პერდიუს სატრანსფერო ჩანაფიქრი

AutoSharing Option
დღე ისე არ გავა, პრესაში „ნიუკასლის“ მწვრთნელ ალან პერდიუს სატრანსფერო გეგმებზე რომ არ დაიწეროს. ბოლო ინფორმაციის თანახმად „კაჭკაჭთა“ ხელმძღვანელს „იფსვიჩიდან“ 18 წლის კონორ უიკჰემის გადაბირება უნდა, ოღონდ, ამბობენ, რომ პერდიუს ამისათვის „ტოტენჰემსა“ და „ლივერპულთან“ მოუწევს ჭიდილი.

პერდიუს ჯერ კიდევ არ დაუხარჯავს ის 35 მილიონი ფუნტი, რომელიც „ლივერპულისგან“ ენდი ქეროლის სანაცვლოდ მიიღო. აქვე გეტყვით, რომ „ნიუკასლის“ თავკაცი ახალგაზრდა ვარსკვლავს კარგად იცნობს. სწორედ მან მიიყვანა ის „რედინგში“, სანამ ფეხბურთელი „იფსვიჩში“ გადავიდოდა.

ამბობენ, რომ პერდიუს ქეროლის სრულფასოვანი შეცვლისთვის ზაფხულში ორი თავდამსხმელის ყიდვა აქვს
გადაწყვეტილი. ასახელებენ „რედინგის“ ირლანდიელ ფორვარდ შეინ ლონგსა და კარდიფელ ჯეი ბოთროიდს. 28 წლის ბოთროიდი, თუ გახსოვთ, კარიერის დასაწყისში, ორი წლის განმავლობაში იტალიურ „პერუჯაში“ აგორებდა ბურთს და ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა.

თუმცა დავუბრუნდეთ უიკჰემს, რომელმაც მიმდინარე ჩემპიონატში 7 გოლი გაიტანა. არავისთვის არის დამალული, რომ ის, სეზონის დამთავრების შემდეგ „იფსვიჩს“ დასტოვებს, ოღონდ კლუბი მის სანაცვლოდ 10 მილიონი ფუნტის მიღებას აპირებს. ერთადერთი ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ კონორ უიკჰემი არ იყიდება და არც თავად აპირებს სადმე გადასვლას, „იფსვიჩის“ მწვრთნელი პოლ ჯუელია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული