მოღალატე გიგზი მაინც ითამაშებს

AutoSharing Option
დღეს, ინგლისში დიდი სკანდალია: გაირკვა რომ ფეხბურთელი, რომელიც მეოჯახე კაცის სახელით იყო ცნობილი, მაგრამ ცოლს ტელეშოუ Big Brother-ის მონაწილე უელსელ მოდელ აიმოჯენ ტომასთან ღალატობდა, რაიან გიგზი ყოფილა.

გაზეთებსა თუ ინტერნეტ სივრცეში ოსამა ბინ ლადენის მოკვლას არ გამოუწვევია ისეთი ამბავი, 37 წლის გარემარბისთვის ნიღაბის ჩამოხსნამ რომ გამოიწვია. ისტორია ამდენად განსაკუთრებული კი იმან გახადა, რომ სასამართლომ ფეხბურთელის ვინაობის დასახელება და რომანის დეტალების გამომზეურება აკრძალა. კვირების განმავლობაში იწერებოდა „მავან მეოჯახე ვარსკვლავზე“, რომელსაც მეუღლისთვის უღალატია. 28 წლის ქალი ინტერვიუებს ღიად არიგებდა, ტელესტუდიებში ქვითინებდა, მაგრამ
ყოფილ საყვარელს ვერ ასახელებდა.

ბოლო დღეებშიც, საქმე უმაღლესმა სასამართლომ განიხილა და მოქმედი პირის ვინაობის დასახელება კიდევ ერთხელ აკრძალა, მაგრამ სოციალურ ქსელებს რა გინდა უქნა? ის, რომ მოღალატე ქმარი რაიან გიგზი იყო „ტვიტერში“ 75 ათასმა ადამიანმა დაწერა და სახელმწიფო ქვიშაში თავჩარგული სირაქლემას როლში რჩებოდა.

როგორც ჩანს სწორედ ეს ვერ აიტანა პარლამენტის წევრმა დემოკრატიული პარტიიდან, ჯონ ჰემინგმა, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებით ისარგებლა და ხმამაღლა თქვა ის, რაც უკვე, ისედაც ყველამ იცოდა. ასე განსაჯეთ დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა დევიდ კემერონმაც კი თქვა, რომ იცოდა ვისზე იყო ლაპარაკი.

ჩვენ, სასიყვარულო ისტორიისა და ყვითელი სკანდალის დეტალებზე აღარ შევჩერდებით, იმას კი ვიტყვით, რომ უცნაური ბრიტანული „ტრადიციის“ თანახმად, ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, მაინცდამაინც უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ ჩააგდეს შავ დღეში. თუ დაკვირვებიხართ, ინგლისში მსგავსი სკანდალი აუცილებლად მსოფლიოს ჩემპიონატის ან რაიმე უდიდესი საფეხბურთო მოვლენის წინ ტყდება ხოლმე. ახლაც ასეა, შაბათს „უემბლიზე“ ხომ ჩემპიონთა ლიგის ფინალია, სადაც „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბარსელონას“ ხვდება, ხოლო გიგზი, მოგეხსენებათ, „იუნაიტედის“ ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია.

ინგლისის 19-გზის ჩემპიონთა მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა, საზოგადოებრივი ორომტრიალის ეპიცენტრში აღმოჩენილ უელსელს მხარდაჭერა გამოუცხადა. უპირველეს ყოვლისა ფერგიუსონს თავად გიგზისგან უნდოდა გაეგო, რამდენად იმოქმედა მასზე სკანდალმა, შეძლებს თუ არა ის, 28 მაისს, კატალონიელების წინააღმდეგ თამაშს. გიგზს ამ კითხვაზე დადებითი პასუხი გაუცია. სერ ალექსმა, რომელიც სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულით დააჯილდოვეს, მენეჯერთა ასოციაციის მიერ საგანგებოდ მოწვეულ სადილზე თქვა: „დღევანდელ ცხოვრებაში მასმედია სახიფათო მხეცად იქცა. ის ფეხბურთელების ცხოვრების დეტალებში იქექება.“

ამბობენ, რომ ფერგიუსონი საგონებელშია. მას ჯერ არ გადაუწყვეტია, „ბარსას“ წინააღმდეგ, მოედანზე 22 წლის მექსიკელი ხავიერ ერნანდესი გაიყვანოს თუ მის ნაცვლად დამატებითი ნახევარმცველი ათამაშოს. სამაგიეროდ, ეჭვი არავის ეპარება, რომ დაცვაში 30 წლის პატრის ევრა თავის ადგილზე იქნება. დღეს ევრა კმაყოფილებით იხსენებს, რომ შარშან ამ დროს ფერგიუსონმა გუნდიდან წასვლა გადააფიქრებინა.

„ოჯახური მიზეზების გამო შარშან მანჩესტერიდან წასვლა მინდოდა, მაგრამ მწვრთნელი შინ მესტუმრა და გადამაფიქრებინა, რისთვისაც მისი მადლიერი ვარ.“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ წინა დიდი თაობის ვარსკვლავი, ჩემპიონთა ლიგის 1999 წლის მფლობელი, 36 წლის დევიდ ბექჰემი კი ამბობს, რომ სერ ალექსის დღევანდელი შემადგენლობა „ოლდ ტრეფორდის“ ყველა დროის დიადთა შორის ადგილს იმსახურებს.

„ახლანდელი თაობა უკვე „მანჩესტერ იუნაიტედის“ საუკეთესო თაობებს შორის არის. მან ეს შედეგებითაც დაიმსახურა. სიდიადისთვის მეტი რაღაა საჭირო?"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული