"ჩელსი" მორჩა, გაუმარჯოს "იუნაიტედს"!

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, ფანებს კარს მომდგარი ჩემპიონობა მიულოცა - „ბლექბერნსა“ და „ბლექპულთან“ დარჩენილ შეხვედრებში „იუნაიტედს“ ერთი ქულის მოპოვებაღა სჭირდება, რათა ოფიციალურად გახდეს ინგლისის ყველაზე ტიტულიანი გუნდი. მანჩესტერელთათვის ეს მე-19 ჩემპიონობა იქნება და ისინი „ლივერპულს“ გადაასწრებენ.

„ჩელსისთან“ შეხვედრაში, „იუნაიტედი“ დაწყებისთანავე დაწინაურდა - ხავიერ ერნანდესმა, იმავე ჩიჩარიტომ, პირველივე წუთზე გახსნა ანგარიში. 22 წლის მექსიკელისთვის, ყველა შეჯიბრებაში ერთად, ეს უკვე სეზონის მე-20 გოლი გახლდათ, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდა ვარსკვლავს ახალ გუნდში... მეტიც, ახალ ქვეყანაში - თავი დავანებოთ იმას, რომ
ეს ახალი ქვეყანა სხვა კონტინენტზე მდებარეობს და იქ მისთვის ჩვეული ლათინური მენტალიტეტისგან განსხვავებული მენტალიტეტი და ცხოვრების წესია - საუცხოო დებიუტი ჰქონდა. მეორე გოლი მანჩესტერელებმა პირველი ტაიმის ბოლოს, 38-ე წუთზე გაიტანეს - თავურით ნემანია ვიდიჩმა შეაგდო. „ჩელსიმ“ მასპინძლებს ერთადერთი პასუხი გასცა. ეს გახლდათ 68-ე წუთზე ფრენკ ლემპარდის მიერ გატანილი გოლი, რომელმაც ვერაფერი შეცვალა.

მატჩის შემდეგ ფერგიუსონმა თქვა, რომ მდაბლად უკრავს თავს გულშემატკივარს, რომლის ღვაწლი გუნდის წარმატებაში ძალიან დიდია.

„დღევანდელი გამარჯვება ხალხს ეძღვნება. გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენ მაყურებლის მხარდაჭერა გვჭირდებოდა და მანაც არ დააყოვნა. დღეს ჩვენი გულშემატკივარი დიდებული იყო. ვიცი, დღეს ტრიბუნაზე ძალიან ბევრი ადამიანი ფრჩხილებს იკვნეტდა და ინფარქტის საშიშროების წინაშე იდგა. მე მათი მესმის, თავად ერთი მათგანი ვიყავი.

ახლა, „ბლექბერნსა“ და „ბლექპულთან“ დაგვრჩა სათამაშო. მეტოქეებს ყოველთვის პატივს ვცემ და იმედია სხვანაირად არც ახლა ჩამომართმევთ, მაგრამ სეზონის დასაწყისში ვინმეს რომ ეთქვა, ბოლო ორ შეხვედრაში ერთი ქულის მოპოვებაღა დაგჭირდებაო, სიხარულით ჩამოვართმევდი ხელს.“

კიდევ, ფერგიუსონმა აღნიშნა, რომ შეხვედრის ერთ მონაკვეთში მისმა ფეხბურთელებმა „ჩელსის“ კინაღამ გამოცოცხლებისა და გადარჩენის შანსი მისცეს. არადა, მეტწილად მანჩესტერელთა უპირატესობა შთამბეჭდავი იყო.

„იმ ეპიზოდებში, როდესაც მეტოქეს სახიფათოდ შეტევის საშუალებას ვაძლევდით, რასაკვირველია, ნერვიულობა მატულობდა, მაგრამ გულშემატკივარი ძალიან გვეხმარებოდა. რაც მთავარია, ჩვენ მთელი შეხვედრის განმავლობაში ვქმნიდით საგოლე მომენტებს. მარტო მეორე ტაიმში შეგვეძლო ექვსი გოლის გატანა... მარტო რუნის შეეძლო ექვსი გოლის გატანა. თუმცა, უკმაყოფილების საბაბი არ გვაქვს, ჩვენ დიდებულად ვითამაშეთ. რთულ მატჩს ველოდით და რთული მატჩი მივიღეთ კიდეც. საბედნიეროდ, თავიდანვე დავწინაურდით.“

სერ ალექსმა თავის ფეხბურთელთაგან ორი გამოჰყო - ყველაზე ასაკოვანი და ახალგაზრდა. ახალგაზრდა, ალბათ, მიხვდით, ერნანდესია, ასაკოვანი კი - 37 წლის რაიან გიგზი.

„გიგზი კვლავ უნაკლო იყო. ამას წლეულს უკვე მერამდენედ ვამბობ. თუმცა, ის, ფიზიკურად, იმდენად კარგ ფორმაშია, რომ, ვატყობ, მომდევნო სეზონებშიც მომიწევს ამ სიტყვების გამეორება. ერნანდესმა კი ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ეს ბიჭი მზად არის ყოველდღე უკეთ და უკეთ ისწავლოს ფეხბურთის თამაში და ამიტომაც, მის წინაშე უდიდესი პერსპექტივა იშლება. ჩიჩარიტო „მანჩესტერ იუნაიტედში“ პირველად რომ ვარჯიშობდა, პოლ სქოულზმა შეხედა და მითხრა, ეს ამ სეზონში 25 გოლს გაიტანსო.“

ცხენოსნობის თავგადაკლულმა ფანმა, ფერგიუსონმა, თქვა, რომ ახლა, „მანჩესტერ იუნაიტედს“ ტიტულის მოპოვებაში ხელს მხოლოდ „დივონ ლოხის“ ტიპის შეცდომა თუ შეუშლის. „დივონ ლოხი“ ლეგენდარული ცხენი გახლდათ, რომელიც დედოფალ ელიზაბეთს ეკუთვნოდა, მაგრამ შეცდომა ხომ ყველას მოსდის - 1956 წელს, ერთ-ერთ უდიდეს დოღზე „დივონ ლოხმა“ იმიტომ წააგო, რომ... ბოლოწამს, ფინიშის ხაზის გადაკვეთის ნაცვლად არარსებულ წინააღმდეგობას გადაახტა და წამები დაკარგა.

„თუმცა, „დივონ ლოხის“ ამბავს ნურც გამახსენებთ. მას მამაჩემი გულშემატკივრობდა და კინაღამ ინფარქტი მოუვიდა“, - იხუმრა შოტლანდიელმა.


დავიდ ლუიზის შესახებ
დამარცხებულთა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ ტიტული უკვე „მანჩესტერ იუნაიტედისაა“, ინგლისურ გაზეთებში კი დაიწერა, რომ იტალიელის დასავლეთ ლონდონში დარჩენა სათუოა.

„იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში „ჩელსის“ კვლავ მე ვუხელმძღვანელებ, თუმცა ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, - თქვა ანჩელოტიმ, - თუმცა, ამის გასაგებად დიდი დროც არ დაგვრჩა. ორ კვირაში ინგლისის ჩემპიონატი მთავრდება. ნამდვილად არ ვიცი, რას ფიქრობს ახლა უკვე გასულ სეზონზე ჩვენი მეპატრონე. პირადად მე ვფიქრობ, რომ უკეთაც შეგვეძლო. რატომ ვერ გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო? ამის ახსნას დიდი დრო უნდა. სეზონი რომ დამთავრდება დიდ კრებას მოვიწვევ და ყველაფერზე იქ ვილაპარაკებ.

ჩემპიონი კი „მანჩესტერ იუნაიტედია“. ამ გუნდმა ტიტული ღირსეულად მოიპოვა. ვულოცავ მის მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს. ის დიდებული სპეციალისტი და საუცხოო ადამიანია. ასეთ კოლეგებს უდიდეს პატივს ვცემ. ისინი ფეხბურთს ამშვენებენ.“

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, ანჩელოტის აზრით ის, მისმა ფეხბურთელებმა, პირველივე წუთზე წააგეს. ლაპარაკია ჩიჩარიტოს გოლზე, როდესაც, საყოველთაო აზრით, ბრაზილიელი მცველი, ნაქები დავიდ ლუიზი შეცდა და მექსიკელს მეკარესთან პირისპირ გასვლის საშუალება მისცა. ანჩელოტიმ იგი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალა.

„თამაში საშინლად დავიწყეთ და პირველივე წუთზე წავაგეთ. ასეთი სტარტის შემდეგ მდგომარეობის გამოსწორება ყოველთვის ძალიან ძნელია. მეორე ტაიმი პირველზე უკეთ კი ჩავატარეთ, მაგრამ „იუნაიტედის“ ფეხბურთელები მაინც გვჯობდნენ.

დავიდ ლუიზზე კი რისი თქმა შეიძლეიბა - თამაშის წინა დღეს, ვარჯიშზე, ფეხს იტკიებდა. კვირას, დილით, რომ შევამოწმეთ, გვითხრა, ყველაფერი კარგად არისო. დავუჯერე და ვათამაშე, იქ კი შეცდა.“

თუმცა, „არსენალის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, თავადაც მცველმა, კარიერის დასრულების შემდეგ BBC-სა და სხვადასხვა გაზეთების მიმომხილველმა, მარტინ კიოუნმა თქვა, რომ „ჩელსის“ იმდღევანდელი გასაჭირის მთლიანად დავიდ ლუიზისთვის გადაბრალება უსამართლობა იქნებოდა.

