მანჩესტერ სიტი-სტოკ სიტი 18:00
მაშ ასე, „მანჩესტერ სიტის“ 30 წელიწადია ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში არ უთამაშია, მაგრამ ეს ხელს არ უშლის, რომ ფავორიტად მიეჩნიათ. მეორე მხრივ, „სტოკ სიტი“ შესანიშნავ ფორმაშია და, თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, დიდი ბრძოლა უნდა გაუმართოს მსოფლიოს ერთ-ერთ უმდიდრეს გუნდს.
რა გადახადათ თავს ისტლენდელებს 30 წლის წინ? მაშინ, 1981-ში, „სიტიმ“ და „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ ჯერ 1:1 ითამაშეს, ხუთი დღის მერე კი, გადათამაშებაში „სფურზმა“ გაიმრჯვა 3:2. „სფურზის“ სამი გოლიდან ორი (მათ შორის გადამწყვეტი) არგენტინელმა რიკი ვილამ გაიტანა -
რაც ზემოთ გიამბეთ, „სიტის“ მიერ ფინელის წაგების ამბავი იყო. და როდის მოიგო მანჩესტერის გუნდმა, ბოლოს, ფახბურთის ასოციაციის თასი? ეს 1969 წელს მოხდა. ხოლო, თუ ზოგადად ჯილდოზე ვილაპარაკებთ, ასეთი რამ გუნდს 1976 წლის შემდეგ არ რგებია - 76-ში „სიტიმ“ ლიგის თასი მოიპოვა.
რაც შეეხება „სტოკს“, მისი წარმატებათა ნუსხა კიდევ უფრო მწირია. ეს გუნდი ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში არასდროს ყოფილა. ბოლო წარმატება 1972 წელს იგემა, როდესაც ლიგის თასის ფუინალსი „ჩელსის“ 2:1 მოუგო.
თუმცა, როგორც მოგახსენეთ, ბოლოხანს „სტოკი“ ჩინებულად ათამაშდა - პრემიერლიგაში აგერ უკვე ოთხი თამაშია არ წაუგია, მერვე ადგილზეა და 8 მაისს თვით „არსენალს“ მოუგო „ბრიტანია სთედიუმზე“ 3:1 - საკუთარი ძალების რწმენისთვის უკეთესი რა გინდა?
ახლა, მოდი გავიხსენოთ გზა ფინალამდე: „სიტის“ გზა საკმაოდ „ქვა-ღორღიანი“ გამოდგა: „ლესტერ სიტისა“ და „ნოთს ქაუნთისთან“ გადათამაშებები დასჭირდა. თუმცა, შემდეგ, ყველაფერი კარგად აეწყო. რობერტო მანჩინის ქვეშევრდომებმა სძლიეს ჯერ „ასტონ ვილას“, შემდეგ „რედინგს“ და ბოლოს, ყველაზე დასამახსოვრებელ შეხვედრაში თვით „მანჩესტერ იუნაიტედს“, 1:0.
რაც შეეხება „სტოკს“, მან „კარდიფს“ გადათამაშებით აჯობა, თუმცა შემდეგ „ვულვზი“, „ბრაიტონი“ და „ვესტ ჰემი“ მიაყოლა ერთმანეთს და... მიადგა ნახევარფინალს, სადაც საბრალო „ბოლტონი“ გაანადგურა 5:0.
„მანჩესტერ სიტი“ და „სტოკი“ ამ სეზონში ჯერჯერობით ერთხელ შეხვდნენ ერთმანეთს. ეს ამბავი ნოემბერში მოხდა, როდესაც მეტიუ ეზერინგტონმა მიკა რიჩარდსის გოლი 90-ე წუთზე გაათანაბრა. საინტერესოა, რომ დღევანდელი ფინალის შემდეგ ეს გუნდები სამ დღეში კიდევ შეხვდებიან ერთმანეთს, ამჯერად პრემიერლიგაში. ეს შეხვედრა „სიტი ოფ მანჩესტერ სთედიუმზე“ გაიმართება.
ფინალის წინ „სტოკს“ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ეზერინგტონი აპრილში, „ვულვზთან“ შეხვედრაში დაშავდა და მას მერე მოედანზე ფეხი არ დაუდგამს. „არსენალთან“ შეხვედრაში დაშავებული რობერტ ჰუთი კი ამ დღეებში სამკურნალოდ ესპანეთში იყო. ექიმები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ეს ორი ფეხბურთელი დღეს „უემბლის“ მოედანზე გავიდეს. სტოკელთა მწვრთნელ ტონი პულისს უკვე კარგა ხანია აკლია დენი ჰიგინბოტემი და რიკარდო ფულერი. ერთს მუხლი სტკივა, მეორეს კოჭი.
ბოლოს კი ერთი სახალისო ამბავი... ჩვენთვის სახალისო, ყოველ შემთხვევაში: „სტოკ სიტიმ“ მეტოქეს ბრალად ცხვირწინ სასტუმროს აწაპვნა დასდო. საქმე ის გახლავთ, რომ ნახევარფინალების წინ (ასოციაციის თასის ნახევარფინალები კი, მოგეხსენებათ, ფინალის მსგავსად „უემბლიზე“ ტარდება) ორივე გუნდი ჰერტფორდშირში მდებარე პრესტიჟულ სასტუმრო The Grove-ში გახლდათ დაბანაკებული.
და აი, ფინალის წინ, როდესაც სტოკელები კვლავ მიადგნენ იმავე სასტუმროს, მათ უთხრეს, რომ მდიდარმა მეტოქემ დაასწრო და ოთახები დაჯავშნა. სტოკელებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ აქ მთავარი დასწრება კი არა, გადახდა იყო, მაგრამ რა უნდა ექნათ - Luton Hoo-ს მიაკითხეს. ეს სასტუმრო ოდნავ იაფია და „უემბლიდან“ 16 კილომეტრით უფრო შორს არის ვიდრე თჰე Gროვე. გუნდთან დაახლოებულმა მავანმა ადამიანმა ტაბლოიდებს უამბო: „ტონი პულისი გაბრაზდა. ის ამბობს, რომ The Grove-ის ადმინისტრაციას მისთვის პირობა ჰქონდა მიცემული და ეგონა, რომ „სტოკ სიტის“ ამ სასტუმროს ვერავინ შეეცილებოდა. რასაკვირველია, ეს დეტალი სტოკელთა დიად დღეს ჩრდილს ვერ მიაყენებს, მაგრამ რასაკვირველია, უსიამოვნო იყო“.