ახლა, პრემიერლიგის სეზონის ბოლო სეხვედრაში „სიტი“ ბოლტონს ესტუმრება, ხოლო „არსენალი“ ლონდონშივე ითამაშებს, ოღონდ „კრეივენ კოტეჯზე“, „ფულჰემთან“. თუ ორივე მოიგებს, მესამეზე, ბუნებრივია, „სიტი“ დარჩება და მომავალ სეზონში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფშიც ის ჩაჯდება, ხოლო „მეთოფეებს“, იქამდე მისასვლელად, შესარჩევი ეტაპის გადალახვა მოუწევთ. რამდენად მოტივირებულნი იქნებიან ბოლო დღეს
მიკიბ-მოკიბვის გარეშე შეგვიძლია ვთქვათ: ამ სეზონისგან არც „ბოლტონს“ უნდა რამე და აღარც „ფულჰემს“.
„მესამე ადგილზე გასვლა დიდებული იქნება, - თქვა მანჩინიმ, - ჩვენთვის მთავარი ოთხეულში მოხვედრა იყო, რადგან ამ სეზონში მიზნად ჩემპიონთა ლიგაში ადგილის დაბევება გვქონდა, მაგრამ თუ ამას მესამე ადგილით მოვახერხებთ, კიდევ უკეთესი. მესამე და მეოთხე ადგილებს შორის განსხვავება ის არის, რომ მეოთხე ადგილზე გასული შეჯიბრებას საკვალიფიკაციო ეტაპიდან იწყებს, მესამე ადგილზე გასული კი პირდაპირ ჯგუფში ხვდება“.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში „მანჩესტერ სიტის“ არგენტინელმა ფორვარდმა კარლოს ტევესმა ინტერვიუში თქვა, რომ მომავალი სეზონიდან შესაძლოა სხვა გუნდში გადავიდეს. ტევესი ამბობდა, რომ ყველაფერი მისი ოჯახის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. „სტოკ სიტისთან“ შეხვედრაში არგენტინელმა სამიდან ორი გოლი გაიტანა და როდესაც 88-ე წუთზე მანჩინიმ ის დედრიკ ბოიატათი შეცვალა, ფეხზე წამომდგარმა სტადიონმა ოვაცია მოაწყო.
მანჩინიმ თქვა: „მე ბოლო 20 დღის განმავლობაში კარლოსს ძალიან ბევრჯერ ველაპარაკე და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის ჩვენგან არსად წავა. ყველაზე მთავარი მისი ნათქვამია - მან მითხრა, რომ ჩვენთან უნდა დარჩენა. გარდა ამისა, მას „მანჩესტერ სიტისთან“ უკვე აკავშირებს ხუთწლიანი კონტრაქტი. მართალია, დეკემბერში გარკვეული პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ახლა ყველაფერი მოგვარებულია. ბოლოს და მოლოს, ადამიანებს შეხედულებები ეცვლებათ“.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ „სტოკთან“ შეხვედრა ტევესის ბოლო თამაში იყო ისტლენდელი პუბლიკის წინაშე, მაშინ მას დიდებული გამოთხოვება მოუწყვია: მე-14 წუთზე მან ჯერ ადამ ჯონსონთან შესანიშნავად გაათამაშა ბურთი, ხოლო შემდეგ, საჯარიმოში ეფექტურად მოატყუა ორი მცველი და საუცხოოდაც დაარტყა. მეორე გოლი კი დაახლოებით 25 მეტრიდან, საჯარიმო დარტყმით გაიტანა. ეს გოლიც ზღაპრული სილამაზისა გახლდათ: ბურთმა კედელს „გარედან“ კარგა დიდი ტრაექტორიით შემოუარა, შემდეგ კარისკენ დაბრუნდა და ლურსმანივით შეერჭი ცხრიანში. ამ გოლს დამარცხებულთა თავკაცმა ტონი პულისმა განსაკუთრებული უწოდა.
ამ ორი გოლის წყალობით, ტევესი ბომბარდირთა დავაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ბულგარელ ფორვარდ დიმიტარ ბერბატოვს გაუტოლდა.