მთავარი არგუმენტი: "ოლდ ტრეფორდი"

AutoSharing Option
და აი, დადგა დღე, როდესაც პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: ვინ გახდება პრემიერლიგის ჩემპიონი? ხვალ სეზონის მთავარი მატჩია, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ჩელსის“ მასპინძლობს.

რა მდგომარეობაა ცხრილში, თავად ხედავთ. დარჩენილი თამაშების კალენდარი გაინტერესებთ? ინებეთ: ბოლო ორ ტურში „იუნაიტედს“ რჩება სტუმრობა „ბლექბერნთან“ და „ბლექპულის“ მასპინძლობა, ხოლო „ჩელსის“ „ნიუკასლის“ მასპინძლობა და „ევერტონთან“ სტუმრობა. სხვა რაიმე განსაკუთრებული გუნდების თავს არ ხდება. ახლა, ჰა ბურთი და ჰა მოედანიო, რომ იტყვიან, სწორედ ის მდგომარეობაა.

სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, ტრადიციული წინათქმის მაგივრად აჯობებს „დეილი მეილში“ მოძიებულ კითხვა-პასუხს გადავავლოთ თვალი. გაზეთმა
ინგლისში ავტორიტეტულ პიროვნებებს სამ კითხვაზე სთხოვა პასუხის გაცემა, თუმცა, ჯერ პიროვნებებს გაგაცნობთ. უფრო სწორად, „დეილი მეილის“ გამოკითხულ რესპონდენტთა რაოდენობას შევამცირებთ, რადგან ზოგი მათგანი ქართველი მკითხველისთვის უცნობია. „ჩვენი“ რჩეულები კი ყოფილი ფეხბურთელებისგან და მწვრთნელებისგან შედგებიან. ჯერ ფეხბურთელებს მოვუსმინოთ: ჯეიმი რედნაპი (ჰარი რედნაპის ვაჟი, ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი), მარტინ კიოუნი („არსენალის“ ცნობილი მცველი, ინგლისის ნაკრების ყოფილი წევრი) და ენდი თაუნსენდი (ირლანდიის ნაკრების ყოფილი წევრი, მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე).

- „ჩელსის“ რომელ ფეხბურთელს უნდა უფრთხილდეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ ყველაზე მეტად?
რედნაპი: დიდიე დროგბას. მისი მებრძოლი სული და სიმძლავრე შემაძრწუნებელია. ვფიქრობ, ამ შეხვედრაში ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე სწორედ მას ვიხილავთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროგბას ძალიან უყვარს დიდ შეხვედრებში თავის გამოჩენა.

კიოუნი: ყველაზე საფრთხილო ცენტრალური თავდამსხმელი იქნება - სულერთია, ანჩელოტი დროგბას ათამაშებს თუ ფერნანდო ტორესს. დროგბა, როგორც თვითმყოფადი ფორვარდი, რასაკვირველია, ძალიან ძლიერია, მაგრამ ნემანია ვიდიჩისა და რიო ფერდინანდისთვის ტორესის სისწრაფე და კომბინაციური ფეხბურთი, ვგონებ უფრო უსიამოვნო იქნება.

თაუნსენდი: „იუნაიტედი“ ნახევარდაცვაში ბურთს ძველებურად ვეღარ ათამაშებს, ამიტომ ვფიქრობ, მისთვის ყველაზე სახიფათო რომელიმე ერთი ლონდონელი კი არა, ნახევარდაცვის ტრიო იქნება. თუ მიკაელ ესიენი, ჯონ ობი მიკელი და ფრენკ ლემპარდი ჩვეულად ათამაშდებიან, შესაძლოა „ჩელსიმ“ გაიმარჯვოს კიდეც.

- ვინ იქნება მთავარი ფიგურა „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში?
რედნაპი: უეინ რუნი. „მანჩესტერ იუნაიტედს“ სხვა განზომილებას სწორედ რუნი ანიჭებს. როდესაც რუნი კარგად თამაშობს, „იუნაიტედი“ დიდი გუნდია. თან, მეჩვენება, რომ დავიდ ლუიზი, რომელიც მომავალში ნამდვილად დიდებული ფეხბურთელი იქნება, ჯერჯერობით დაცვაში ცოტა უმწიფარია და შესაძლოა რუნიმ ამით ისარგებლოს.

კიოუნი: წესით მანჩესტერელთა მთავარი ფიგურა რუნი უნდა იყოს. წინა ტურში“, „არსენალთან“, ის უკან დარბოდა და მსაჯს ეკამათებოდა. ახლა, ყველაფერი უნდა დაივიწყოს და თავის საქმეს მშვიდად მიხედოს. როდესაც ის ამას ახერხებს, ევროპის უძლიერეს ვარსკვლავთა დონეზე თამაშობს. ასეთ დროს რუნი ღონიერია, სწრაფი და მშვენიერ პასებს აწვდის.

თაუნსენდი: რაიან გიგზი. მას დიდ მატჩებში განსაკუთრებით კარგად თამაში სჩვევია და გადამწყვეტი საგოლე პასების გადაწოდებაც ეხერხება. დაძაბული შეხვედრის დროს ანგარიშის გახსნაა თუ გათანაბრება, ამას გიგზი ახერხებს.

- ვინ მოიგებს ამ შეხვედრას და ვინ გახდება ჩემპიონი?
რედნაპი: გულთმისანი არ ვარ, მაგრამ, ვფიქრობ, ეს შეხვედრა ფრედ დამთავრდება, ოღონდ 0:0 არ იქნება - გოლები გავა. „ჩელსი“ მოგებას შეეცდება, რადგან ლონდონელთათვის მართლა სეზონის მთავარი მატჩია. ჩემპიონი კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ გახდება. კარიერის მანძილზე ბევრ საჩემპიონო რბოლაში მიმიღია მონაწილეობა და ვიცი, რომ ტიტულს ყოველთვის ღირსეული იგებს.

კიოუნი: ხვალინდელ თამაშსაც და ჩემპიონის ტიტულსაც „იუნაიტედი“ მოიგებს. შინ, „ოლდ ტრეფორდზე“, ამ გუნდს მეტოქეებთან შედარებით წარმოუდგენლად დიდი უპირატესობა აქვს. თან, „ჩელსი“ დიდი წნეხის ქვეშ არის. ვფიქრობ, ღია თამაში იქნება, განაპირა მცველები შეტევებში ჩაერთვებიან, მაგრამ საბოლოოდ მასპინძლები მოიგებენ.

თაუნსენდი: ჩემპიონი უეჭველად „იუნაიტედი“ გახდება, თამაში კი, ვფიქრობ, 1:1 დამთავრდება. დაახლოებით ისეთსავე სურათს ველი, ამ გუნდების პირველი წრის სეხვედრასი რომ ვიხილეთ. კერძოდ, შეიქმნება შთაბეჭდილება, რომ უპირატესობას „იუნაიტედი“ ფლობს, მაგრამ, „ჩელსი“ თავის გასატანს მაინც გაიტანს.

ახლა, ვნახოთ, რას ამბობენ პრემიერლიგის მწვრთნელები:

რობერტო მანჩინი (მანჩესტერ სიტი): მთელი სეზონის განმავლობაში ვამბობდი, რომ ჩემპიონობის მთავარი კანდიდატი „ჩელსი“ იყო. როდესაც „იუნაიტედი“ ლონდონელებს 15 ქულით უსწრებდა, ხალხი დამცინოდა, მაგრამ დღეს, ხომ ხედავთ, ყველაფერი შესაძლებელია. თუ „ჩელსი“ გაიმარჯვებს, ჩემპიონიც გახდება, მაგრამ „იუნაიტედის“ მოგება უძნელესი საქმეა. ორივე გუნდში ბევრი იდიდ ფეხბურთელი თამაშობს.

ალექს მაკლიში (ბირმინგემ სიტი): ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დაამარცხოს ვინმემ „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ოლდ ტრეფორდზე“. მეორე, მხრივ „ჩელსის“ დასაკარგი არაფერი აქვს... თუმცა, „იუნაიტედი“ უძლიერესი გუნდია და, თან, ფრეც ხელს აძლევს. ვფიქრობ, ყველაფერი უფრო მანჩესტერელთა სასარგებლოდ დასრულდება.

იან ჰოლოუეი (ბლექპული): ოთხშაბათს, ჩემპიონთა ლიგის ნახვის შემდეგ „იუნაიტედისკენ“ ვიხრები. არადა, მანამდე... რას ვიფიქრებდი, რომ წინა ტურში „იუნაიტედი“ „არსენალთან“ წააგებდა. ამის მერე, „შალკესთან“ მანჩესტერელთა სრულიად გადახალისებული შემადგენლობა რომ დავინახე, ვიფქირე, რომ გუნდში რაღაც გაიბზარა, მაგრამ დაიწყო თამაში და გამოჩნდა, რომ ისინი კიდევ უფრო მეტად შეკრულან და შემართულან.

მარკ ჰიუზი (ფულჰემი): ბოლო პერიოდში „ჩელსიმ“ საოცრად გამოასწორა თამაში. ორი კვირის წინ ყველას ყველაფერი დამთავრებული ეგონა, მაგრამ, აგერ, დღეს დიდ მატჩს მივადექით. ამისათვის ქება და დიდება ლონდონელებს, მაგრამ მე მაიც სერ ალექსს ვუწინასწარმეტყველებ გამარჯვებას. მას დიდი უპირატესობა აქვს - შინ თამაშობს. „მანჩესტერ იუნაიტედი“ ძალიან ძლიერი გუნდია.

36-ე ტურის შეხვედრებიდან კიდევ, საინტერესოა „ტოტენჰემისა“ და „ბლექპულის“ დაპირისპირება. ლონდონელები შეეცდებიან მეხუთე ადგილზე დაბრუნების შანსი ხელიდან არ გაუშვან, „ბლექპული“ კი სახიფათო ზონაშია და პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებას ცდილობს.

დიდი ბრძოლა გაიმართება „ვესტ ჰემისა“ და „ბლექბერნის“ შეხვედრაშიც. აქ, ორივეს თავის გადარჩენა უნდა. დამარცხების შემთხვევაში „ჩაქუჩებმა“ შეიძლება ამ ტურშივე დასტოვონ პრემიერლიგა.

„ევერტონის“ და „მანჩესტერ სიტის“ დაპირისპირება კი იმით იქნება სასეირო, რომ ლივერპულის გუნდი ევროლიგაში გამსვლელი ადგილისთვის იბრძვის, ხოლო „სიტი“ ოთხეულს უმიზნებს.

დღეს
ასტონ ვილა-უიგანი18:00
დისკვალიფიკაცია: დივაინი (ასტ)
ტრავმა: აირლენდი - პოლიტი

ბოლტონი-სანდერლენდი 18:00
ტრავმა: სტარიჯი, შ. დევისი, ჰოლდენი, რიკეტსი - ნობლი, უილბეკი, ასამოა, რიჩარდსონი, გორდონი, მენსა, ფ. კემპბელი

ევერტონი-მანჩესტერ სიტი 18:00
ტრავმა: ჰეიტინგა, ბაქსტერი, საა, ფელაინი - გივენი, რიჩარდსი, ტევესი, ბოატენგი

ნიუკასლი-ბირმინგემი 18:00
დისკვალიფიკაცია: ჯერვისი, გარდნერი (ორივე ბირმინგემი)
ტრავმა: კადარი, ბესტი, გოსლინგი, სმიტი, ბენ არფა - ჟიგიჩი, მარტინსი, მ. ტეილორი, ველესი, მაკფადენი, ს. დანი

ვესტ ჰემი-ბლექბერნი 18:00
დისკვალიფიკაცია: გულონი (ბლექბერნი)
ტრავმა: დაიერი, ნობლი, პარკერი, ო’ნილი, სტანისლასი, კურუჟი - ჰოილეტი, დ. დანი, ნილსენი, ენდრიუსი, გრელა

ტოტენჰემი-ბლექპული 20:30
ტრავმა: პალასიოსი, კრანჩარი, ასუ-ეკოტო, ჰატონი, ლ. კინგი, ვუდგეიტი - კერნი, ბეშემი

ხვალ:
ვულვერჰემპტონი-ვესტ ბრომვიჩი 15:00
დისკვალიფიკაცია: დოჰერტი - შარნერი
ტრავმა: მოუიოკოლო, ედუარდსი, ებანკს-ბლეიკი, ზუბარი, დოილი - იბანესი, რიდი, დორანსი

სტოკი-არსენალი 17:05
ტრავმა: ფაიე, ეზერინგტონი, ჰულერი, ჰიგინბოტემი, სიდიბე - ისტმონდი, ფაბიანსკი

მანჩესტერ იუნაიტედი-ჩელსი 19:10
დისკვალიფიკაცია: მორისონი, ბლეკეტი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი)
ტრავმა: ლინდეგაარდი, ჰარგივსი (ორივე მანჩესტერ იუნაიტედი)

ზეგ
ფულჰემი-ლივერპული 23:00
ტრავმა: კამარა, დ. დაფი - კელი, აურელიო, აგერი, ჯერარდი

თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 35 21 10 4 71-33 73
2. ჩელსი 35 21 7 7 66-28 70
3. არსენალი 35 19 10 6 68-36 67
4. სიტი 34 18 8 8 53-31 63
5. ლივერპული 35 16 7 12 54-39 55
6. ტოტენჰემი 34 14 13 7 50-43 55
7. ევერტონი 35 11 15 9 48-43 48
8. ბოლტონი 35 12 10 13 48-48 46
9. ფულჰემი 35 10 15 10 43-36 45
10. სტოკი 35 12 7 16 43-43 43
11. ვესტ ბრომვიჩი 35 11 10 14 51-65 43
12. ნიუკასლი 35 10 11 14 49-51 41
13. ასტონ ვილა 35 10 11 14 44-57 41
14. სანდერლენდი 35 10 11 14 39-52 41
15. ბირმინგემი 35 8 15 12 35-52 39
16. ბლექბერნი 35 10 8 17 41-55 38
17. ბლექპული 35 9 8 18 48-70 35
18. უიგანი 35 7 14 14 35-58 35
19. ვულვზი 35 9 7 19 38-61 34
20. ვესტ ჰემი 35 7 11 17 40-63 32

ბომბარდირები: 21 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 19 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 15 - ბენტი (ასტონ ვილა), ვან პერსი (არსენალი); 14 - ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი); 13 - ქეროლი (ლივერპული), მალუდა (ჩელსი); 12 - დემპსი (ფულჰემი), დროგბა (ჩელსი), ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი), ნოლანი (ნიუკასლი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 11 - კემპბელი (ბლექპული), კუიტი (ლივერპული); 10 - რუნი (მანჩესტერ იუნაიტედი), ელმანდერი (ბოლტონი).
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოლდ ტრეფორდი კი არა ოლდ ტრაფორდი!
RooneY
13:31 07-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული