რობინ ვან პერსისთვის ხელფასი მოიმატებს

AutoSharing Option
„არსენალი“ ჰოლანდიელი თავდამსხმელისთვის, 27 წლის რობინ ვან პერსისთვის ხელფასის მომატებას აპირებს. „მეთოფეებს“ განუზრახავთ, ის, შემოსავლით, კაპიტან სესკ ფაბრეგასს გაუტოლონ.

ვან პერსის დღევანდელი კონტრაქტი, რომლის დასრულებამდე კიდევ ორი წელიწადია, მისთვის კვირაში 70 ათასი ფუნტის გადახდას ითვალისწინებს. ფორვარდმა ამ სეზონში, ყველა შეჯიბრებაში ერთად, 21 გოლი შეაგდო და კლუბის თავკაცებს აფიქრებინა, რომ ჯამაგირის გაზრდის ღირსია - ის მომავალი სეზონიდან კვირაში 90 ათას ფუნტს მიიღებს. მისი 21 გოლი იმით გახლავთ დასაფასებელი, რომ ფეხბურთელმა სეზონის განმავლობაში მხოლოდ 25 შეხვედრაში შეძლო მონაწილეობა. ტრავმებმა ჰოლანდიელი გვარიანად გააწვალეს.

რობინ ვან პერსი „არსენალში“ „ფეიენოორდიდან“ 2004 წელს გადავიდა. ჩრდილოლონდონელებმა მის სანაცვლოდ 2,75 მილიონი ფუნტი
გადაიხადეს. ფორვარდი „მეთოფეთა“ გუნდს კარგად შეეწყო და დღესაც არსად აპირებს წასვლას.

რაც შეეხება 24 წლის ფაბრეგასს, მას, ზაფხულში, „არსენალთან“ თავიდან მოუწევს ჭიდაობა. მოგეხსენებათ, „ბარსელონას“ სკოლის აღზრდილს, უკვე მეორე წელიწადია, შინ დაბრუნება სურს.

„არსენალს“ ურთიერთობა აქვს მოსაგვარებელი 23 წლის ფრანგ სამირ ნასრისთანაც. სავარაუდოდ მხარეები ახალ კონტრაქტს გააფორმებენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული