ეს ყვითელი "ფულჰემი"

AutoSharing Option
„ფულჰემს“ მომავალ სეზონში ევროპის ლიგაში თამაში უნდა, მაგრამ ბოლოხანს იმდენი ყვითელი ბარათი მიიღო, რომ ძალიან საეჭვოა „ფეარ პლეის“ ჯილდო მიიღოს. შეგახსენებთ, რომ დასავლეთლონდონელთა გუნდი, რომელსაც დღეს 47 წლის უელსელი მარკ ჰიუზი უდგას სათავეში, ორი წლის წინ სწორედ ასე მოხვდა შეჯიბრებაში.

მიმდინარე სეზონში, „სანდერლენდთან“ თამაშამდე (ეს შეხვედრა 30 აპრილს გაიმართა), „ფულჰემის“ ფეხბურთელებს 35 შეხვედრაში 40 ყვითელი ბარათი ჰქონდათ მიღებული და საქმეს ისეთი პირი უჩანდა, რომ „ფეარ პლეის“ გზაც გაიხსნებოდა, მაგრამ ბოლო ორ შეხვედრაში, „ლივერპულსა“ და „ბირმინგემთან“, მსაჯებმა მათ თავს ყვითელი ნაკადი
მიუშვეს - ათჯერ გააფრთხილეს.

კლუბის პრეს-მდივანმა თქვა: „ეს, უბრალოდ, სამწუხარო უიღბლობაა და მეტი არაფერი. ჩვენ, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და კლუბის თანამშრომლებს ჯერ არ გადაგვიწურავს ევროპის ლიგაში მოხვედრის იმედი“.

მეორე მხრივ კი, ევროლიგაში მონაწილეობა ფეხბურთელებს დასვენების საშუალებას ართმევს. ასე მაგალითად, „ფულჰემის“ ნორვეგიელ მცველ ბრედე ჰანგელანდს შვებულება მხოლოდ ორკვირიანი გამოსდის. საქმე ის გახლავთ, რომ ჰანგელანდს ზაფხულში სანაკრებო თამაშებშიც მოუწევს მონაწილეობა.

ჰანგელანდმა თქვა: „ცუდი ის არის, რომ თუ ევროლიგაში თამაშის უფლებას მოიპოვებ, სეზონი მეტისმეტად ადრე დაგეწყება და დასვენებას ვერ მოასწრებ. პრემიერლიგის კლუბები წლის განმავლობაში თერთმეტი თვე და ორი კვირა თამაშობენ. შეუძლებელია, გუნდებს კვლავ მოედანზე გასვლა სთხოვო, როდესაც მათ დასვენება ფიზიკურად სჭირდებათ“.

აღსანიშნავია, რომ „ფულჰემი“ პრემიერლიგის ერთადერთი კლუბია, რომელსაც ამ სეზონში ფეხბურთელი არ გაუგდეს. „ფეარ პლეის“ რეიტინგი ყოველთვიურად ახლდება და მისი შედგენის დროს ითვალისწინებენ ფანების ქცევას, მსაჯებისადმი დამოკიდებულებას და, რასაკვირველია, დისციპლინას მოედანზე.

ბოლოს, აპრილში გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით „ფულჰემი“ დასავლეთლონდონელი მეზობლის, „ჩელსის“ შემდეგ იყო, მაგრამ „ჩელსი“ მათი კონკურენტი არ გახლდათ - „ლურჯები“ მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში გამოვლენ. „ფეარ პლეის“ თვალსაზრისით კარგი პოზიცია აქვს „ტოტენჰემ ჰოთსპურსაც“, მაგრამ როგორც ბოლო ტურებში ირკვევა, ევროლიგაში მოხვედრისთვის არც მას სჭირდება ეს ხერხი - თუ მეხუთე ადგილზე გავა, პირდაპირ, სპორტული პრინციპიდან გამომდინარე იქ ამოჰყოფს თავს.

ზემოთ მოგახსენეთ, რომ 2008-09 წლებში „ფულჰემი“ სწორედ „ფეარ პლეის“ გზით მოხვდა შეჯიბრებაში და ფინალამდე მივიდა, სადაც „ატლეტიკოსთან“ წააგო 1:2. მაშინ ლონდონელებს როი ჰოჯსონი წვრთნიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული