საოცარიც სწორედ ეს არის. დღეს შეჯიბრება მთავრდება. „რეინჯერსი“, როგორც მოგახსენეთ, ჩემპიონია და უცბად, ორშაბათს, შეიძლება გაირკვეს, რომ მას 10 ქულას აკლებენ. შესაბამისად, ჩემპიონად გამოცხადდება მეორე ადგილზე გასული „ნორვიჩ სიტი“, ხოლო საბრალო ლონდონელები პრემიერლიგის ერთხელ უკვე მოპოვებული საგზურის ხელახლა მოსაპოვებლად პლეი-ოფში ჩაებმებიან. მაგრ
დღეს „ქუინზ პარკს“ მეშვიდე ადგილზე მყოფი „ლიდსი“ ხვდება, რომლის თავმჯდომარე კენ ბეიტსი ამბობს: „გარშემო სრული ქაოსი და უწესრიგობაა. კლუბებს ასე არ უნდა ეპყრობოდნენ. რაც ხდება უსამართლობაა, როგორც „ქუინზ პარკის“ ასევე სხვა გუნდების მიმართ“.
შეგახსენებთ არეულობის მთავარ მიზეზს: გაჩნდა ეჭვი, რომ „რეინჯერსის“ 24 წლის არგენტინელ ფეხბურთელ ალეხანდრო ფაურლინს სამი პატრონი ჰყავს, რაც კანონით აკრძალულია. თუ გახსოვთ, წლების წინ ასეთივე ისტორია იყო კერლოს ტევესსა და ხავიერ მასკერანოსთან დაკავშირებითაც. უხეშად რომ ვთქვათ, ფეხბურთელი ერთი კლუბის საკუთრებაა - ამ კლუბმა ის იყიდა მეორე კლუბისგან, მაგრამ გამყიდველი კლუბი მისი ასპროცენტიანი მეპატრონე არ იყო. ანუ, საქმეშია მესამე კლუბი ან საფეხბურთო აგენტი, რომელსაც თავისი წილი ეკუთვნის და იწყება ერთი ამბავი. ინგლისელებმა ტევეს-მასკერანოს ამბის შემდეგ „სამპატრონიანობა“ აკრძალეს. ბოლო წლების კანონით, ნებისმიერმა ინგლისურმა კლუბმა უნდა იყიდოს ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მთლიანად წინა მფლობელის საკუთრებაა.
ასე და ამგვარად, დღეს დასავლეთ ლონდონის ჩემპიონი გუნდი „ლიდსს“ ეთამაშება და წარმოდგენა არ აქვს გადავიდა პრემიერლიგაში თუ არა. არადა, პირველი ადგილი სრულიად დამსახურებულად მოიპოვა. „რეინჯერსის“ პრეს-მდივანმა განაცხადა: „ბოლო შეხვედრაში, „ლიდს იუნაიტედის“ წინააღმდეგ, ჩვენს გუნდს „ჩემპიონატის“ გამარჯვებულის ჯილდოს გადასცემენ. ჩვენ ზეიმს ვაპირებთ“.
მწვრთნელი ნილ უორნოკი: „მე „ლოფტუს როუდზე“ თამაში მიყვარს და მინდა ჩვენმა გულშემატკივარმა ღირსეულად მოპოვებული პირველობა იზეიმოს“.
გამოჩნდნენ ადამიანები, რომელთაც გაუჩნდათ კითხვა, აქვს თუ არა ფეხბურთის ასოციაციას უფლება ჩამოართვას კლუბს ტიტული, მას მერე, რაც მას ეს ტიტული გადაეცემა. „ქუინზ პარკში“ სჯერათ, რომ საკმარისია სეზონი დამთავრდეს, რომ მათი ჯილდოსთვის ხელის მხლებელი აღარავინ არის, თუმცა ასოციაციაში არაფერს გამორიცხავენ.
საინტერესოა, რომ ამ არეულობის მიუხედავად, პლეი-ოფები გეგმის თანახმად, შემდეგი ხუთშაბათიდან გაიმართება. ეს, თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ „რეინჯერსს“ ტიტულის ჩამორთმევის შემთხვევაში ასოციაციის ვერდიქტის გაპროტესტების დროც კი არ ექნება.
ბეიტსმა თქვა: „ყველაზე მეტად ის ვერ გამიგია, რატომ მოვიდა საქმე აქამდე, როდესაც ასოციაციამ ყველაფერი სექტემბერშივე კარგად იცოდა“.