სავარაუდო ტრანსფერი - ბერბა ”კაჭკაჭებს” უნდათ

AutoSharing Option
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ბულგარელი თავდამსხმელის, 30 წლის დიმიტარ ბერბატოვის ყიდვა „ნიუკასლს“ უნდა. თავად ბერბატოვიც წასვლას ეშურება - პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი ჩემპიონთა ლიგის ფინალში სათადარიგოთა სკამზეც კი არ დასვეს და შეურაცხყოფილია. „კაჭკაჭების“ მწვრთნელი ალან პერდიუ კი მზად არის ბულგარელის სანაცვლოდ 7,5 მილიონი ფუნტი გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ იანვარში პერდიუმ „ლივერპულს“ ენდი ქეროლი მიჰყიდა, ამ ვაჭრობამ 35 მილიონი ფუნტი მოუტანა და ახლა მზად არის სატრანსფერო ბაზარზე თამამად გავიდეს.

ბომბარდირობა რომ ვახსენეთ, დავაზუსტებთ: ბერბატოვის მსგავსად 20 გოლი „მანჩესტერ სიტის“ არგენტინელმა ფორვარდმა, 27 წლის კარლოს ტევესმაც
გაიტანა, მაგრამ ის ბულგარელს მხოლოდ იმიტომ დაეწია, რომ „იუნაიტედის“ მწვრთნელმა,სერ ალექს ფერგიუსონმა, თავისი ყველაზე უხვგოლიანი თავდამსხმელი გაზაფხულზე სათადარიგოთა სკამზე დასვა. ბუნებრივია, რომ ასეთი მოპყრობის შემდეგ ბერბატოვი ეძებს კლუბს, სადაც მას ძირითადის წევრად მიიჩნევენ და ჩინებულ ფორმაში მყოფს რეზერვში არ გააგდებენ.

როგორი დამოკიდებულება აქვს ბერბატოვს „ნიუკასლთან“? ამბობენ, რომ ფორვადს, რომელიც „იუნაიტედში“ 2008 წელს „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან“ 35,75 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ გადავიდა, ბავშვობაში კერპი ჰყავდა და ის „კაჭკაჭთა“ ლეგენდა ალან შირერი იყო.

საინტერესო ფაქტია: სეზონის დასრულების შემდეგ ბერბატოვი ბულგარეთში არ დაბრუნებულა. მეტიც, ის სულაც არ აღმოჩნდა გულღრძო ადამიანი და ორშაბათს, თანაგუნდელებთან ერთად მანჩესტერის ქუჩებში ინგლისის ჩემპიონობა იზეიმა.

გადავა ბულგარელი „ნიუკასლში“? ამ კითხვაზე კატეგორიული პასუხის გაცემა შეიძლება ნაადრევი იყოს. სავარაუდოდ, ბერბატოვის დონის თავდამსხმელს ჯერ კიდევ ბევრი კლუბი შესთავაზებს თანამშრომლობას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული