ვინ შეხედავს თასის ფინალს?

AutoSharing Option
„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ თავკაცმა ჰარი რედნაპმა გულისწყრომა გამოთქვა: შაბათს, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალი, შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ჩემპიონობამ გადაჩრდილოს. დავაზუსტოთ: „იუნაიტედი“ ბლექბერნში საქართველოს დროით 15 საათსა და 45 წუთზე თამაშობს, თასის ფინალი კი, „უემბლიზე“, 18 საათზე იწყება.

მოგეხსენებათ, მანჩესტერელებს ჩემპიონის ტიტულამდე ერთი ქულაღა აკლიათ. გამოდის, რომ თუ „იუნაიტედი“ ფრედ ითამაშებს, მისი საჩემპიონო ზეიმი უშუალოდ ფინალის წინ დაიწყება და ემოციურად გადაფარავს მას. რედნაპს ხმა სხვა ვეტერანებმაც შეუერთეს, მათ, ვისაც სხვადასხვა დროს მოუგია ფეხბურთის ასოციაციის თასი. ეს ადამიანები ამბობენ, რომ ფინალის დანიშვნა იმ
დღეს, როდესაც ქვეყანაში პრემიერლიგის ოთხი შეხვედრა ტარდება, არაფრით შეიძლებოდა.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ მე-19 ტიტულის მოგების წინაშე დგას, „მანჩესტერ სიტი“ კი, იმავე დღეს, „უემბლიზე“ აპირებს იმას, რაც ათწლეულებია არ გაუკეთებია - ტიტული უნდა მოიგოს. ისტლენდელთა მოწინააღმდეგე „სტოკ სიტია“.

რედნაპი, რომელმაც ასოციაციის თასი ორი წლის წინ „პორტსმუთს“ მოაგებინა, ამბობს: „ძალიან სამწუხარო რამ ხდება ჩვენს თავს. ჩემს ახალგაზრდობაში თასის ფინალი სეზონის მთავარ მოვლენად ითვლებოდა. ეს დღე წლის კულმინაცია იყო. ქუჩებში კაციშვილს ვერ ნახავდით. ყველა შინ, ტელევიზორთან იჯდა და ფეხბურთს უყურებდა. წარმოიდგინეთ მოვლენა, რომელიც მთელ ქვეყანას ტელევიზორთან მიაჯაჭვავს... დღეს ასე აღარ არის“.

„სტოკ სიტი“ 148 წლიანი ისტორიის მქონე გუნდია, რომელსაც ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ერთი ჯილდო აქვს მოპოვებული - 39 წლის წინ ლიგის თასი მოიგო. დღეს ამ თასს „ქარლინგი“ სპონსორობს და „ქარლინგის თასსაც“ ეძახიან.

ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა მნიშვნელობის დღეა შაბათი სტოკელთათვის? ანდა, იმავე „სიტისთვის“, რომელმაც ბოლოს 1976 წელს აღმართა იგივე ლიგის თასი? მაგრამ, ამჯერად, ფანები, რომლებიც ჩვეულებრივ, ფინალის დღეს, თავიანთ გუნდებს სასტუმროებიდან სტადიონამდე მიაცილებენ და მერე იქ, ფეხბურთელების „უემბლიზე“ შესვლის რიტუალს ესწრებიან, შესაძლოა ტელევიზორებთან დარჩნენ და უყურონ, რას შვრება სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი. როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ზუსტად იმავე დროს, პრემიერლიგაში კიდევ სამი მატჩი გაიმართება. ბუნებრივია, ხალხის გარკვეული ნაწილის ყურადღება ნებისმიერმა მათგანმა შეიძლება მიიპყროს.

ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ამ საუკუნეში, ფეხბურთის ასოციაციის თასს რამდენიმე სერიოზული დარტყმა მიაყენეს, ისეთი, როგორიც მე-20 ასწლეულში ამ ისტორიული შეჯიბრებისთვის არავის უკადრებია. პირველად ეს 2000 წელს მოხდა, როდესაც ბრაზილიაში ფიფამ მსოფლიოს კლუბთა ჩემპიონატი ჩაატარა და „მანჩესტერ იუნაიტედი“ იძულებული გახდა „უემბლის“ ნაცვლად ოკეანის გადაღმა წასულიყო.

„ტოტენჰემის“ თავკაცის „სტოკის“ მწვრთნელმა ტონი პულისმაც გაიზიარა. მან ბრძანა:

„მე სამოციან წლებში გავიზარდე. იმხანად ტელევიზორში პირდაპირი ტრანსლაციები იშვიათობა გახლდათ. ფეხბურთის ასოციაციის თასის შეხვედრებს გადასცემდნენ ხოლმე და მათ ინგლისის საფეხბურთო ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავათ. მე თავად ინგლისელი არ ვარ, უელსელი გახლავართ, მაგრამ ეს თამაშები ჩემთვის და ჩემი ოჯახის თითოეული წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო“.

მოგეხსენებათ, ტრადიციულად, ინგლისელები თასის ფინალს სეზონის ბოლო დღეს ატარებენ ხოლმე, მაგრამ ამჯერად, ტრადიციის შენარჩუნებას 28 მაისმა შეუშალა ხელი: ამ დღეს კი „უემბლი“ დაკავებულია - ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ბარსელონა“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ ხვდება, უეფას წესების თანახმად კი იმ სარბიელზე, სადაც ფინალი უნდა გაიმართოს, ორი კვირის განმავლობაში ბურთის გაგორება არ შეიძლება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული