირს ფეხბურთის თამაში უყვარს

AutoSharing Option
სტიუარტ პირსი ინგლისის 21 წლამდელთა ნაკრებს ჯეკ უილშირის გარშემო ააწყობს - უილშირი ახალგაზრდულის თავკაცს პოლ გესქოინის ახალგაზრდობას ახსენებს. „არსენალის“ ამომავალი ვარსკვლავი 19 წლის გახლავთ, პირსი კი სწორედ ამ კლუბის ვეტერანია.

შესაძლოა, ამიტომაც უყურებს მწვრთნელი შეგირდს მზრუნველი მამის თვალით, თუმცა მედალს მეორე მხარეც აქვს: უილშირის ნაკრებში გამოძახებით პირსმა „მეთოფეთა“ ხელმძღვანელობა გააბრაზა. ლონდონელთა თავკაცის, არსენ ვენგერის გარდა პირსმა „ლივერპულის“  ხელმძღვანელი კენი დალგლიშიც გააღიზიანა - ენდი ქეროლსაც მიუვიდა ფურცელი ფეხბურთის ასოციაციიდან.

საინტერესოა, რომ ვენგერმა უილშირის გამოძახების წინააღმდეგ საკმაოდ ხმამაღლა გაილაშქრა - ასე თქვა,
თუ ამ ყმაწვილს ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანთ, მაშინ, აგვისტოში, დიდი ნაკრების ამხანაგურ შეხვედრაში ვეღარ ითამაშებსო. აგვისტოში ინგლისელებს მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ჰოლანდიასთან აქვთ დაგეგმილი სპარინგი.

ვენგერისა და დალგლიშის აღშფოთების მიუხედავად პირსი მშვიდად არის. ამ დღეებში მან რამდენჯერმე სცადა „არსენალის“ თავკაცთან დაკავშირება, რათა მასთან ერთად ემსჯელა უილშირის მიერ ჩატარებული თამაშების რაოდენობასა და მის შესაძლო გადაწვაზე, მაგრამ ფრანგის დაჭერა შეუძლებელი აღმოჩნდა.

დანიაში, ევროპის პირველობაზე წასაყვან ფეხბურთელთა საბოლოო სია პირსმა 1 ივნისს უნდა გამოაქვეყნოს. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი უილშირს, სავარაუდოდ, თავს არ დაანებეს. მას ძალიან სჭირდება ეს ფეხბურთელი, რადგან ჯგუფშივე ესპანეთს ხვდება და უძლიერესი შემადგენლობა სჭირდება.

„ორი წლის წინ ზუსტად ასეთ დღეში ვიყავი. მაშინ, არსენ ვენგერი ევროპის ჩემპიონატზე თეო უოლკიტის წაყვანას აპროტესტებდა. მისი იმდროინდელი არგუმენტი სამხრეთ აფრიკის მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. ეს შეჯიბრება ახლოვდებოდა და ვენგერი ამტკიცებდა, რომ უოლკოტის ახალგაზრდათა ევროპის პირველობაზე წაყვანა მას გადაწვავდა. გავიდა დრო და... თეო სამხრეთ აფრიკაში საერთოდ არ წაიყვანეს.

საერთოდ, გადაწვაზე ჩემი შეხედულება მაქვს. თავად გახლდით ფეხბურთელი და 21 წლისა, წელიწადში 250 შეხვედრაში ვიღებდი მონაწილეობას. აქ, ლიგის გარეშე, ყველა ჯურის თამაშებს ვგულისხმობ. და რამე დამაკლო ასეთმა დატვირთვამ? არა, რადგან 40 წლამდე ფეხბურთელი ვიყავი.

არც ნაკრებში თამაშისთვის ამირიდებია ოდესმე თავი. ყველაფერი რომ შევაჯამო, კარიერაში ათასზე მეტი ოფიციალირი მატჩი მექნება ჩატარებული და ამიტომ, მინდა ყველა ფეხბურთელს მივმართო: ნუ დაიმალებით, ითამაშეთ ფეხბურთი! თქვენ კონტრაქტის თანახმად სხვა არაფერი მოგეთხოვებათ. უილშერით იმიტომ ვარ აღფრთოვანებული, რომ მას სწორედ ფეხბურთი უყვარს ძალიან. ის მე გესქოინს მაგონებს. დიდ ფეხბურთელებს საერთო ის აქვთ, რომ მათ თამაში სიამოვნებთ. მათ ბურთაობას არავინ აძალებს.“

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული