ბილეთებს ცეცხლი წაეკიდა

AutoSharing Option
„არსენალი“, ზაფხულში, დონეცკის „შახტარის“ თავდამსხმელის, 22 წლის ბრაზილიელი უილიანის ყიდვას აპირებს. თურმე, უილიანი „ემირეიტ სთედიუმზე“ სამირ ნასრის შემცვლელად ესახებათ. „მეთოფეთა“ სკაუტებმა „დონეცკელი ბრაზილიელი“ ამ სეზონში რამდენჯერმე ნახეს და ძალიან მოეწონათ. აქვე უნდა ითქვას, რომ უილიანის შეძენაზე უარს არც „ჩელსი“ და „ლივერპული“ იტყოდნენ.

ბუნებრივია გაგიჩნდებოდათ კითხვა: კი მაგრამ, ნასრი სად მიდის? საქმე ის არის, რომ ნასრის ამჟამინდელ კონტრაქტს ძალა მომავალი სეზონის დამთავრების შემდეგ ეკარგება და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ფრანგი ვარსკვლავი „არსენალიდან“ წავა. მართალია, მწვრთნელ არსენ ვენგერს ჯერ კიდევ არ
გადაუწურავს იმედი, რომ ნასრი კლუბთან ახალ, გრძელვადიან ხელშეკრულებას გააფორმებს, მაგრამ „მეთოფეთა“ მაღალ ეშელონებში გრძნობენ, რომ საკმარისია, ევროპის რომელიმე დიდი კლუბიდან სარფიანი წინადადება მიიღოს, რომ 23 წლის შემტევი ნახევარმცველი გაქცევას შეეცდება. ცხადია, ცნობილია ის გუნდები, რომლებმაც, შესაძლოა, ფრანგის ყიდვის სურვილით „არსენალს“ ჯერ არ მიმართეს, მაგრამ მის შესახებ გაიკითხ-გამოიკითხეს. ესენია: „ინტერი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ სიტი“ და „ბარსელონა“.

დღეს ასეთი მდგომარეობაა: თუ ნასრიმ „არსენალთან“ ახალ კონტრაქტს ხელი ახლავე არ მოაწერა, „მეთოფეები“ შეეცდებიან ის ამ ზაფხულშივე გაყიდონ, თორემ გაისად ქუდს დაიხურავს და თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა. სხვა სიტყვებით, მომავალი სეზონის შემდეგ ლონდონელები ნასრის სანაცვლოდ კაპიკს ვეღარ იშოვნიან.

რაც შეეხება ზემოთ ნახსენებ უილიანს, მას „შახტარი“ 22 მილიონ ფუნტს აფასებს. „არსენალი“ ასეთი თანხის გადახდას, სავარაუდოდ, არ აპირებს. ამბობენ, რომ ინგლისელები ვაჭრობას 13 მილიონიდან დაიწყებენ და სადამდე მივლენ, გამოჩნდება.

ამ ბოლო დროს „არსენალის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, ოღონდ, ამჯერად არა ფეხბურთელი, არამედ აღმასრულებელი შეფი, აივან გაზიდისი მოექცა ყურადღების ცენტრში. მან თქვა, რომ პრემიერლიგის კლუბები წლიურ აბონემენტებს ისეთ ფასს ადებენ, რომ სტადიონებზე მაყურებლის რაოდენობა დაიკლებს. მიზეზი: სულ იზრდება და იზრდება სატრანსფერო ბაზარზე ფეხბურთელების ფასი, კლუბებს კი მათ შესაძენად თანხა სჭირდებათ. აღსანიშნავია, რომ გაზიდისის ამ განცხადებას წინ „არსენალის“ მიერ ბილეთების ფასის 6,4 პროცენტით გაზრდა უსწრებდა.

ცნობისათვის: „ემირეიტ სთედიუმზე“ დასწრება მსოფლიოში ყველაზე ძვირი სიამოვნებაა. ახლა ეს სიამოვნება კიდევ უფრო გაძვირდა. ამიერიდან, ყველაზე იაფი აბონემენტი 893-იდან 951 ფუნდამდე გაიზრდება.

გაზიდისმა „არსენალის“ გულშემატკივარს ასე მიმართა: „სრულიად ვიზიარებ თქვენს გულისწყრომას სეზონური ბილეთების გაძვირების გამო. თქვენ იძულებულნი ხართ ან საოცრად დიდი თანხა გადაიხადოთ ან ფეხბურთზე აღარ იაროთ. ეს პრინციპული საკითხია, რომელსაც დიდი ყურადღების მიქცევა სჭირდება. ამიტომაც ვუჭერ მხარს უეფას ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ფეხბურთში ფულის ხარჯვას კონტროლი სჭირდება.

ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ კლუბები ბილეთების ფასზე ასე ძალიან არ უნდა იყვნენ დამოკიდებული. უმაღლესი დონის კლუბებს ძირითადი შემოსავალი სხვა უნდა ჰქონდეთ. სამწუხაროდ, დღეს „არსენალი“ ბილეთებზე უფრო მეტად არის დამოკიდებული ვიდრე უშუალო კონკურენტები“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული