ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში

AutoSharing Option
„ლივერპულის“ მწვრთნელი კენი დალგლიში ამბობს, რომ მისმა ფეხბურთელებმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ პატივი უნდა სცენ — მხოლოდ ასე შეიძლება ინგლისის ყველაზე ტიტულიანი კლუბის სახელის დაბრუნება.

„იუნაიტედს“ პრემიერლიგის ჩემპიონობამდე ერთი ქულაღა აკლია. თუ სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭები ამ ქულას მოიპოვებენ (ან თუ „ჩელსი“ ვერ გაიმარჯვებს „ნიუკასლ იუნაიტედთან“) „იუნაიტედი“ ინგლისის 19-გზის ჩემპიონი გახდება და „ლივერპულს“ ყველა დროის უძლიერესის სახელს ჩამოართმევს. მერსისაიდელთა შოტლანდიელმა თავკაცმა და ლეგენდამ მანჩესტერელთა თანამემამულე მწვრთნელი და მისი გუნდი შეაქო:

„ყოველთვის, ყველაზე ძლიერია გუნდი, რომელიც ჩემპიონი ხდება. რასაკვირველია, გამონაკლისი არც „მანჩესტერ იუნაიტედია“.
ის, მართალია, ჩვენი მეტოქე და კონკურენტია, მაგრამ იმის თქმა, რომ ჩემპიონი დამსახურებულად არ ხდება, არაფრით შეიძლება. დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი“ იმ დონის ფეხბურთს თამაშობს, რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ თუ გვინდა, რომ კვლავ უმაღლესი შედეგები გვქონდეს“.

მერსისაიდელებმა, ორშაბათს, „ფულჰემი“ გაანადგურეს — 5:2. არგენტინელმა მაქსი როდრიგესმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. ასეთი წარმატების მიუხედავად დალგლიშმა თავი შეიკავა იმაზე ლაპარაკისგან თუ რომელ ადგილს დაიკავებს საბოლოოდ მისი გუნდი. შემდეგ ტურში „ლივერპული“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ მასპინძლობს.
„რომელ ადგილზე გავალთ, ვერ გეტყვით. ორი ტურიც დავიცადოთ და ვნახავთ. ვიცი, რომ ასეთი პასუხი ცუდი მოსასმენია და თან, როდესაც მას ხშირად იმეორებენ, ადამიანს მოსმენა გბეზრდება, მაგრამ ჩვენ, ასეთმა დამოკიდებულებამ წლების განმავლობაში წარმატება მოგვიტანა.

ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თამაში ყოველთვის შემდეგი თამაშია. „ლივერპულის“ მიზანი ყოველი კონკრეტული შეხვედრის მოგებაა და ბოლოს, ქულების დაჯამება გამოაჩენს რამდენი მოგვიგროვებია და სად ვართ. აბა, ვინ წარმოიდგენდა, რომ „კრეივენ კოტეჯზე“ 5:2-ს მოვიგებდით? მე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი“.

შეგახსენებთ, რომ დალგლიში „ლივერპულს“ იანვარში ჩაუდგა სათავეში. მაშინ, „წითლები“ ცხრილის ქვედა ნახევარში ფართხალებდნენ. „კოპის მეფე კენიმ“ თქვა:

„ვინ იფიქრებდა, რომ „ლივერპულის“ ბიჭები იანვრის შემდეგ ასეთ შედეგებს მიაყოლებდნენ ერთმანეთს. ეს დაუჯერებელია. მეხუთე ადგილი რომც ვერ მოვიპოვოთ, ბიჭები მაინც ქების ღირსნი არიან. გულწრფელად მოგახსენებთ, ჩემთვის ცხრილში დაკავებული ადგილი იმდენად მნიშვნელოვანი არ იყო, რამდენადაც ის, რომ ფეხბურთელები გამოფხიზლდნენ და რთულ მდგომარეობას ღირსეულად დააღწიეს თავი“.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული