"სიტი" შინა და "სიტი" გარეთა

AutoSharing Option
„მანჩესტერ სიტიმ“ ოცნება აისრულა - „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ 1:0 გამარჯვების შემდეგ ისტლენდელებმა მეოთხე ადგილი გაინაღდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამოვლენ. ბედის ირონიაა: შეხვედრის ერთადერთი გოლი ლონდონელმა პიტერ კრაუჩმა თავის კარში გაიტანა. ეს ის კრაუჩი გახლავთ, რომელმაც ერთი წლის წინ, ამავე სტადიონზე, ამავე გუნდების შეხვედრაში, ბურთი „სიტის“ კარში შეაგდო და „სფურზი“ გაიყვანა მეოთხეზე - „მანჩესტერ სიტი“ და „ტოტენჰემი“ ორი წელიწადია მეოთხე ადგილს ეცილებიან ერთმანეთს.

ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა ისტლენდელთა აუსრულებელი ოცნება გახლდათ 2008 წლის შემდეგ, რაც კლუბი არაბმა მილიარდერებმა
იყიდეს და მის განვითარებაში დიდძალი ფული ჩადეს. ლიგაში ვერ-გასვლა უელსელ მწვრთნელ მარკ ჰიუზს თანამდებობის დატოვებად დაუჯდა, მისმა შემცვლელმა, იტალიელმა რობერტო მანჩინიმ კი საწადელს მეორე სეზონში მიაღწია. მეტიც, შაბათს, ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში გამარჯვებით მანჩინის შეუძლია ისტლენდელებს პირველი ჯილდოც მოაპოვებინოს.

„მანჩესტერ სიტი“ ევროპის ყველაზე დიდ საკლუბო შეჯიბრებაში 43 წელიწადია არ გამოსულა. საინტერესოა აგრეთვე, რომ მეოთხე ადგილის დაბევებით „სიტიმ“ ასოციაციის თასის ფინალის მეტოქეს, „სტოკს“ საქმე გაუკეთა - როგორც არ უნდა დამთავრდეს ფინალი სტოკელები ევროლიგაში გამოვლენ.

რობერტო მანჩინის, რომელიც უკვე 17 თვეა ისტლენდელებს ხელმძღვანელობს, კარგად ესმის მიღწევის მნიშვნელობა და ამბობს:

„მეოთხე ადგილზე გასვლა ჩემი სამსახურის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, თუმცა უპირველეს ყოვლისა მიხარია, რომ ფანებს უდიდესი სიხარული მივანიჭეთ. დღეს ჩვენი კლუბის ყველა თანამშრომელი ბედნიერია.

„მანჩესტერ სიტის“ ძალიან ბევრი წელიწადია ჩემპიონთა ლიგაში არ უთამაშია და ამიტომაც არის დღევანდელი წარმატება განსაკუთრებული. ისტლენდზე პირველად რომ დავდგი ფეხი, ვთქვი, რომ ორ-სამ წელიწადში ჩვენ ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი გუნდი გავხდებოდით. „სიტის“ ამისათვის ყველა პირობა ჰქონდა შექმნილი, მაგრამ მთავარი მაინც ის არის, რომ ფეხბურთელებს უნდოდათ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრა და იბრძოლეს, რათა ეს სურვილი აესრულებინათ. მათ ფანტასტიკურად იმუშავეს“.

მანჩინიმ ყურადღება არ მიაქცია არგენტინელი ვარსკვლავის, კარლოს ტევესის გაბრაზებას - მწვრთნელმა ტევესი მოედანზე თამაშის მიწურულს, 83-ე წუთზე შეუშვა, რათა ტრავმის შემდეგ მას „მუხლი გაეშალა“. რამდენიმე დღეში ხომ ასოციაციის თასის ფინალია და კაპიტანი იქ იქნება საჭირო. მოგეხსენებათ, არგენტინელი ამ სეზონში ძალიან ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას და საერთოდაც კონფლიქტური ადამიანი ჩანს.

„თამაშით ვიყავი გართული და ყურადღება არც მიმიქცევია, რა თქვა ტევესმა. მე მას ვუთხარი კარგად გახურებულიყო, რადგან ფაქტობრივად მხოლოდ ორი წუთით უნდა შესულიყო მოედანზე, პასუხი კი, გულწრფელად გეუბნებით, არ გამიგონია.

დღეს კარლოსს მეტი ხნით ვერ ვათამაშებდი. მეოტე ტაიმში, მთელი 25 წუთის განმავლობაში გვიჭირდა, რადგან „ტოტენჰემი“ ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა და ძალიან გვიტებდა. არა უშავს, მთავარი იყო ტევესს ხუთი წუთი მაინც დაეყო მოედანზე.

ამ შეხვედრაში იმდენი ენერგია დავხარჯეთ, რომ შაბათამდე ძალების აღდგენა გაგვიჭირდება. არადა, ნურავინ იფიქრებს, რომ „სტოკ სიტისთან“ იოლი თამაში გველის“.

ახლა, პრემიერლიგაში ყველა გუნდს ორი თამაშიღა დარჩა და „მანჩესტერ სიტის“ თავი ქუდში აქვს - ვეღარც „ლივერპული“ დაეწევა და ვერც „ტოტენჰემი“. ამიტომაც იზეიმეს სამშაბათის გამარჯვების შემდეგ. მანჩესტერელთა 24 წლის მეკარე ჯო ჰარტმა თქვა:

„ჩემპიონთა ლიგაში გასვლა უდიდეს რამეს ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავემგზავრებით მადრიდში „რელთან“ სათამაშოდ, მილანში „ინტერსა“ და „მილანთან“ შეჯიბრებისთვის... მეტი რა უნდა გინდოდეს ფეხბურთელს? ახლა ჩვენ ჯილდოს მოპოვება გვჭირდება და ეს შაბათს უნდა გავაკეთოთ“.

მცველი ვენსან კომპანი კი კიდევ უფრო შორს წავიდა, ცხრილს ჩახედა, დაინახა, რომ მესამე ადგილზე მყოფ „არსენალთან“ ორად-ორი ქულა აშორებთ და თანაგუნდელებს „მეთოფეების“ გადასწრებისკენ მოუწოდა. მოგეხსენებათ, მეოთხე გუნდს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპამდე მისასვლელად პლეი ოფში მოუწევს ბრძოლა, მესამე კი პირდაპირ „დიდ ლიგაში“ ამოჰყოფს თავს.

„ის რომ ჩემპიონთა ლიგაში ვითამაშებთ სასიხარულოა, მაგრამ ეს ასეც უნდა მომხდარიყო. ვფიქრობ, ახლა „არსენალისთვის“ მესამე ადგილის წართმევა უნდა ვცადოთ. ყველამ ვიცით, რომ ლონდონელებმა შეიძლება დაკარგონ ქულები, ჩვენ კი, ვფიქრობ, დარჩენილი თამაშების მოგება შეგვიძლია“.

„მანჩესტერ სიტის“ შემდეგ სამშაბათს „სტოკ სიტის“ მასპინძლობა უწევს (სტოკელებთან ზედიზედ ორი თამაში გამოსდის), ბოლო ტურში კი ბოლტონს მიემგზავრება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული