ჩემპიონი, გავარდნილი და სხვა ამბები

AutoSharing Option
სერ ალექს ფერგიუსონი გახარებულია - მისმა „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ინგლისის ჩემპიონის მე-19 ტიტული ვაჟკაცურად მოიპოვა. გუნდმა დაამტკიცა, რომ უტეხი სული აქვს, არასდროს ნებდება. მეტიც, მათ, ვისაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფულის დადება უნდა, დიდი შოტლანდიელი ურჩევს, „ბარსელონას“ მოგების ბრმად წინასწარმეტყველებისგან თავი შეიკავოს.

ფერგიმ თქვა: "ჩემი ფეხბურთელები არასდროს ნებდებიან და ეს დიდი თვისებაა. კარგად ვიცი, რომ ჩვენი მეტოქე, „ბარსელონა“, უდიდესი გუნდია, მაგრამ გადახედეთ, ჩვენს ბოლოდროინდელ გამოსვლებს, პროგრესს, პროცესს და თქვით, განა ფულის ჩვენს წინააღმდეგ დადება ჭკვიანური საქციელი იქნება? ჩვენ ფინალში ძალიან ძლიერად თამაში
შეგვიძლია."

ბევრჯერ გვიხსენებია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ „ლივერპულის“ რეკორდი დაამხო. ახლა ის ინგლისის 19 გზის ჩემპიონია, მერსისაიდელები კი 18 გზის ჩემპიონად დარჩნენ. მრავლისმეტყველია, რომ 19 ტიტულიდან „იუნაიტედს“ 12 ფერგიუსონმა მოაგებინა, თუმცა, მეორე მხრივ, ბევრი მიიჩნევს, რომ სეზონი, რომლის დამთავრებამდე ერთი ტურიღა დარჩა, ფერგისთვის ერთ-ერთი ყველაზე... ცუდი იყო. სხვა სიტყვებით, კრიტიკოსები ბრძოლისუნარიანობასა და კლასს ერთმანეთისგან ასხვავებენ და ამბობენ, რომ „იუნაიტედმა“ ტიტულები უხარისხო ფეხბურთით მოიპოვა. ფერგიუსონს ჰკითხეს, ხომ არ დადგა დრო 28 მაისს მისმა გუნდმა დაეჭვებულ ადამიანებს პირში ბურთი ჩასჩაროს. ფერგიმ უპასუხა:

„ზუსტად ასეა! „უემბლიზე“ დიდი გამოწვევა გვაქვს, რომელსაც ვიღებთ. ჩვენ გამოწვევის მიღება გვეხერხება. დროა ყველას კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ ჩვენი სახე.“

„იუნაიტედის“ ფრანგმა მცველმა, პატრის ევრამ კი ხალხს უამბო, როგორ გამოაფხიზლა „არსენალთან“ მოულოდნელი დამარცხების (1:0) შემდეგ სერ ალექსმა ბიჭები. 30 წლის ვარსკვლავმა თქვა:

„მწვრთნელმა შავ დღეში ჩაგვაგდო. „არსენალთან“ წაგების შემდეგ მან შეგვკრიბა და გვითხრა: "თქვენ რა, მართლა არ გინდათ მე-19 ტიტულის მოპოვება? გაგიჟდით? რამდენი ტიტულის გატანებას აპირებთ ქარისთვის? ახლა, კეთილი უნდა ინებოთ და ჩემპიონები გახდეთ."
ამ ლაპარაკის შემდეგ აუცილებლად უნდა მოგვეგო, თორემ მერე ბოსი ვიღაცას თმას ყალყზეც დაუყენებდა. საერთოდ კი ის ბავშვივით არის. უნდა გენახათ როგორ უხაროდა, გეგონება ჩემპიონი მეთორმეტედ კი არა, პირველად გახდა.“

მეთორმეტედ გახდა ინგლისის ჩემპიონი რაიან გიგზიც, ხოლო პოლ სქოულზს ეს ჯილდო მეათედ ხვდა წილად. სამაგიეროდ, პირველად გაიხარეს ანტონიო ვალენსიამ, ხავიერ ერნანდესმა, კრის სმოლინგმა და დერონ გიბსონმა. და თუ ეს ფეხბურთელები ფერგიუსონის გუნდში განაგრძობენ თამაშს, მიმომხილველებს სწამთ, რომ ტიტულს კიდევ ბევრჯერ მოიგებენ.

ევრამ განაგრძო: „ეს ჩემპიონობა კოლექტიური ბრძოლის შედეგია და ამდენად განსაკუთრებული გემო აქვს. როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ კრიშტიანო რონალდო თამაშობდა, ის დიდებული იყო, მაგრამ დანარჩენები მის გარშემო ვტრილაბდით. ხალხს ეს, ეტყობა, დაავიწყდა. მას მერე, რაც კარლოს ტევესი და რონი წავიდნენ, ჩვენი ფეხბურთი კოლექტიური გახდა. დღეს, ჩვენი გუნდიდან რომელიმე ფეხბურთელის გამოყოფა რომ მთხოვოთ, გამიჭირდება. მეეჭვება, რომ ვინმე განსაკუთრებული ყოფილიყო. სწორედ ამიტომ, მე-19 ჩემპიონობის მთავარი შემოქმედი „იუნაიტედის“ სული იყო.“

სეზონის განმავლობაში „მანჩესტერ იუნაიტედს“, რასაკვირველია, რამდენიმე განსაკუთრებული თამაშიც ჰქონდა: „ბლექპულთან“ ორგოლიანი ჩამორჩენის გამოსწორება (3:2), „ბოლტონსა“ და „ევერტონთან“ ბოლო წუთებში გატანილი გოლებით მოგება (ორივე თამაში 1:0 დასრულდა) და თუ გინდ სეზონის მთავარ მატჩად წოდებული ამასწინანდელი მატჩი „ჩელსისთან“ (2:1), მაგრამ სერ ალექსისთვის ყველაზე სასიხარულო მაინც „აპტონ პარკზე“ „ვესტ ჰემთან“ მოგება იყო - „ჩაქუჩები“ 2:0-ს იგებდნენ, „იუნაიტედმა“ კი ოთხი გოლით უპასუხა. ეს ის შეხვედრაა, რომელშიც უეინ რუნიმ ჰეთ-თრიკი შეასრულა და სიხარულისგან ტელეკამერასთან შეიგინა, რისთვისაც დისკვალიფიკაციით დასაჯეს.

რიო ფერდინანდისთვის ეს ტიტული მეხუთე და განსაკუთრებული გახლდათ. ყოველ შემთხვევაში, 32 წლის ვეტერანი ასე ამბობს.

„ინგლისში ჩემპიონი რომ გახდე მენტალურად ძალიან ძლიერი უნდა იყო. რაც „იუნაიტედში“ ვთამაშობ, ასეთი სეზონი არ მქონია. ამ ჩემპიონატში რამდენჯერმე მოგვიხდა მკვდრეთით აღდგომა.“

რიო ფერდინანდს პირადადაც მოუხდა ფენიქსივით ფერფლიდან აღდგომა. მარტში ხომ მან მყესი ისე დაიზიანა, რომ სეზონის ბოლომდე მკურნალობას უწინასწარმეტყველებდნენ.

„პირველივე დღიდან ვხვდებოდი, რომ სინამდვილეში გაცილებით მალე გამოვჯანმრთელდებოდი. როდესაც მწვრთნელი ამბობდა, რომ ამ სეზონში დამასვენებდა, ვგრძნობდი, რომ ამით ჩემი მხრებიდან ფსიქოლოგიური ტვირთის მოხსნას ცდილობდა. ალექს ფერგიუსონი იმიტომ არის დიდი მწვრთნელი, რომ ყოველთვის ცდილობს ფეხბურთელებს ზეწოლა შეუმსუბუქოს და ნებისმიერი ტვირთი თვითონ აიკიდოს.“


ავრამი და მისი ბატკნები
ახლა კი ცხრილის კენწეროდან ძირში გადავინაცვლოთ და „ვესტ ჰემს“ დავხედოთ - ლონდონელმა „ჩაქუჩებმა“ „უიგანთან“ 3:2 წააგეს და პრემიერლიგიდან გავარდნენ. ავრამ გრანტმა და მისმა „ბატკნებმა“ პრემიერლიგის მგლურ ცხოვრებას ვერ გაუძლეს, რის გამოც, თამაშის მერე გასახდელში შესულ ებრაელ მწვრთნელს კარისკენ მიუთითეს. დიახ, ეს მბავი პირდაპირი მნიშვნელობით გასახდელთან მოხდა. „ვესტ ჰემის“ ერთ-ერთ მეპატრონეს, დევიდ სალივანს დიპლომატიის ნორმების დაცვით თავი არ შეუწუხებია - თამაში დასასრულისკენ რომ წავიდა, ლოჟიდან ადგა, გვირაბში ჩავიდა, სადაც 56 წლის გრანტს დახვდა და სამსახურიდან გაუშვა.

მოგეხსენებათ, „ვესტ ჰემი“ უიგანში 2:0-ს იგებდა... და 3:2 წააგო. გრანტმა თქვა, რომ 40-წლიან კარიერაში ასეთი სევდიანი დღე არ ჰქონია.

შემდეგ, მწვრთნელი სტადიონის შესასვლელთან, გუნდის ავტობუსში ავიდა და ფეხბურთელებს უთხრა, რომ ის მათთან აღარ მუშაობს. მას უკვე ელოდებოდა მანქანა, რომელსაც მარტო უნდა წაეყვანა ლონდონში, მაგრამ ბიჭებმა სთხოვეს, მათთან ერთად ემგზავრა და აეროპორტში წაიყვანეს.

კვირას, ბოლო ტურში, „ვესტ ჰემს“ „სანდერლენდთან“ კევინ კინი უხელმძღვანელებს, ხოლო მომავალი მწვრთნელი, შესაძლოა, სტივ მაკლარენი ან ურუგვაელი გუსტავო პოიეტი გახდნენ.
გრანტი გასულ სეზონშიც გავარდა, ოღონდ, ბუნებრივია, სხვა გუნდთან, „პორტსმუთთან“ ერთად. „ვესტ ჰემის“ მწვრთნელად ის ივნისში, ჯანფრანკო ძოლას ნაცვლად დანიშნეს და ოთხწლიანი კონტრაქტიც გაუფორმეს.

„გუნდში დიდი იმედით მოვედი. ფინანსური პრობლემის შესახებ იმთავითვე ვიცოდი და ისიც კარგად მომეხსენებოდა, რომ ძლიერ ფეხბურთელებს ვერ მიყიდიდნენ. წინა წელს რატომ არ გავარდნენ? იმიტომ, რომ პრემიერლიგაში უფრო სუსტი გუნდები თამაშობდნენ. მოკლედ, პასუხისმგებლობა ჩემზეა, ვალდებული ვიყავი უკეთესი შედეგებისთვის მიმეღწია“, - თქვა ავრამ გრანტმა.
„უიგანთან“ დამარცხების დღეს „ვესტ ჰემის“ მავანმა ფანმა დირექტორთა ლოჟასთანაც მიაღწია და ვიცე-თავმჯდომარე კარენ ბრეიდი გამოლანძღა. ამბობენ, ბრეიდიმ „უიგანის“ თავმჯდომარე დეივ უილანს მიმართა (ალბათ, იჩივლა, შენს სტადიონზე უსაფრთხოება დაცული რატომ არ არისო) და, ამბობენ, რომ ხულიგანს ქალის შეურაცხყოფისთვის ბოდიში მოახდევინეს.