„კარლო ანჩელოტიმ ერნანდესის გოლში დავიდ ლუიზი დაადანაშაულა, თუმცა ამ ეპიზოდში მარტო ის არ შემცდარა. კი ბატონო, ლუიზს პოზიცია ოდნავ დაკარგული ჰქონდა, საჭირო ადგილიდან მარჯვნივ იდგა, რის გამოც მას და მეორე ცენტრალურ მცველ ჯონ ტერის შორის დიდი სივრცე დარჩა, მაგრამ ტერი ვალდებული იყო პარტნიორის შეცდომა გამოესწორებინა. ამისთვის მას ორი გზა ჰქონდა: ან ლუიზისთვის ნიშანი უნდა მიეცა და ერნანდესი ოფსაიდში ჩაეტოვებინათ, ან, თუ ხაზზე დარჩენას ამჯობინებდა, თავად გადასულიყო ერნანდესისკენ და ბურთისთვის ებრძოლა. როდესაც თანაგუნდელს მეტოქე თავდამსხმელის მეურვეობას ავალებენ, შენ კი მისი მეწყვილე ხარ, ვალდებული ხარ ასეთი შემთხვევები დაითვალისწინო. ასე და ამგვარად, დამნაშავე ორივე იყო, თუმცა ჯოხი ლუიზზე გადატეხეს და შესვენებისას შეცვალეს. ეს, ანჩელოტის მხრივ, ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილება იყო და მეტიც, მეორე ტაიმის ბოლოსკენ თავად მას დააკლო ერთი ცვლილება.“


დაანებეთ ვიქტორიას თავი
უეინ რუნიმ „ჩელსის“ გულშემატკივრებს გამარჯვების ნიშანი, „ვიქტორია“ აჩვენა და გაზეთებში ხმაური გამოიწვია. ეს ამბავი პირველი ტაიმის მიწურულს, შესვენებამდე მოხდა. V-ს დანახვამ ის სექტორი, სადაც ლონდონელი ფანები ისხდნენ, ცხადია, აღაშფოთა. ატყდა დიდი ღრიანცელი. ეპიზოდი დაუყოვნებლივ მოხვდა Youtube-ზე. თუ არ დაიზარებთ და მოძებნით (ასე ჰქვია - wayne rooney sticking two fingers up at the chelsea fans for nothing on 8 may 11 4pm kick off) ნახავთ, რომ 25 წლის ვარსკვლავი ამას ძალიან დემონსტრაციულადაც არ აკეთებს, მაგრამ... გამგები გაიგებსო, რომ იტყვიან, ისეა.

შეგახსენებთ, რომ ხუთი კვირის წინ, „ვესტ ჰემთან“ შეხვედრაში, რუნიმ ჰეთ-თრიკი, რომ შეასრულა, მესამე გოლი ტელეკამერასთან მირბენითა და მთელი ქვეყნის გასაგონად, გინებით აღნიშნა. ამისთვის ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა დასჭირდა, მაგრამ ორთამაშიან დისკვალიფიკაციას ვერ გადაურჩა.

ინგლისურმა ტაბლოიდებმა მყისვე მოძებნეს ადამიანები, რომელთაც ეპიზოდი კარგად დაინახეს. ერთ-ერთმა თქვა: „ლონდონელი ფანები მას მთელი შეხვედრის განმავლობაში შეურაცხყოფას აყენებდნენ. რუნის რეაქცია მხოლოდ საპასუხო იყო.“

თავად რუნიმ, მატჩის შემდეგ, „ტვიტერზე“, ეს ეპიზოდი საერთოდ არ ახსენა. მხოლოდ ის დაწერა, ისეთი გახარებული ვარ, სადმე უნდა წავიდე და რამდენიმე ჭიქა ღვინო დავლიოო. „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრეს-მდივანმა „ვიქტორიას“ ჟესტის ამბავი კატეგორიულად უარჰყო.


არსენს არსენალისა ვერა გაუგია
„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ჩელსის“ შეხვედრის გარდა, გასულ უქმეებზე სხვა მატჩებიც შედგა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი და გამოხმაურების ღირსი, „სტოკთან“ „არსენალის“ მარცხი იყო. ვენგერის იმპერიის არმაგედონი გრძელდება, თავად ფრანგს კი ვერ გაუგია, რატომ დაატყდა თავს ასეთი რისხვა.

„რაღაც ხდება. ჩვენს თამაშში რაღაც დაიკარგა და „სტოკთან“ შეხვედრაში ამას ყველანი ნახავდით. რასაკვირველია, „სტოკი“ გაცილებით დიდი შემართებით თამაშობდა, ვიდრე ჩვენ. გარდა ამისა, ვფიქრობ, იმიტომ წავაგეთ, რომ მასპინძლები თავს ჩვენზე უკეთ იცავდნენ, თუმცა... ეს, რა სალაპარაკოა. კაცმა რომ თქვას, სათქმელი არაფერი მაქვს.“
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული