ინგლისის ჩემპიონმა ესპანეთის ჩემპიონატში მეშვიდე ადგილზე გასულ მადრიდის „ატლეტიკოს“ მის სანაცვლოდ 18,3 მილიონი ფუნტი ანუ თითქმის 21 მილიონი ევრო გადაუხადა. შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედის“ ახლანდელი გოლკიპერი, 40 წლის ჰოლანდიელი ედვინ ვან დერ სარი შაბათს, ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშებს და კარიერას დაასრულებს.
ინგლისურ პრესაში კარგა ხნის წინ ეწერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ და დე ხეას კლუბმა, მადრიდის „ატლეტიკომ“ საერთო ენა გამონახეს. მაშინვე თითქმის სწორად
ფერგიუსონმა, ჟურნალისტებთან შეხვედრისას თქვა: „დე ხეას თვალი კარგა ხანია დავადგით. ის სწრაფი და, იმავდროულად, მშვიდია. ჩინებულად ეხერხება დაცვის ხელმძღვანელობა. ამ თვალსაზრისით ედვინს ძალიან ჰგავს “.
ერთადერთი, რაც მანჩესტერელ ფანებს შეიძლება არ ესიამოვნოთ, ის გახლავთ, რომ გასულ სეზონში ლა ლიგაში საჯარიმოს გარედან ყველაზე მეტი გოლი სწორედ დე ხეამ გაუშვა. მეორე მხრივ, ეს ახალგაზრდა მეკარე გამორჩეული რომ არის, ფაქტია, რომელსაც ვერსად გავექცევით. მან ძალიან მოკლე ხანში დაიმკვიდრა „ატლეტიკოს“ შემადგენლობაში ადგილი. სხვათა შორის, დაძლია ტრავმები და მათ მიერ გამოწვეული წინააღმდეგობებიც. საბოლოოდ, „მანჩესტერ იუნაიტედზე“ ესპანელმა უფრო კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ვიდრე „შალკეს“ კარის მცველმა, 25 წლის მანუელ ნოიერმა, რომელიც მომავალ სეზონში „ბაიერნში“ ითამაშებს.
„ატლეტიკოს“ აღმასრულებელმა შეფმა მიგელ ანხელ ხილ მარინმა აღნიშნა, რომ აპრილში მათ ორჯერ სცადეს დე ხეასთვის ახალი კონტრაქტი შეეთავაზებინათ:
„ახალი პირობების შესათანხმებლად მას ორჯერ შევხვდით. ახლანდელი ხელშეკრულების თანახმად დე ხეამ „ვისენტე კალდერონზე“ კიდევ სამი წელიწადი უნდა გაატაროს, ამიტომაც დრო იყო ხელფასის გაზრდა შეგვეთავაზებინა - მისი დღევანდელი შემოსავალი აშკარად არ შეესაბამება იმ ფეხბურთს, რომელსაც დავიდი თამაშობს. თუმცა, კონტრაქტი არ განახლებულა, რადგან, დავიდმა გადაწყიტა დაგვტოვოს“.
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ და ესპანელმა მეკარემ ხუთწლიანი თანამშრომლობა გადაწყვიტეს.
თუმცა, დე ხეა ნამდვილად არ იქნება ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც სერ ალექსი ზაფხულში გადაიბირებს. აქტიურად ლაპარაკობენ, რომ მომავალი სეზონიდან „ოლდ ტრეფორდზე“ „ინტერის“ 26 წლის გამთამაშებელს, ჰოლანდიელ ვესლი სნაიდერსაც ვიხილავთ. კიდევ ასახელებენ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ ფეხბურთელებს, 25 წლის ხორვატ ნეხევარმცველ ლუკა მოდრიჩსა და 21 წლის უელსელ გარეთ ბეილს. თითქოსდა გადაწყვეტილია „ასტონ ვილას“ 25 წლის გარემარბის ეშლი იანგის ამბავიც - „იუნაიტედმა“ „ლივერპულს“ აჯობა და იანგი დაიბევა.
აღსანიშნავია, რომ „იუნაიტედის“ საკლუბო ტელევიზიით გამოსვლისას აღმასრულებელმა შეფმა დევიდ გილმა თქვა, რომ გულშემატკივარი ჩვეულებრივზე დატვირთულ ზაფხულს უნდა ელოდნენ.
„ბოლო პერიოდში გუნდიდან გარი ნევილი წავიდა. მიდის ედვინ ვან დერ საარიც და, შეიძლება, პოლ სქოულზიც დაგვემშვიდობოს. ამიტომაც, გასული წლის განმავლობაში ძალიან ბევრს ვმუშაობდით, რათა ზუსტად განგვესაზღვრა რომელ პოზიციებზე გვჭირდებოდა შევსება და კერძოდ რომელი ფეხბურთელების ყიდვა გვინდა. ფაქტია, ალექს ფერგიუსონმა თითქმის 25 წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ ახლების ძველებთან თანდათანობით, უმტკივნეულოდ შერწყმის დიდოსტატია. ბუნებრივია, ამ მიმართულებით კვლავ ძველებურად გავაგრძელებთ მუშაობას. როდესაც გუნდში მაღალი დონის ფეხბურთელები მოგყავს, ტრადიციულად, დიდი გადახალისება იწყება და ეს ახალი სისხლის გადასხმას ჰგავს“ - თქვა გილმა.
რა უთხრა ფერგიმ მარჩელო ლიპის?
საფეხბურთო ცხოვრება, განსაკუთრებით კი სატრანსფერო ზაფხული, იმით არის ძალიან საინტერესო, რომ უამრავ მოულოდნელობას გვთავაზობს. აი, მაგალითად, ფერგიუსონმა თქვა, რომ კრიშტიანო რონალდოსთვის „იუნაიტედის“ კარი მუდამ ღიაა. კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ ეს, შოტლანდიელმა სპეციალისტმა, თავის იტალიელ მეგობარ მარჩელო ლიპის უთხრა. შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ რონალდო 2009 წელს 80 მილიონ ფუნტად მიჰყიდა „რეალს“.
ლიპიმ, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: „ალექსმა მითხრა, რომ რონალდოს ხვალვე სიამოვნებით დაიბრუნებდა. პორტუგალიელთან დაკავშირებით მე და ის ერთნაირად ვფიქრობთ. ჩვენი აზრით კრიშტიანო განსაკუთრებული ფეხბურთელია, რომელსაც გარემარბობის ნიჭიც აქვს და ცენტრალურ თავდამსხმელადაც შესანიშნავად შეუძლია თამაში. თუმცა ამ ორს მისი მესამე და მთავარი უნარი აღემატება - რონალდოს ყოველთვის, ყველა პოზიციიდან გააქვს გოლი.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანო რონალდომ ესპანეთის ახალდასრულებულ ჩემპიონატში „ლა ლიგას“ რეკორდი დაამყარა - ამ ქვეყანაში, ერთ ჩემპიონატში 40 გოლი არასდროს, არავის გაუტანია. სხვა საქმეა, რომ მისი ურთიერთობა „რეალის“ თავკაც ჟოზე მოურინიოსთან ძველებური ვეღარ არის და ფეხბურთელი არ მალავს, რომ თავისი „დიდი მოძღვარი“ სერ ალექს ფერგიუსონი ენატრება.
გიგზის სკანდალი
რაიან გიგზის გარშემო ამტყდარი სკანდალის ამბავი მოგეხსენებათ: გაირკვა, რომ ფეხბურთელი, რომელიც ცოლს უელსელ მოდელ აიმოგენ ტომასთან ღალატობდა და რომლის ვინაობასაც, სასამართლოს ბრძანების შესაბამისად მას-მედია დიდხანს მალავდა, „იუნაიტედის“ 37 წლის ვეტერანია. ასეთი ხმაური, სერ ალექს ფერგიუსონს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, რასაკვირველია, ხელს არ აძლევს და ამიტომაც ის ყოველმხრივ ცდილობს, გუნდი დაიცვას. კერძოდ, შოტლანდიელმა მწვრთნელმა მოახერხა, რომ „იუნაიტედის“ ვარჯიშებზე ფოტო და ტელერეპორტიორები არ დაეშვათ. ფერგიუსონი ყველა ღონეს ხმარობს, რათა პრესკონფერენციებზე ამ თემამ სხვა თემები არ გადაფაროს. გთავაზობთ დიალოგს, რომელიც „იუნაიტედის“ თავკაცსა და „ასოშიეიტედ პრესის“ ჟურნალისტ რობ ჰარისს შორის, შემდეგ კი ფერგისა და მის პრეს-ოფიცერს შორის გაიმართა.
ჰარისი: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი რაიან გიგზია. რამდენად მნიშვნელოვანი როლი დაეკისრება მას შაბათს „ბარსელონასთან“ შეხვედრაში?
ფერგიუსონი: ჩვენთვის ყველა ფეხბურთელი მნიშვნელოვანია.
ამის შემდეგ ფერგიუსონი თავის პრეს-ოფიცერს მიუტრიალდა და „დეილი მეილის“ ინფორმაციით, მათ შორის სიტყვასიტყვით ასეთი ლაპარაკი გაიმართა:
ფერგიუსონი: ვინ არის აი, ის ბიჭი, გიგზზე რომ მკითხა...
პრეს-ოფიცერი: რომელი?
ფერგიუსონი: ახლახან რომ მკითხა.
პრეს-ოფიცერი: მერე გეტყვით.
ფერგიუსონი: ვინ არის?
პრეს-ოფიცერი: მერე გეტყვით.
ფერგიუსონი: პარასკევის პრეს-კონფერენციაზე მოდის?
პრეს-ოფიცერი: ლეპტოპიანზე მეკითხებით, არა?
ფერგიუსონი: ჰო, ლეპტოპიანზე. პარასკევის პრესკონფერენციაზე არ შემოუშვათ. აუკრძალეთ დასწრება.
აღსანიშნავია, რომ ფერგიუსონმა სამი მანჩესტერელი ჟურნალისტი უკვე მოკვეთა პრეს-კონფერენციებიდან, თუმცა, შემდეგ გაარკვია, რომ პარასკევის პრეს-კონფერენციაზე ხალხის დაშვება-არ დაშვება მისი გადასაწყვეტი არ არის - ჩემპიონთა ლიგის ფინალს უეფა ატარებს და აკრედიტაციებსაც ის ანაწილებს. რასაკვირველია, რეაქცია მოჰყვა რობ ჰარისის წინააღმდეგ გამოსვლასაც. „ასოშიეიტედ პრესის“ მენეჯერ-რედაქტორმა, ლუ ფერარამ განაცხადა: „რობ ჰარისი თავის საქმეს აკეთებდა, მან კითხვა დასვა. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ მას უფრო მეტი კითხვის დასმის შესაძლებლობა მიეცემოდა, რადგან ის მსოფლიოს ყველაზე პოლულარულ სახეობაზე წერს“.
და მართლაც, ჰარისს, რასაკვირველია არაფერი დაუშავებია. ყველაფერს აჯობებდა, გიგზს სკანდალში არ გაეყო თავი: ან ცოლისთვის არ ეღალატა ან მოდელთან რომანის ამბავი კარგად დაემალა.
ერთი სიტყვით, გიგზის გარშემო მართლაც დიდი ვნებათაღელვაა და ამის დასტური მისი სახლის წინ ჩამსხვრეული მანქანებიც გახლავთ. ეს, ნიღბიანი ადამიანების ჯგუფმა, პაპარაცების დასაშინებლად გააკეთეს. პოლიციის მონაცემებით, ნიღბიანთა ჯგუფს ექვსი მანქანა ემსხვერპლა. დამნაშავეები გიგზის სახლთან „ფორდ ტრანზიტით“ მივიდნენ, მანქანიდან გადმოვიდნენ, ვანდალიზმის აქტი ჩაიდინეს და თავიანთი მანქანითვე გაუჩინარდნენ.