ავრამ გრანტს მეტი რა უნდოდაო

AutoSharing Option
„ვესტ ჰემის“ ვიცე-თავმჯდომარე ქალმა, კარენ ბრეიდიმ თქვა, რომ სამსახურიდან გაშვებულ მწვრთნელ ავრამ გრანტს ყველა პირობა ჰქონდა, რათა გუნდი პრემიერლიგაში დაეტოვებინა.

„ავრამს სამუშაოდ საუკეთესო პირობები შევუქმენით. არც სულელური სატრანსფერო მიზნები დაგვისახავს და არც ევროშეჯიბრებაში მონაწილეობა გვითხოვია მისთვის. საქმე მაქსიმალურად გავუმარტივეთ და ერთადერთი რამ, პრემიერლიგაში დარჩენა ვთხოვეთ.

გარდა იმისა, რომ პირადად მისი დამატებითი მოთხოვნები დავაკმაყოფილეთ, ვარჯიშების სრულყოფილად ჩასატარებლად, ასისტენტები დავუმატეთ. შევიძინეთ თამაშის ანალიზის ძვირადღირებული სისტემა, გამოვუყავით მძღოლი, მოვუწყვეთ ახალი ოფისი... როდესაც საქმეები ცუდად მიდიოდა, ჩვენ მას მხარში ვედექით. იანვარში დემბა ბა, უეინ
ბრიჯი და რობი კინი გვაყიდინა. საამისო თანხები სასწაულით ვიშოვნეთ, ნემსის ყუნწში გავძვერით, მაგრამ თანხის რომელიმე მოთამაშის გაყიდვით შოვნა არც კი შეგვითავაზებია. ავრამი მართლა კარგი კაცია, ჩვენც ყველა პირობა შევუქმენით, მაგრამ, სამწუხაროდ, ის ვერაფერს გახდა“.

გრანტმა კი, რომლის ხელშიც, ერთი წლის წინ, პრემიერლიგიდან „პორტსმუთი“ გავარდა, მეგობრებს უთხრა (რაც ტაბლოიდების ყურს არ გამორჩენია), რომ „ვესტ ჰემის“ შეფები მას მხარში არ ედგნენ. ამ სიტყვების დასტურად 56 წლის სპეციალისტმა ის მოიტანა, რომ იანვარში ისინი ერთბაშად ექვს მწვრთნელთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას - მისი სამსახურიდან გაშვება სურდათ. ამ მწვრთნელებს შორის იყვნენ სემ ელერდაისი და მარტინ ო’ნილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული