დალეწილი თეფშები და აყირავებული მაგიდები

AutoSharing Option
„ვესტ ჰემს“ რაღა აქეიფდებდა? თუმცა, ეს რა ჩვენი საქმეა - ლონდონელებმა პრემიერლიგიდან გავარდნის მიუხედავად მაინც მოაწყვეს სეზონის დამთავრებისადმი მიძღვნილი საღამო და ჩხუბი, რომელზეც მოგახსენებთ, სწორედ იქ მოხდა. როგორც ამბობენ, მიზეზი ის იყო, რომ 25 წლის სენეგალელმა თავდამსხმელმა დემბა ბამ გულშემატკივარს ავტოგრაფზე უარი უთხრა.

ეს ამბავი „გროსვენორ ჰაუს ჰოტელში“ მოხდა, სადაც „ჩაქუჩებს“ კაცზე 275 ფუნტიანი სუფრა ჰქონდათ გაწყობილი. საღამოს გმირი 30 წლის ნახევარმცველი სკოტ პარკერი გახლდათ, რომელმაც კლუბის მიერ დაწესებული პრიზები და სუვენირები ერთიანად მოხვეტა, მაგრამ ის ქეიფი გმირის გამო არავის
დაამახსოვრდება, რადგან ყურადღება ანტიგმირმა, ბამ მიიპყრო. აი, რა თქვა თვითმხილველმა:

„დავინახე რამდენიმე გულშემატკივარი, რომელთაც დემბა ბას ავტოგრაფი სთხოვეს, მან კი ზურგი აქცია და უთხრა, რომ ძალიან დაღლილია. ამაზე ფანებმა უთხრეს, რომ ისინი „აპტონ პარკზე“ აბონემენტების მფლობელები არიან და ასეთ მოპყრობას არ იმსახურებენ. ამას კი მოჰყვა და მოჰყვა...“

„ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელებმა საქმის ჩასაფარცხად დაყარეს ხმები, თითქოს გულშემატკივრები, რომელთაც ბას ავტოგრაფი მოუნდათ, ცნობილი ხულიგნები იყვნენ, მაგრამ პრესამ საკითხს სულ სხვა მხრიდან მოუარა - „ჩაქუჩების“ წვეულება ხომ მათი გავარდნიდან 24 საათში იყო. სხვა სიტყვებით, გუნდი გავარდა და მეორე დღეს რესტორანში ჩხუბიც მოაწყო. ეს უფრო „ვესტ ჰემის“ წევრთა დაძაბულობაზე მიუთითებს, ვიდრე გულშემატკივრის ხულიგნობაზე.

ჩხუბი კი მართლაც სერიოზული ატყდა - გადააყირავეს მაგიდები, ისროლეს თეფშები, დაამტვრიეს სკამები. მოჩხუბართა გასაშველებლად საქმეში სასტუმროს დაცვა ჩაერია და გულშემატკივრები იქაურობას გაარიდა. „გროსვენორ ჰაუს ჰოტელს“ პოლიციის ორმა მანქანამ მიაკითხა.

აღსანიშნავია, რომ საღამოზე 750 სტუმარი იყო დაპატიჟებული. ზეიმი წინასწარ გახლდათ დაგეგმილი და ფეხბურთელები გაფრთხილებულები იყვნენ, რომ გამოუცხადებლობის შემთხვევაში ერთი კვირის ხელფასს დაუქვითავდნენ. ორად ორი მათგანი გაათავისყფლეს - კისერნატკენი კარლტონ კოული, რომელსაც ქეიფში მისვლის თავი არ ჰქონდა და მეკარე რობერტ გრინი, რომლის მეუღლეც დღე-დღეზე ბავშვს ელოდება.

მას-მედიის საშუალებებში დაიწყეს მსჯელობა იმის შესახებ, როგორ იმოქმედებს ეს ჩხუბი ავრამ გრანტის შემცვლელის შეგულებაზე, თუმცა, გვეეჭვება ინციდენტმა ამ საკითხზე რაიმე გავლენა მოახდინოს. „ჩაქუჩების“ თანამფლობელმა დევიდ სალივანმა გრანტის შესახებ ასე თქვა:

„ავრამი ძალიან კარგი ადამიანია, მაგრამ შედეგი თავისას მეტყველებს. კლუბის დირექტორატს სულაც არ უხაროდა მისი თანამდებობიდან გათავისუფლება, მაგრამ სხვა გზა არ იყო. გუნდი თამაშობს ისეთ ფეხბურთს, როგორსაც მას მწვრთნელი სთხოვს. ფეხბურთელები თვითნებურად ვერ მოიქცევიან“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული