ჩიჩარიტო ფეხბურთიდან მიდიოდა

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ 22 წლის მექსიკელი თავდამსხმელი ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო ამბობს, რომ ორი წლის წინ კინაღამ ფეხბურთს დაანება თავი. მისი ოჯახი და „ოლდ ტრეფორდზე“ გადაბარგება რომ არა, შესაძლოა მისი ბედი სულ სხვანაირად წარმარტულიყო.

ჩიჩარიტო გასულ სეზონში „იუნაიტედის“ ვარსკვლავი იყო. სერ ალექს ფერგიუსონის გუნდმა პრემიერლიგის მე-19 ტიტული მისი დიდი დახმარებით მოიპოვა, არადა მექსიკაში ორი სეზონის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გატანილი. „ჩივასის“ მწვრთნელმა ეფრაინ ფლორესმა მის ძირითად შემადგენლობაში დაყენებასაც კი დაანება თავი.

„ძალიან ცოტას მათამაშებდნენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ მწვრთნელს ამოჩემებული ვყავდი,
რის გამოც გუნება მქონდა გაფუჭებული. ამან საკუთარი თავის რწმენა შემირყია. საბოლოოდ ისეთ მდგომარეობაში ჩავვარდი, რომ ფეხბურთის თამაში აღარც კი მსიამოვნებდა. გამოსავლის ძიებაში ოჯახს მივმართე. ჩემებს ვკითხე ღირდა თუ არა კარიერის გაგრძელება.

ჩემებმა შემახსენეს, რომ ჩემი ოცნება ყოველთვის ფეხბურთელობა იყო, მის ასახდენად დიდძალი დრო და ენერგია დავხარჯე და ამიტომ თავის დანებება არ ივარგებდა. მათ ბრძოლა მირჩიეს, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მირჩიეს ფეხბურთისთვის გემო ჩამეტანებინა“.

საბედნიეროდ, ერნანდესმა პროფესია არ შეიცვალა და 2010 წლის აპრილს „მანჩესტერ იუნაიტედთან“ კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, აქ კიდევ ერთი საინტერესო დეტალის გახსენება შეიძლება: ერნანდესის და „იუნაიტედის“ კონტრაქტის შესახებ არავის უნდა სცოდნოდა.

„მე და მამაჩემი კატეგორიულად გაგვაფრთხილეს, რომ ორი თვის განმავლობაში მანჩესტერის ამბავი არავისთვის გვეთქვა, მეგობრებისა და ოჯახის სხვა წევრებისთვისაც კი. ეს ძალიან ძნელი იყო, რადგან მე დიდი ოჯახი მყავს, სადაც ერთმანეთთან ყველა ახლოს არის. ჩვენ ერთმანეთს ჭირსა და ლხინს ვუზიარებთ, თუმცა მე და მამა მოვახერხეთ და საიდუმლო არ გავთქვით“.

ჩიჩარიტო ამბობს, რომ ინგლისური ფეხბურთი ძნელი შესაგუებელი აღმოჩნდა: „პირველსავე ვარჯიშზე მივხვდი, რომ ფიზიკურ მომზადებაში სერიოზულად მოვიკოჭლებდი. ჩემი არგუმენტი არც სიმაღლეა და არც აღნაგობა, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ფიზიკური მომზადებისთვის უნდა მიმექცია. არ დაგიმალავთ და იმ დღეს, პირველ ვარჯიშზე, ძალიან შევშინდი. მერე კი „ჩელსისთან“ პირველმა თამაშმაც მომიწია და ჯან-ღონის მნიშვნელოვნებას კიდევ უფრო მძაფრად მივხვდი“.

როგორც ხედავთ, ინგლისში ახალგადაბარგებული მექსიკელი ვერც კი ხვდებოდა, რომ სულ მალე გუნდის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა გახდებოდა. მის გამო პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი დიმიტარ ბერბატოვი სათადარიგო ფეხბურთელი გახდა.

„ასეთი დიდი კლუბი მსოფლიოში სხვაგან არსად მეგულება. აქ ყველაფერს აკეთებენ, რომ ფეხბურთელმა თავი ბედნიერად იგრძნოს. პირველივე სეზონში თავი ისე ვიგრძენი თითქოს უკვე სამი წელიწადია აქ ვარ“ — ამბობს ჩიჩარიტო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული