მაშ, ვინ გაწვრთნის ”ლურჯებს”?

AutoSharing Option
დავიწყოთ იმით, რომ ჟოზე მოურინიომ „ჩელსიში“ დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ყვითელი გაზეთები ცდილობენ ამ ამბავს სიმძაფრე შემატონ და ასე წერენ: მოურინიომ რომან აბრამივიჩს ზედაც არ შეხედა. მან თქვა, რომ კარლო ანჩელოტის შეცვლა არ აინტერესებს.

ცნობა „განსაკუთრებულის“ უარის შესახებ ყველაზე მეტად „ლურჯების“ იმ გულშემატკივარს დაწყვეტდა გულს, რომელმაც ანჩელოტის თანამდებობიდან გაშვებისთანავე პორტუგალიელის დაბრუნება მოითხოვა. დასავლეთლონდონელ ქომაგთა ბანაკში მოურინიოს მომხრენი მრავლად არიან. „რეალის“ თავკაცის პოზიცია ინგლისურ გაზეთებს თავდაპირველად მისმა მეგობარმა გააცნო. მან თქვა:

„ჟოზეს არასდროს დაუმალავს, რომ „ჩელსის“ მის გულში საგანგებო ადგილი უჭირავს და
ოდესმე აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ის „სტემფორდ ბრიჯზე“ დაბრუნდება. მეორე მხრივ კი იგი ხედავს, რომ მისი წასვლის შემდეგ დასავლეთლონდონელთა კლუბში არაფერი შეცვლილა. იქ იმავე შეცდომებს უშვებენ, რომელზეც წლების წინ ის ამახვილებდა ყურადღებას. რომან აბრამოვიჩის ირვგლივ სულ რაღაც პრობლემებია, რაც საბრალო კარლო ანჩელოტიმ თავის თავზე იწვნია.“

როდესაც აბრამოვიჩმა ანჩელოტი გაუშვა ხალხმა მოურინიო იმიტომაც გაიხსენა, რომ მან თქვა, ჩემი მომავალი სამსახური ინგლისში იქნებაო. როგორც ჩანს, დასკვნა ნაჩქარევი იყო.

ამასობაში, ითქვა, რომ აბრამოვიჩის ხალხმა „მალაგას“ ჩილელ თავკაც 57 წლის მანუელ პელეგრინის მიმართა. როგორც ჩანს, „ლურჯები“ ბოლო სამ წელიწადში თავიანთ მეხუთე თავკაცად პელეგრინისაც მოიაზრებდნენ, მაგრამ არც ამ საქმიდან გამოვიდა რამე. პელეგრინი, მოგეხსენებათ, „მალაგამდე“ „რეალს“ ედგა სათავეში. ჩილელის აგენტმა, ხესუს მარტინესმა თქვა:

„უმწვრთნელო გუნდის მხრიდან სხვადასხვა სპეციალისტებთან დაკავშირება ნორმალური ამბავია, მაგრამ მანუელი „მალაგაში“ თავს შესანიშნავად გრძნობს. მან ამ გუნდს დიდი ძალ-ღონე შეალია და გრძნობს, რომ საქმე ბოლომდე ჯერ არ მიუყვანია.“

და ბოლოს, კაცი, რომლის დაქირავებაც რუს ოლიგარქს ყველაზე მეტად უნდა - თურქეთის ნაკრების თავკაცი, 64 წლის ჰოლანდიელი გუს ჰიდინკი. აბრამოვიჩს მანაც ზურგი აქცია, განაცხადა, რომ მთელი მისი ყურადღება დღევანდელი სამსახურისკენ არის მიმართული. სატალელვიზო შოუ, „100 პროცენტით ფეხბურთი“-ს წამყვანთან საუბარში მან თქვა:

„ამ ბოლო დროს უამრავი ჭორი წავიკითხე. ჩემს გარშემო დიდი მითქმა-მოთქმაა, მაგრამ მე ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ერთადერთი რამ, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ კარგად თამაში მაინტერესებს. ჩემი გონება მხოლოდ თურქეთის ნაკრებით არის დაკავებული. შემდეგ პარასკევს უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველის.

არ დაგიმალავთ, გულს მაკლია, რომ ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ცოტა თამაში მაქვს ჩატარებული. ფეხბურთელებთან ყოველდღიური მუშაობა მომენატრა, მაგრამ ნაკრების მწვრთნელი გახლავართ და ეს შეუძლებელია. მეორე მხრივ კი, არავის ვათქმევინებ, რომ გონება სხვაგან მქონდა და თურქეთის ნაკრები ბელგიელებთან სათამაშოდ ამიტომ ვერ მოვამზადე. არანაირ ჭორს არ ვყვები, სრულად მობილიზებული გახლავართ.“
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული