ხვალ იყო ფინალი - შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
ცნობილი გახდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცი, სერ ალექს ფერგიუსონი ხვალ, 28 მაისს „უემბლიზე“, ჩემპიონთა ლიგის ფინალში, „ბარსელონას“ იმავე შემადგენლობას დაუპირისპირებს, რომლითაც „შალკეს“ გერმანიაში ეთამაშა.

შეგახსენებთ, რომ „იუნაიტედმა“ გერმანულ გუნდს იმ შეხვედრაში 2:0 მოუგო, ფერგიუსონმა კი თქვა: „მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაში რამდენიმე საუცხოო მატჩი ჩავატარეთ, რომელთაგან საუკეთესო დღევანდელი იყო“.

გამოდის, რომ პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი, 30 წლის ბულგარელი დიმიტარ ბერბატოვი და თანაგუნდელების მიერ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებული, 24 წლის პორტუგალიელი ნანი სათადარიგოთა სკამზე ისხდებიან. სამაგიეროდ, მარჯვენა ფრთას 25 წლის ეკვადორელ ანტონიო ვალენსიას
ჩააბარებენ. მოგეხსენებათ, ვალენსია თვეების განმავლობაში მკურნალობდა კოჭის ტრავმას, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ მოედანს ეფექტურად დაუბრუნდა.

ყურადღებას იქცევს ისიც, რომ ნახევარდაცვაში პოლ სქოულზის, ანდერსონის ან დარენ ფლეტჩერის ადგილს მაიკლ ქერიკი დაიკავებს - ქერიკმა სეზონის მეორე ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა. ნახევარდაცვის შუაში 37 წლის ვეტერანი რაიან გიგზი ითამაშებს - უელსელი ვარსკვლავი ახალ ამპლუას შეეჩვია და, თან, როგორც ამბობენ, მოედანსმიღმა სკანდალმა არ დათრგუნა. ნახევარდაცვის მარცხენა ფრთაზე 30 წლის კორეელ ჯი-სუნ პარკს ვიხილავთ, „ბარსას“ კარს კი 22 წლის მექსიკელი ჩიჩარიტო, იგივე ხავიერ ერნანდესი და 25 წლის უეინ რუნი შეუტევენ.


ტყუპები
დაცვის მარჯვენა ფრთაზე და სილვათაგან რაფაელი ითამაშებს - მისი ტყუპისცალი ფაბიო კი თანაგუნდელებს სათადარიგოთა სკამიდან დაუჭერს მხარს. და სილვები 20 წლის ბრაზილიელები არიან და ისე გვანან ერთმანეთს, რომ ფაბიომ რაფაელს რომ სთხოვს, ფინალში მათამაშეო, ალექს ფერგიუსონმა შეიძლება ვერაფერი გაიგოს, თუმცა... ფაბიოს თითზე საქორწინო ბეჭედი უკეთია და მწვრთნელის ერთი შანსიც ეს არის.

რაფაელი ამბობს: „მწვრთნელი როგორ გაგვარჩევს, როდესაც, ხანდახან, მშობლებიც ვერ გვარჩევენ, თუმცა ეს გარეგნულად, პიროვნულად კი ბევრი რაღაცით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. თანაგუნდელები? ისინი მხოლოდ ფაბიოს საქორწინო ბეჭდით ხვდებიან რომელი რომელი ვართ. ისე, მეც ცოლიანი ვარ და ბეჭედი რომ გავიკეთო, მერე აღარ ვიცი რა მოხდება.

სერ ალექსს, როგორც გითხარით, ჩვენი გარჩევა უჭირს, მაგრამ მისთვის ოინის გაკეთება ჩემს მტერს. ასეთი რამ თავში აზრადაც არ მოგვსვლია. ეს კაცი ჩვენთვის მამასავით არის, მამამ კი ცელქობისთვის შეიძლება ისე დაგსაჯოს, რომ ინანო. ისე კი, ბიჭებთან გვიხუმრია - რამდენჯერმე, ვარჯიშზე, მართლა გავცვალეთ მაისურები.“

შემდეგ კი რაფაელი ყვება რა განსხვავებაა მასსა და მის ძმას შორის: „მე სახეზე მაქვს რაღაც ნიშნები, რომლებიც ფაბიოს არ აქვს. ბუნებით მე უფრო აგრესული ვარ, ფაბიო კი მშვიდია“.

რაფაელის აგრესიულობა მოედანზე (რაკიღა ჩემპიონთა ლიგაზე ვლაპარაკობთ, მაგალითიც ამ შეჯიბრებიდან მოვიტანოთ), გასულ სეზონში, „ბაიერნთან“ შეხვედრაში გამოჩნდა, როდესაც მან ფრანკ რიბერის მაისურზე დაქაჩვისთვის მეორე ყვითელი მიიღო და მოედანი დატოვა.

„იმ შემთხვევამ ბევრი რამ მასწავლა. მაშინ უფრო ახალგაზრდა ვიყავი და, ალბათ, იმიტომაც შევცდი. იმედი მაქვს მსგავსი რამ აღარ მომივა. დღეს გაცილებით უფრო გაწონასწორებული ვარ“, - ამბობს მცველი.

ხოლო ის, რომ ორი ძმიდან ერთი ხშირად თამაშობს, ხოლო მეორეს არ უმართლებს, მათზე რასაკვირველია, მოქმედებს. რაფაელი ამბობს:

„ეს მართლაც რთული ვითარებაა. ჩვენ ორივეს ძალიან გვინდა თამაში და იმის ცოდნა, რომ ტყუპისცალი ამას ვერ ახერხებს, ძალიან, მოქმედებს. ჩვენი მშობლებიც უკმაყოფილოები არიან. მათ ურჩევნიათ მე ერთ ფრთაზე ვითამაშო და ჩემმა ძმამ მეორეზე, ვიდრე ერთმანეთის კონკურენტები ვიყოთ. დღეს ჩვენ ხომ ერთ პოზიციაზე გვათამაშებენ და შესაბამისად ერთის მოედანზე ყოფნა, მეორის სათადარიგოთა სკამზე ჯდომას ნიშნავს. თუმცა, ჩვენ იმდენად ახლოს ვართ, რომ ერთმანეთის წარმატება გვიხარია. ამასთან, ჯერ ძალიან ახალგაზრდები ვართ და წინ მთელი კარიერა გველის. ეჭვი არ მეპარება, რომ მომავალში ცხოვრება გაცილებით იოლად წავა. ჩემი ძმა ჩემი საუკეთესო მეგობარია და მე ვამაყობ ასეთი ძმა რომ მყავს.“

სტატისტიკურად კი ძმების საქმე ასეა: რაფაელმა 25 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო ფაბიომ თხუთმეტში. რასაკვირველია, ამაში ფაბიოს ტრავმამაც ითამაშა თავისი როლი.

ბრაზილიელი ტყუპები „მანჩესტერ იუნაიტედში“ „ფლუმინენსედან“ 2008 წლის იანვარში გადავიდნენ, თუმცა ინგლისურ გუნდთან კონტრაქტს ხელი მანამდე, 2007 წელს მოაწერეს. საგულისხმოა, რომ მანჩესტერში გადასვლამდე ძმებს ძირითად შემადგენლობაში ფეხბურთი ნათამაშები არ ჰქონდათ. რაფაელი აღიარებს:
„მანჩესტერში რომ ჩამოვედით, იმდენი ვარსკვლავი დავინახეთ, რომ გვარიანად შევშინდით. კიდევ კარგი კლუბში ყველამ მოინდომა და ორ ბრაზილიელ ბავშვს მხარდაჭერა გვაგრძნობინა.“

ფაბიო კი განსაკუთრებით რიო ფერდინანდს აქებს: „ყველასთან საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ რიო ფერდინანდისნაირი ადამიანი არ შემხვედრია. ის ძალიან მხიარულია. ისე, ანდერსონიც კარგი შექანებულია.“
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული