დედოფლის პარკში ზეიმია

AutoSharing Option
მართალია, „ქუინზ პარკ რეინჯერსმა“ ბოლო ტურში, „ლიდს იუნაიტედთან“, 2:1 წააგო, მაგრამ 88 ქულით მაინც ჩემპიონშიპის გამარჯვებულად დარჩა — ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გადაწყვიტა დასალვლეთ ლონდონელთა გუნდს, რომელსაც, 2009 წელს, 24 წლის არგენტინელი ნახევარმცველი ალეხანდრო ფაურლინი კანონის დარღვევით უყიდია, ათი ქულა კი არ დააკლოს, არამედ 875 ათასი ფუნტით დააჯარიმოს. ამრიგად, მწვრთნელმა ნილ უორნოკმა და კომპანიამ, საბოლოოდ იზეიმა ჩემპიონატში დამსახურებული გამარჯვება. „რეინჯერსი“ მომავალი სეზონიდან პრემიერლიგაში ითამაშებს.

უორნოკმა სიამაყით განაცხადა: „ბოლო პერიოდში ჩვენზე დიდი ზეწოლა იყო. გვემუქრებოდნენ, რომ ათ ქულას დაგვაკლებდნენ და პრემიერლიგაში ავტომატურად
გადასვლის უფლებას ჩამოგვართმევდნენ, მაგრამ ხმა არ ამოგვიღია, ჩვენს სათქმელს მოედანზე ვამბობდით. ბოლო შეხვედრაში დავმარცხდით და, ამიტომ, ჩემი ფეხბურთელების ქებას ვერ შევუდგები, მაგრამ შეჯიბრება პირველ ადგილზე რომ დავასრულეთ, დიდებულია. დღეს, როდესაც გამოგვიცხადეს, რომ ჩემპიონები ვართ, გულს მოგვეშვა. ფაქტობრივად, აქამდეც ჩემპიონები ვიყავით, მაგრამ ტიტულის ჩამორთმევის საშიშროების წინაშე ვიდექით და ეს საშინლად მოქმედებდა“.

უორნოკი მომავალი სეზონიდან მეორედ იმუშავებს პრემიერლიგაში. 62 წლის სპეციალისტმა ინგლისურ ელიტაში პირველად 2006-07 წლების სეზონში მოსინჯა ძალა, როდესაც „შეფილდ იუნაიტედს“ ედგა სათავეში. ბარემ აქვე მოგახსენებთ, რომ დაირხა ჭორი, თითქოს „რეინჯერსის“ დირექტორები პრემიერლიგაში თამაშს უორნოკს აღარ ანდობენ და მას უფრო ცნობილი მწვრთნელით შეცვლიან, მაგრამ კლუბის მეპატრონე ჯანი პალადინიმ ეს ჭორი უარჰყო.

„ეს სისულელეა — თქვა პალადინიმ — სანამ „ქუინზ პარკში“ ვარ, ნილი არსად წავა. ყველა ინვესტორი ჩემსავით ფიქრობს, ყველას მისი შენარჩუნება სურს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები და თუ მათ გადავალ, მატყუარა მიწოდეთ“.
„ქუინზ პარკ რეინჯერსის“ პირველ ადგილზე დატოვებამ მესამე ადგილზე გასულ „სუონსის“ დასწყვიტა გული. კლუბის თავმჯდომარე ჰაუ ჯენკინსმა თქვა, რომ ფეხბურთის ასოციაციას დაუკავშირდება და წესიერად გაარკვევს, რატომ არ ჩამოართვეს ლონდონის გუნდს 10 ქულა.
„ჩვენს ადგილზე ყველა ბოლომდე იბრძოლებდა — თქვა „სუონსის“ დიდმა შეფმა — ბოლო დროს ისეთი ამბავი იყო ატეხილი, რომ ვერდიქტი, რომელიც ფეხბურთის ასოციაციამ გამოიტანა, იმ ხმაურის ფონზე ნამდვილად არაადექვატური გამოვიდა. დღეს ყველა აინტერესებს, რა საჭირო იყო ასეთი აურზაური“.

„ქუინზ პარკ რეინჯერსისთვის“ ათი ქულა რომ დაეკლოთ, „სუონსი“ მეორე ადგილზე აღმოჩნდებოდა და ავტომატურად ამოჰყოფდა თავს პრემიერლიგაში. ახლა, როგორც მესამე ადგილზე გასული, ჯენკინსის გუნდი პლეი-ოფში მეექვსე ადგილზე გასულ „ნოტინგემ ფორესტს“ ხვდება.

ჯენკინსი არ ცხრება: „ძალიან მაინტერესებს გავიგო, როგორ იღებს ფეხბურთის ასოციაცია გადაწყვეტილებებს. ყველაზე კარგი იქნება თუ დოკუმენტების ქსეროასლებს მომცემენ და უშუალოდ მომეცემა ჩაკირკიტების საშუალება. ვფიქრობ, სანამ წერილობით არ დამიმტკიცებენ რა მოხდა და რატომ გამოიტანეს ასეთი ვერდიქტი, მანამდე არაფერი უნდა გამოვრიცხოთ“.
პლეი-ოფის კიდევ ერთი წყვილი „რედინგისა“ და „კარდიფ სიტისგან“ შედგება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული