ბლექბერნი-მანჩესტერ იუნაიტედი15:45
დისკვალიფიკაცია: გულონი - მორისონი, ბლეკეტი
ტრავმა: დ. დანი, ნილსენი, გრელა - ჰარგრივზი
ბლექპული-ბოლტონი 15:45
ტრავმა: კერნი - შ. დევისი, ჰოლდენი, რიკეტსი
სანდერლენდი-ვულვერჰემპტონი 15:45
დისკვალიფიკაცია: დოჰერტი (ვულვ)
ტრავმა: ბრამბლი, უილბეკი, ასამოა, რიჩარდსონი, გორდონი, კემპბელი - მოუიოკოლო, ედუარდსი, ზუბარი, დოილი
ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი 15:45
ტრავმა: იბანესი, დორანსი, რიდი - ბაქსტერი, საა, ფელაინი
ხვალ
ჩელსი-ნიუკასლი 16:30
ტრავმა: კადარი, უილიამსონი, ბესტი, გოსლინგი, სმიტი, ბენ არფა (ყველა ნიუკასლი)
არსენალი-ასტონ ვილა 19:00
დისკვალიფიკაცია: დივაინი (ასტონ ვილა)
ტრავმა: კლიში, ფაბრეგასი, ნასრი, ისტმონდი, ფაბიანსკი - მაკოუნი
ბირმინგემი-ფულჰემი 19:00
დისკვალიფიკაცია: ჯერვისი, გარდნერი, რიჯუელი
ტრავმა: მარტინსი, მ. ტეილორი, ვალესი, მაკფადენი, ს. დანი - კამარა, დ. დაფი
ლივერპული-ტოტენჰემი 19:00
ტრავმა: იოვანოვიჩი, კელი, აურელიო, აგერი, ჯერარდი - ბეილი, ჯენასი, ჰადლსტოუნი, ასუ-ეკოტო, პალასიოსი, ჰატონი, კინგი, ვუდგეიტი
უიგანი-ვესტ ჰემი 19:00
ტრავმა: დიამე, პოლიტი - პარკერი, ო’ნილი, დაიერი, ნობლი, სტანისლასი
სამშაბათს
მანჩესტერ სიტი-სტოკ სიტი 22:45
ტრავმა: გივენი, ბოატენგი - ფულერი, სიდიბე
დღეს, დიდი შანსია პრემიერლიგის ჩემპიონის ვინაობა გაირკვეს, მაგრამ ეს საკითხი ასე თუ ისე მოგვარებულია და ამიტომ, ყველაზე მეტ ყურადღებას მეხუთე ადგილისთვის ბრძოლა იპყრობს. აქ, ლივერპულის „ენფილდ როუდზე“ „ლივერპული“ „ტოტენჰემ ჰოთსპურს“ მასპინძლობს.
როგორ დღეში არიან ეს გუნდები? „ტოტენჰემი“, ერთი შეხედვით, უგუნებოდ უნდა იყოს, რადგან წინა ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ 1:0 მოუგო და ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის შანსი მოუსპო. ამას დაამატეთ, რომ სეზონის მეორე ნახევარში გამოცოცხლებულმა „ლივერპულმა“ ცხრილში გადაასწრო და... თუმცა, ეს უკვე მერსისაიდელთა ბოლოდრონიდელი მდგომარეობის აღწერაც გამოგვივიდა. ამ გუნდების პირველი შეხვედრა, „უაით ჰართ ლეინზე“, „სფურზმა“ მოიგო 2:1. მაშინ, 28 ნოემბერს, გამარჯვების გოლი აარონ ლენონმა მსაჯის დამატებულ დროში შეაგდო.
თუ დღეს ისევ „დეზები“ გაიმარჯვებენ, მეხუთე ადგილზე დაბრუნდებიან და მერე ბოლო ტურშიღა დარჩებათ თავისი სამი ქულა მოსაპოვებელი, მაგრამ თუ „ლივერპული“ მოიგებს, ჰარი რედნაპის გუნდს შეუძლია მეხუთე ადგილი დაივიწყოს.
ამ თამაშის წინ „ლივერპულში“ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა - კენი დალგლიშმა სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. „კოპის მეფე კენიმ“ გუნდი იანვარში, ცუდ დღეში ჩაიბარა და თუ დღეს მეხუთე ადგილზე გაიყვანს, გმირობად ჩაუთვლიან. რაც დალგლიში მერსისაიდელთა თავკაცია, გუნდმა პრემიერლიგის 16 შეხვედრიდან 10 მოიგო. მის ხელში გუნდს 24 წლის ურუგვაელი თავდამსხმელი ლუის სუარესი შეემატა, რომელმაც ბევრ შემთხვევაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მისი გამოჩენის მერე დირკ კუიტსა და მაქსი როდრიგესს ხელ-ფეხი გაეხსნათ და არაერთი გოლი გაიტანეს - ესეც, რასაკვირველია, დალგლიშის აქტივად უნდა ჩაითვალოს. პრემიერლიგის ბოლო 5 შეხვედრაში „ლივერპულმა“ 17 გოლი შეაგდო. ძალიან შთამბეჭდავი გახლდათ მერსისაიდელთა ბოლო გამარჯვება „კრეივენ კოტეჯზე“ „ფულჰემთან“ - 5:2.
„ტოტენჰემს“ კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, ბოლოხანს დაღმასვლა დაეწყო, რაც „მანჩესტერ სიტისთან“ მარცხით და მეოთხე ადგილის დაკარგვით დაგვირგვინდა. ნიშანდობლივი გახლდათ, რომ იმ შეხვედრაში „სფურზის“ კარში გოლი მისმავე თავდამსხმელმა, პიტერ კრაუჩმა გაიტანა. შეგახსენებთ, ეს სწორედ ის კრაუჩია, რომელმაც შარშან, იმავე „სიტის“ კარში გოლის გატანით „დეზებს“ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოუტანა.
„ტოტენჰემს“ ტრავმების ფრონტზეც ცუდად აქვთ საქმე - დაშავებულთა სიას უილიამ გალასიც შეემატა.
ახლა კი იმ შეხვედრაზე ვთქვათ, რომელშიც, შესაძლოა, ჩემპიონის ვინაობა გაირკვეს: „ბლექბერნი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ მასპინძლობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღესვე ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალია, მივხვდებით, რომ დიდი შანსია საღამოს, ქალაქ მანჩესტერის ორივე გუნდს საზეიმოდ გაუხდეს საქმე.
სერ ალექს ფერგიუსონის ბიჭებს „ივუდ პარკზე“ ერთადერთი ქულა სჭირდებათ. სხვა სიტყვებით, „იუნაიტედმა“ თუ არ წააგო, ჩემპიონობას ოფიციალურადაც გაიფორმებს. „ბლექბერნს“ კი მოგება უნდა. დახედეთ ცხრილს, მასპინძლები გასავარდნთა ზონასთან ძალიან ახლოს არიან, სამად სამი ქულა აშორებთ.
„ბლექბერნს“ სულ ცოტა ხნის წინ საშინელი პერიოდი ჰქონდა - გუნდმა ზედიზედ 11 შეხვედრიდან ერთიც ვერ მოიგო, თუმცა ბოლო ორ ტურში მდგომარეობა ცოტა გამოასწორა, ჯერ „ბოლტონს“ აჯობა და მერე „ვესტ ჰემთან“ ფრედ ითამაშა. მეორე მხრივ კი, როგორ გინდა მოუგო გამძვინვარებულ „იუნაიტედს“? ეს ხომ ის გუნდია, რომელმაც ბლექბერნელებს, 27 ნოემბერს, არც მეტი არც ნაკლები, 7:1 მოუგო... თან, მოდი ნუ დაგვავიწყდება, რომ „იუნაიტედისთვის“ ეს ჩვეულებრივი ჩემპიონობა არ არის - გუნდი უძლიერესის ტიტულს მეცხრამეტედ მოიგებს და „ლივერპულს“ რეკორდს დაუმხობს. ამიერიდან „მანჩესტერ იუნაიტედი“ იქნება ინგლისის ყველაზე ტიტულიანი კლუბი.
მოდი, ხვალის ერთ თამაშსაც ჩავხედოთ: „უიგანი“ „ვესტ ჰემს“ მასპინძლობს. ცხრილის ფსკერზე მოფართხალეთათვის ეს დიდი მატჩია. თუ „უიგანი“ მოიგებს, „ვესტ ჰემს“ განაჩენს გამოუტანს, თავად კი იმედს დაიტოვებს, რომ მომავალ სეზონშიც პრემიერლიგის წევრი იქნება, ხოლო თუU „ვესტ ჰემი“ მოიგებს... რა გითხრათ, უკეთეს შემთხვევაში ბოლო ტურემდე მაინც არ გამოაცხადებენ გავარდნილად.
„ვულვერჰემპტონსაც“ გადასარჩენად აქვს საქმე. ამ გუნდმა შესაძლოა სანდერლენდის „სთედიუმ ოფ ლაითზე“ ამოისუნთქოს. მიკ მაკარტის გუნდი მთელი სეზონის განმავლობაში აუტსაიდერთა შორის იყო, თუმცა დღეს, როდესაც ჩემპიონატის დამთავრებამდე ორი ტურიღა რჩება, „ვულვზი“ გასავარდნთა ზონას ერთი ქულით აღემატება. ეს, გასულ კვირას, „ვესტ ბრომვიჩის“ 3:1 დამარცხების წყალობით მოხდა. არადა, მაკარტის ფეხბურთელები იშვიათად იგებდნენ - „ვესტ ბრომვიჩამდე“, ბოლოს, 19 მარტს მოიგეს „ასტონ ვილასთან“.
ბოლოხანს, ხელი მოეცარა „სანდერლენდსაც“. თავად განსაჯეთ, იანვარში „ბლექპულს“ 2:1 რომ მოუგეს, მას მერე 23 აპრილამდე („უიგანთან“ 4:2) გამარჯვების გემო აღარ იცოდნენ. თუმცა, მთავარია, რომ სტივ ბრიუსის გუნდი უსაფრთხოდ არის და... „ვულვზთან“ შეხვედრაში არაფერი სჭირდება - ვერც ევროთასზე გადის და არც ვარდება. მოკლედ, იმის თქმა გვინდა, რომ „სანდერლენდმა“ შესაძლოა არ... უფრო სწორედ ვერ მოინდომოს. აბა, რა აზრი აქვს?
დაახლოებით იგივე სურათია „ბლექპულისა“ და „ბოლტონის“ შეხვედრაშიც. „ბლექპულს მოგება უნდა, „ბოლტონს“ კი დასასვენებლად წასვლა.
თ მ ფ წ ბ ქ
1. მანჩესტერი 36 22 10 4 73-34 76
2. ჩელსი 36 21 7 8 67-30 70
3. არსენალი 36 19 10 7 69-39 67
4. სიტი 36 19 8 9 55-33 65
5. ლივერპული 36 17 7 12 59-41 58
6. ტოტენჰემი 36 14 14 8 51-45 56
7. ევერტონი 36 12 15 9 50-44 51
8. სტოკი 36 13 7 16 46-44 46
9. ბოლტონი 36 12 10 14 49-50 46
10. ფულჰემი 36 10 15 11 45-41 45
11. ნიუკასლი 36 11 11 14 51-52 44
12. სანდერლენდი 36 11 11 14 41-53 44
13. ვესტ ბრომვიჩი 36 11 10 15 52-68 43
14. ასტონ ვილა 36 10 12 14 45-58 42
15. ბლექბერნი 36 10 9 17 42-56 39
16. ბირმინგემი 36 8 15 13 36-54 39
17. ვულვზი 36 10 7 19 41-62 37
18. ბლექპული 36 9 9 18 49-71 36
19. უიგანი 36 7 15 14 36-59 36
20. ვესტ ჰემი 36 7 12 17 41-64 33
ბომბარდირები: 21 - ბერბატოვი (მანჩესტერ იუნაიტედი); 19 - ტევესი (მანჩესტერ სიტი); 16 - ვან პერსი (არსენალი); 15 - ბენტი (ასტონ ვილა), ოდემვინგე (ვესტ ბრომვიჩი); 13 - ქეროლი (ლივერპული), ერნანდესი (მანჩესტერ იუნაიტედი), კუიტი (ლივერპული), მალუდა (ჩელსი); 12 - დემპსი (ფულჰემი), ნოლანი (ნიუკასლი), ვან დერ ვაარტი (ტოტენჰემი); 11 - კემპბელი (ბლექპული), დროგბა (ჩელსი); 10 - ადამი (ბლექპული).