კარლიტოს გზა... შინისაკენ
„ჩელსისა“ და „ნიუკასლის“ შეხვედრის შემდეგ (2:2), დასავლეთლონდონელთა თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ გულშემატკივარს ხელი დაუქნია და აღიარა, რომ არ იცის, დაბრუნდება თუ არა „სტემფორდ ბრიჯზე“. „საპატიო წრე“ იტალიელმა მოედანს უგულოდ შემოუარა - ეს „ლურჯების“ ბოლო საშინაო თამაში იყო ამ სეზონში.

ანჩელიტიმ თქვა: „ნამდვილად არ ვიცი რა მოხდება. ხელმძღვანელობასთან არანაირი შეხვედრა არ არის დაგეგმილი. ვნახოთ, სეზონის დასრულებამდე ხომ მხოლოდ ერთი კვირაა დარჩენილი. ჩემი მუშაობის შესახებ ყველას შეუძლია თავისი აზრი ჰქონდეს, მაგრამ გადაწყვეტილებას კლუბი იღებს. თუ ჩემი ნამუშევარი კარგი იყო, დამტოვებენ, თუ უკმაყოფილონი დარჩნენ - გამიშვებენ. მე თუ მკითხავთ, იყო დღეები, როდესაც საკუთარი თავით კმაყოფილი უნდა ვყოფილიყავი და იყო დღეები, როდესაც უკეთაც შემეძლო გავმკლავებოდი ჩემს საქმეს.“

საინტერესოა, რომ „ჩელსის“ ფანების უდიდესმა ნაწილმა ბოლო დღეს „სტემფორდ ბრიჯზე“ მისვლით თავი არ შეიწუხა და ანჩელოტისაც ფაქტობრივად ცარიელი ტრიბუნებისთვის მოუხდა ხელის დაქნევა. იტალიელმა განაგრძო:
„უპირველეს ყოვლისა, მინდა ჩვენს გულშემატკივარს ვუთხრა მადლობა. მათ, პირადად მე, მთელი სეზონის განმავლობაში საოცარი მხარდაჭერა მაგრძნობინეს.“
ტრიბუნებს მაყურებელი შეიძლება აკლდა, მაგრამ მთავარი მაყურებელი, კლუბის რუსი მეპატრონე რომან აბრამოვიჩი თავის ლოჟაში იყო და უყურებდა, როგორ გაუქვითა „ნიუკასლ იუნაიტედმა“ მის გუნდს ანგარიში ორჯერ - აქედან ერთხელ მსაჯის დამატებული დროის მეორე წუთზე.

„როდესაც გუნდი ამდენ გოლს უშვებს, თან ბოლო წუთზე, ესე იგი რაღაც ვერ არის ისე, როგორც უნდა იყოს“, - თქვა ანჩელოტიმ.


ჰარიმ ბიჭები შეაშინა
და ბოლოს იმის შესახებ თუ როგორ მოუგო „ტოტენჰემ ჰოთსპურმა“ „ლივერპულს“ „ენფილდ როუდზე“ 2:0. შეგახსენებთ, რომ ეს მეხუთე ადგილისთვის გადამწყვეტი შეხვედრა იყო. ახლა, ბოლო ტურის წინ „სფურზი“ „ლივერპულს“ ერთი ქულით უსწრებს. ბოლო დღეს ლონდონელები „ბირმინგემს“ მასპინძლობენ, ხოლო მერსისაიდელები ქალაქ ბირმინგემის მეორე გუნდ „ასტონ ვილას“ ეწვევიან. ერთი სიტყვით, მეხუთე ადგილის ამბავს ბირმინგემელები გადაწყვეტენ.

„დეზების“ თავკაცმა ჰარი რედნაპმა თქვა:

„მე ჩემი ფეხბურთელები შევაშინე. ვუთხარი, რომ თუ „ლივერპულს“ ვერ მოვუგებდით და ევროლიგაზე პირდაპირ კი არა, „ფეარ პლეის“ გზით გავიდოდით, შეჯიბრების ადრე დაწყება მოგვიხდებოდა და მათი შვებულებებიც ორი კვირით შემცირდებოდა. როგორც ხედავთ, იმოქმედა.“
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული