"ჩელსი" არ გამაგონოთო

AutoSharing Option
პირადად რომან აბრამოვიჩმაც რომ მთხოვოს, „ჩელსიში“ ცოცხალი თავით არ დავბრუნდებიო, ამბობს „ლურჯების“ მწვრთნელის ყოფილი ასისტენტი, რეი უილკინსი. მოგეხსენებათ, სეზონის დამთავრების შემდეგ, დასავლეთლონდონელთა მეპატრონემ მწვრთნელი კარლო ანჩელოტიც გააგდო. მის შემცვლელს ჯერ კონკრეტულად ვერ ასახელებენ, თუმცა ცნობილია, რომ აბრამოვიჩს ყველაზე მეტად გუს ჰიდინკის მიყვანა უნდა. ხალხი კი, ამასობაში, ნოემბერში გაშვებული უილკინსის დაბრუნებასაც ითხოვს.

თუმცა, უილკინსს საკუთარი პოზიცია აქვს: „ამ კლუბთან ჩემი ურთიერთობა დასრულებულია. როდესაც ადამიანი საქმეში იმდენ ფულს ჩადებს, რამდენიც აბრამოვიჩმა „ჩელსიში“ ჩადო, უფლება აქვს რაც უნდა ის გააკეთოს. „სტემფორდ ბრიჯზე“ ჩემი
ყოფნა აღარ უნდოდა? აღარც ვარ „ჩელსის“ თანამშრომელი. მე კლუბიდან გამაგდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მორჩა და გათავდა, ჩემი ცხოვრების ამ ეპიზოდს მტვერი მიეყარა. არ გახლავართ ის ადამიანი, რომელიც იტყვის, ყველაფრის მიუხედავად იქ ყოფნა მინდაო და დაბრუნდება“.

54 წლის რეი უილკინსი ის კაცია, ვინც ფეხბურთელობაში „ჩელსის“ ექვსი წელიწადი ემსახურა. ინგლისის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ (83 თამაში, 3 გოლი), რომელიც „უემბლიზე“ „ნივეას“ სარეკლამო ღონისძიებაზე გამოჩნდა, თქვა, რომ მისი აზრით, აბრამოვიჩის მხრიდან ანჩელოტის გაგდებაც უდიდესი შეცდომა იყო. ყოფილმა ნახევარმცველმა, რომლის კარიერაც მთელი 26 წელიწადი გაგრძელდა, თქვა:

„ფანებს კარლო ძალიან უყვარდათ. ახლა ყველა იმას მარჩიელობს, ვინ მივა მის ადგილზე, მაგრამ, ძალიან მაინტერესებს, ვინც არ უნდა იყოს, კარლოზე უკეთესი როგორ იქნება. მე, პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ კარლოზე უკეთესს ვერ მიიყვანენ.

გუს ჰიდინკი? რატომაც არა, კარგი ვარიანტია. მე მასთან ერთად სამი თუ ოთხი თვე ვიმუშავე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ თურქეთის ნაკრებს თავს დაანებებს და „ჩელსიში“ წამოვა. ის ბუნებით ერთგული ადამიანია და თუ თურქები ეტყვიან, რომ მათ სჭირდებათ, ბოლომდე გვერდში დაუდგება“.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული