როგორც ცნობილია, 64 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტი თურქეთის ნაკრებს უდგას სათავეში. მისი ხელმძღვანელობით ეს გუნდი ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ მიიწევს, მაგრამ ჰიდინკს წამოცდა, რომ თუ საშუალება მიეცემა, არ გაჯიუტდება და მართლაც დაბრუნდება იქ, სადაც 2009 წლის გაზაფხულზე უკვე მოსინჯა ძალა - ლუიშ ფელიპე სკოლარის წასვლის შემდეგ სეზონი ჩაამთავრა და კარგი სახელიც დაიგდო.
ჰიდინკი „ჩელსის“ წინადადებას უყურადღებოდ რომ არ დატოვებდა, მოსალოდნელიც იყო. ეს ჯერ კიდევ
დღეს თურქეთის ნაკრები 3 ივნისს ბელგიაში სათამაშოდ ემზადება. გუნდი 9 ქულით მე-3 ადგილზეა, ბელგიელებს კი 10 ქულა აქვთ და მე-2 პოზიციაზე არიან. შეკრებაზე მყოფ ჰიდინკს ჟურნალისტები, რასაკვირველია, მოსვენებას არ აძლევენ, სულ „ჩელსიზე“ ეკითხებიან. ნიშანდობლივი იყო ჰოლანდიელის ერთი პასუხი:
„დღეს, თურქეთის ნაკრების გამო გონება მთლიანად ბელგიაში თამაშზე რომ არ მქონდეს გადართული, „ჩელსიზე“ აუცილებლად ვიფიქრებდი“ - თქვა მწვრთნელმა.
თუმცა, მეორე მხრივ, თითქმის ყველა ვინც ჰიდინკს იცნობს, ამბობს, რომ ის თურქებთან კონტრაქტს არ გაწყვეტს, რადგან საქმის შუა გზაში მიტოვება ჩვევად არ აქვს. თუ ჰოლანდიელი მოახერხებს და გუნდს A ჯგუფში მეორე ადგილზე გაიყვანს, პლეი ოფში მოხვდება და დიდი შანსია პოლონეთსა და უკრაინაში დანიშნულ ფინალურ ეტაპზეც გავიდეს. ჰოლანდიის, ავსტრალიის, კორეისა და რუსეთის ნაკრებთა ყოფილმა თავკაცმა თქვა:
„კონკრეტული არაფერია, ჭორებს კი ზედმეტად არ უნდა აჰყვეთ. საქმიანი ჯერ არაფერი მომხდარა. ზუსტად მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ პარასკევს ბელგიაში უდიდესი მნიშვნელობის თამაში მაქვს ჩასატარებელი, მერე კი ვნახოთ ვინ რას იტყვის და რა ნაბიჯს გადადგამს“.
თუმცა, „ჩელსის“ ყოფილი თავდამსხმელი, დღეს დასავლეთლონდონელ 16 წლამდელთა მასწავლებელი და „ნაიკის აკადემიის“ მწვრთნელი ჯიმი-ფლოიდ ჰასელბაინკი, რომელიც უეფას A ლიცენზიის მიღებას ცდილობს, ამბობს, რომ კარლო ანჩელოტის რასაკვირველია ჰიდინკი შეცვლის და ამაში ეჭვის შეტანაც კი არ შეიძლება.
„მე მას ძალიან კარგად ვიცნობ - თქვა ჰასელბაინკმა - ჰოლანდიაში პირველი თასი სწორედ ჰიდინკის ხელმძღვანელობით მოვიპოვე. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია, 2009 წელს „ჩელსიში“ იყო და მართლა დაატყო გუნდს თავისი ხელი - საკმაოდ ღრმა კვალი დატოვა. ამიტომაც, ძალიან კარგად მესმის, რომ „ლურჯების“ ხელმძღვანელებს მისი დაბრუნება უნდა“.
და სანამ დიდი ბჭობაა გამართული იმის გამო გახდება თუ არა ჰიდინკი „ჩელსის“ ახალი თავკაცი, „ლურჯების“ ყოფილი ფეხბურთელი, ფრანგი მარსელ დესაი, რომელიც კვლავ კლუბის სტრუქტურაშია და აკადემიაში ფეხბურთელებს ზრდის, ანჩელოტის გაგდებაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს:
„ასეთია მწვრთნელის ცხოვრება. კი ბატონო, პირველ წელიწადს მას წარმატებები ჰქონდა და ორი ჯილდო მოიპოვა კიდეც, მაგრამ მეორე წელიწადს ხელცარიელი დარჩა და კლუბის მეპატრონეს ეს აღარ მოეწონა. თუ მიაქციეთ ყურადღება, ფეხბურთელები არავის გაუკრიტიკებია, მწვრთნელს კი უთხრეს, რომ ვალდებული იყო უკეთ ემუშავა.
სავარაუდო კანდიდატთაგან მე ყველაზე მეტად ბუქმეიქერების ფავორიტ ჰარი რედნაპს ვემხრობი, მაგრამ ვფიქრობ ყველაფერზე მთავარია დრო არ დავკარგოთ. მწვრთნელის არჩევას არ უნდა გადავყვეთ და მზადება დროულად უნდა დავიწყოთ“.