”სიტი” იგებს და... იწყებს!

AutoSharing Option
მანჩესტერ სიტი-სტოკი 1:0
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - კოლაროვი, ლესკოტი, კომპანი, რიჩარდსი - სილვა (90. ვიეირა), ბერი (73. ა. ჯონსონი), ი. ტურე, დე იონგი - ბალოტელი, ტევესი (87. საბალეტა).
სტოკი (3-5-2): სიორენსენი - შოუკროსი, უილკინსონი, ჰუთი - უილსონი, უილენი (84. პაფი), დილეპი (80. კარეუ), პენანტი, ეზერინგტონი (62. უაიტჰედი) - კ. ჯონსი, უოლტერსი.
გოლი: 1:0 ი. ტურე (74)
გაფრთხილება: ჰუთი, უილკინსონი (სტოკი)
კუთხური: 8-2; ჯარიმა: 14-9; კარში დარტყმა: 23-9 (14-1); თამაშგარე: 1-0; ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 88 643

გახსოვთ, კოტ დ’ივუარელმა
ნახევარმცველმა იაია ტურემ ნახევარფინალში „მანჩესტერ იუნაიტედს“ რომ გაუტანა? სწორედ იმ გოლის წყალობით გავიდა „სიტი“ ფინალში. ჰოდა, ბარსელონაგამოვლილ 28 წლის ვარსკვლავზე, როგორც ჩანს „უემბლის“ ბალახი კარგად მოქმედებს - ისტლენდელებმა ფინალშიც 1:0 მოიგეს და გოლი ისევ ტურემ შეაგდო. ამრიგად, „მანჩესტერ სიტის“ 35 წლიანი „შიმშილი“ დასრულებულია. პრემიერლიგის ბოლო ტურში რობერტო მანჩინის გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილი მოიპოვა, ახლა კი ფეხბურთის ასოციაციის თასიც აღმართა. შეგახსენებთ, რომ „სიტის“ 1976 წლის შემდეგ არაფერი მოეგო.

და აი, ახალ მეპატრონეთა 300 მილიონიანმა ინვესტიციამ შედეგი გამოიღო. კლუბის ყველაზე დიდხელფასიანმა ფეხბურთელმა (ტურე კვირაში 220 ათას ფუნტს იღებს), 74-ე წუთზე, თანაგუნდელთა სწრაფ და ჟინით აღსავსე კომბინაციას წერტილი დაუსვა - საჯარიმოში შუიდან შევარდა და გადმოვარდნილი ბურთი მთელი ძალით, მიზანში დაარტყა. ამ გოლის გაშვებამ „სტოკზე“ ძალიან იმოქმედა. არადა, სტოკელებს თავადაც შეეძლოთ გოლის გატანა, მაგრამ კინუეინ ჯონსს მეკარე ჯო ჰარტმა აუღო.

მეორე მხრივ კი უნდა ითქვას, რომ ტონი პულისის ფეხბურთელები „მანჩესტერ სიტის“ მაინცდამაინც ვერ აწუხებდნენ. ჯერმაინ პენანტი და მეტიუ ეზერინგტონი ისტლენდელი მცველებისთვის დიდ საშიშროებას არ წარმოადგენდნენ, რორი დილეპის გრძელი ჩაწოდებები კი „უემბლის“ უკიდეგანო მინდორში იკარგებოდა.

ეზერინგტონი ვახსენეთ... დიახ, ფინალის წინ როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს, დაშავებული ფეხბურთელები გამოუჯანმრთელდა. „სიტის“ შემადგენლობაში დაბრუნდა კარლოს ტევესი, „სტოკს“ კი ეზერინგტონიც ჰყავდა და რობერტ ჰუთიც. კიდევ, ყურადღება მიიპყრო იმან, რომ პულისმა კარში ტომას სიორენსენი დააყენა და არა ასმირ ბეგოვიჩი. საქმე ის გახლავთ, რომ თასზე მწვრთნელი სიორენსენს ათამაშებდა, პრემიერლიგაში კი უფრო ბეგოვიჩს ეყრდნობა.

„ჩვენ ფანტასტიკურად ვითამაშეთ - თქვა მატჩის შემდეგ ბედნიერმა მანჩინიმ - ერთადერთი, რისი თქმაც ახლა შემიძლია ის არის, რომ ბედნიერი ვარ. ძალიან მიხარია აღტაცებულ გულშემატკივრებს რომ ვხედავ. ამდენი წლის შემდეგ, ეს ხალხი, ბოლოს და ბოლოს იმსახურებდა რომელიმე დიდ ჯილდოს. რასაკვირველია, მომავალში ჩვენ თამაშის გაუმჯობესება დაგვჭირდება, მაგრამ დღეს ამაზე ლაპარაკი არ მინდა. დღეს სიხარულის დღეა. ჩვენ ისტორიაში შევდგით ფეხი, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო. წარმატებები ახლა იწყება“.

„უემბლიზე“ ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად „სიტის“ 20 წლის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი დაასახელეს, მაგრამ, ბალოტელი რის ბალოტელი იქნებოდა მორიგი უხერხულობა რომ არ გამოეწვია. როდესაც მატჩის შემდეგ, პირდაპირ ეთერში, კომენტარი სთხოვეს, მან ბილწი სიტყვა თქვა:

„მთელი სეზონი ცუდად (ბალოტელიმ აქ ვერ მოზომა) ჩავატარე. ხომ შეიძლება ეს სიტყვა რომ ვთქვა? კარგად ვერ ვთამაშობდი, მაგრამ დღეს მგონი არა მიშავდა. ვფიქრობ, გუნდისთვის უწინდელზე უფრო სასარგებლო ვიყავი. თამაშის წინ ბიჭებს ვეუბნებოდი, რომ ჩვენ „სტოკზე“ ძლიერი გუნდი გვყავს და, მართალია, მოწინააღმდეგეს პატივს ვცემთ, თუ მოვინდომებთ, მოვიგებთ. ასეც მოხდა“.

ITV-ს წამყვანმა ადრიან ჩაილსმა ბალოტელის ეკრანიდან გაუჩინარების შემდეგ ტელემაყურებელს ბოდიში მოუხადა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული