სასოწარკვეთილი დიასახლისი

AutoSharing Option
საინტერესო შარში გაეხვა „ბირმინგემის“ 28 წლის მეკარე ბენ ფოსტერი, რომელსაც ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 5 თამაში აქვს ჩატარებული. მის წინააღმდეგ თანაგუნდელის ცოლმა სოციალური ქსელის, „ტვიტერის“ საშუალებით გაილაშქრა.

თურმე, ფოსტერი და მისი თანაგუნდელი, „ბირმინგემის“ მესამე მეკარე, 25 წლის ირლანდიელი კოლინ დოილი სამშაბათს გამთენიისას, 4 საათზე, ნასვამები დოილის სახლში მისულან, რამაც დიასახლისი გააცოფა. მისის დოილი, სახელად ბეკი, შურის საძიებლად კომპიუტერს მივარდნია და მთვრალ მეკარეთა მეგობრობის ამბავი „ტვიტერში“ გამოუჭენებია - ორშაბათს „ვესტ ჰემისა“ არ იყოს, „ბირმინგემმაც“ მოაწყო სეზონის დამთავრებასთან დაკავშირებული საღამო, ოღონდ ეს ქეიფი
კი არა დაჯილდოვება იყო.

ფოსტერს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. თუმცა, როგორც ჩანს, ფოსტერმა და კამპანიამ საღამო მაინც ქეიფით გააგრძელეს, არადა, მოგეხსენებათ, სეზონის დამთავრებამდე ერთი ტური კიდევ არის დარჩენილი. თან, ბირმინგემელებს სულაც არ აქვთ თავი ქუდში. გავიხსენოთ ცხრილი: ფოსტერისა და დოილის გუნდს 39 ქულა აქვს და გასავარდნთა ზონაში მყოფ „ბლექპულსა“ და „უიგანს“ მხოლოდ გატანილ-გაშვებულთა უკეთესი სხვაობით აღემატებიან.

კვირას, ბოლო ტურში, „ბირმინგემი“ ლონდონში „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ თამაშობს. „ტოტენჰემი“ კი მას სჯობია კიდეც და მოგებაც სჭირდება - წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება „ლივერპულმა“ გადაასწროს და მეხუთე ადგილი წაართვას. ერთი სიტყვით, დიდი შანსია რამდენიმე დღეში „ბირმინგემი“ გავარდეს, ასე რომ, რა დროს ქეიფი იყო, თითქოს, გაუგებარია.

თუმცა, როგორც ჩანს, ქეიფი ყოველთვის კარგია, ოღონდ, თუ კოლეგის ცოლს ღამის 4 საათზე არ გააღვიძებ. განრისხებული ბეკი დოილი „ტვიტერში“ წერდა:

„ის და ჩემი ქმარი, მთვრალები, ღამის 4 საათზე დამადგნენ და გამაღვიძეს. რა აქეიფებდათ? ერთი კვირაღა დარჩათ, მოამთავრონ საქმე და დალიონ მერე რამდენიც უნდათ. ცოტა პატივისცემა ხომ უნდა გამოამჟღავნო?“

თუმცა, მისის დოილს ინტერნეტიდან თავისი ნაწერის წაშლა ძალიან მალე მოუხდა, რადგან მიხვდა (ან მიახვედრეს), რომ უამრავი ადამიანის განრისხება გამოიწვია, ეს კი სახიფათოა. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გუნებაზე დადგებოდნენ „ბირმინგემის“ ფანები, როდესაც წაიკითხავდნენ, რომ სანამ ისინი ნერვიულობენ და ბოლო ტურს ღელვით ელოდებიან, მათი ფეხბურთელები, განსაკუთრებით კი მეკარე ფოსტერი დაქეიფობს და ღამით შინ არ შედის.

შეგახსენებთ, რომ ფოსტერმა გასულ კვირაშიც ამოჰყო თავი გაზეთების პირველ გვერდზე, როდესაც განაცხადა, რომ კარგა ხანს ინგლისის ნაკრებში აღარ ითამაშებს.

აღსანიშნავია, რომ დოილის ცოლის განცხადების მიუხედავად „ბირმინგემს“ ფოსტერი და დოილი არ დაუსჯია. მწვრთნელმა, ალექს მაკლიშმა გადაწყვიტა მომხდარზე თვალი დახუჭოს, თითქოსდა მოთამაშეებს გადამწყვეტი მატჩის წინ რეჟიმი არ დაურღვევიათ. ზოგიერთი წყაროს თანახმად ფოსტერი და დოილი ძალიან მთვრალებიც არ იყვნენ, რადგან მეორე დილას ვარჯიშზე დანიშნულ დროს გამოცხადდნენ.

ამ ამბავთან დაკავშირებით „ბირმინგემ სიტიმ“, რომელმაც მიმდინარე სეზონში „ქარლინგის თასი“ მოიპოვა, ოფიციალური განცხადება გაავრცელა. განცხადებაში წერია:

„ეს საღამო, ყველასათვის, ვინც ჩვენს კლუბთან რამენაირ კავშირშია, ისტორიული სეზონის აღნიშვნის შანსი გახლდათ. ამასთან, მთელი ღონისძიების განმავლობაში ისმოდა, რომ კვირას გუნდს, პრემიერლიგაში დასარჩენად, გადამწყვეტი თამაში ელის. როგორც ფეხბურთელები, ასევე მწვრთნელები სრულად არიან მობილიზებულნი „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ წინააღმდეგ სათამაშოდ“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული